Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი შორი მანძილის რაკეტების გამოცდას აწყობს


ორშაბათს, კვირას მოწყობილი ახლო მანძილის რაკეტებისა და რაკეტის გამშვებების გამოცდის შემდეგ, ირანმა ორი შორი მანძილის რაკეტის გამოცდა მოაწყო. თეირანის შეფასებით, ამ რაკეტებს ისრაელამდე მიღწევა შეუძლიათ. ეჭვგარეშეა, რომ ეს ახალი ამბავი კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობის ხარისხს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. რამდენიმე დღეში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების დიპლომატებმა ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ უნდა იმსჯელონ იმის გამო, რომ ირანი არ ააშკარავებს ინფორმაციას თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ.

ირანის ელიტურმა დანაყოფმა - რევოლუციურმა გვარდიამ - ორი განსხვავებული ტიპის გრძელი მანძილის რაკეტის გამოცდა მოაწყო. როგორც ვარაუდობენ, ორივე რაკეტას 2,000 კილომეტრის რადიუსზე შეუძლია მოქმედება, რაც საკმარისია იერიშის მისატანად ისრაელზე ან სპარსეთის ყურეში შეერთებული შტატების ბაზებზე. ერთ-ერთი რაკეტა ”შაჰაბ-3-ის” ტიპის იყო, მეორე კი - კიდევ უფრო ახალი, ორსაფეხურიანი ”სეჯილი”.

ორშაბათს რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალმა ჰუსეინ სალამიმ, დაადასტურა, რომ ”შაჰაბ-3”-ის გამოცდა წარმატებული იყო:

”კვირას დაწყებული წვრთნების მეორე დღეს ხმელეთი-ხმელეთის რაკეტა ”შაჰაბ 3”-ის წარმატებული გამოცდა მოეწყო. ასევე გაშვებულ იქნა მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტები.”

სალამის არ დაუკონკრეტებია ’სეჯილის” გამოცდის შედეგი. ”შაჰაბ-3-თან” შედარებით, ორსაფეხურიანი ”სეჯილი” ტექნოლოგიურად უფრო დახვეწილი და უფრო რთული მოწყობილობაა. ის მხოლოდ მყარ საწვავს იყენებს, რაც, ექსპერტების თქმით, აუმჯობესებს მის უნარს, მიზანში ამოიღოს ობიექტები.

ეჭვგარეშეა, რომ ორშაბათსა და კვირას ჩატარებული ცდები კიდევ უფრო გაზრდის უკვე არსებულ დაძაბულობას ირანსა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებსაც თეირანის ბირთვული პროგრამა აშფოთებთ.

გასულ კვირაში ირანმა პირველად აღიარა, რომ თავის ტერიტორიაზე მეორე ბირთვულ ობიექტს ამუშავებს.

შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა ირანი გააკრიტიკეს ამ ახალი, ”საიდუმლო” ობიექტის გამო, მაგრამ ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კრიტიკა უარყვეს და განაცხადეს, რომ ობიექტის ირგვლივ ”გასაიდუმლოებული” არაფერი ყოფილა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰასან ყაშყავიმ თქვა, რომ რაკეტების გამოცდა ირანის თავდაცვის უნარის გაზრდის მიზნით წარმოებული წვრთნის ნაწილი იყო და რომ ამ რაკეტების გამოცდასა და ირანის ბირთვულ პროგრამას შორის კავშირი არ არსებობს:

”რაკეტების გამოცდის მთავარი მიზანი თავდაცვითი ხასიათისაა. სარაკეტო ტექნოლოგიაში პროგრესი გვაქვს და ამიტომ ასეთი გამოცდების ჩატარება გვჭირდება - ისევე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. ამ სარაკეტო მანევრებსა და ჩვენს მშვიდობიან ბირთვულ აქტივობას შორის კავშირი არ არსებობს. ეს სამხედრო წვრთნაა, რაც ერთგვარად შემაკავებელ ხასიათს ატარებს, და ატომურ პროგრამასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ამ გამოცდებში არაფერია ახალი.”

ამის მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნებმა მწვავე შეშფოთება გამოთქვეს ირანის მიერ რაკეტების გამოცდის გამო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს თეირანს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "ღრმად მადესტაბილიზებელი ქმედებები". ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ შეშფოთება გამოხატა და მანაც თქვა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საკითხები, რომლებიც ურანის გასამდიდრებელი მისი ახალი ობიექტის გარშემო წარმოიშვა.

1 ოქტომბერს შეერთებული შტატების, ჩინეთის, რუსეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ. მათ უნდა განსაზღვრონ, რა ზომები გაატარონ ირანთან მიმართებით იმის გამო, რომ თეირანი ბოლომდე არ ასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და არ ააშკარავებს თავისი ბირთვული პროგრამის დეტალებს.

შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ისრაელი და სხვა ქვეყნები ეჭვობენ, რომ ირანის სამოქალაქო ბირთვული პროგრამა მხოლოდ პირველი საფეხურია ატომური იარაღის შექმნის პროცესში. თეირანი კი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამის ერთადერთი მიზანი ენერგიის სამოქალაქო მიზნებისთვის წარმოებაა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG