Accessibility links

28 სექტემბერს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, მურთაზ ზოდელავა, დაინიშნა. ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ საკადრო ცვლილებით პროკურატურის საქმიანობა მეტად ეფექტიანი გახდება.

სოხუმში დაბადებული 33 წლის მურთაზ ზოდელავა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მსახურობდა. სხვადსხვა დროს მუშაობდა კერძო კომპანიაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, 2008 წლიდან კი მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი იყო. მურთაზ ზოდელავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული თითქმის ყველა კანონპროექტის თანაავტორი, ამბობს, რომ გასაკეთებელი პროკურატურაშიც ბევრი ექნება:

”პრიორიტეტი იქნება, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, მეტი გამჭვირვალობა და, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის შიდასტრუქტურული ელემენტების გაძლიერება, მაგრამ ეს არ ნიშანვს იმას, რომ ძირითად მიმართულებებს ვასუსტებთ. ცხადია, ჩვენი ძირითადი ფუნქცია არის დანაშაულთან ბრძოლა - იგულისხმება როგორც ზოგად, ასევე ცალკეული ტიპის დანაშაულთან (მაგალითად, კორუფციასთან) ბრძოლა - და, მათ შორის, პრევენციული ღონისძიებების გატარების გზითაც.“

ეს განცხადება მურთაზ ზოდელავამ 28 სექტემბერს, თანამდებოაზე დანიშვნის შემდეგ, გააკეთა, თუმცა მისი ყოფილი კოლეგა საპარლამენტო უმცირესობიდან, გია ცაგარეიშვილი, ვარაუდობს, რომ ახალი მთავარი პროკურორი სულ სხვა საქმეებით - ხელისუფლების მითითებების აღსრულებით - იქნება დაკავებული:

„იგი ინკვიზიტორის ყველა თვისებით არის დაჯილდოებული! არის საკმაოდ ხისტი ურთიერთობებში, ვერ იტანს განსხვავებულ მოსაზრებას და არის უსიტყვო შემსრულებელი ზემოდან წამოსული ყველა მითითებისა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ცაგარეიშვილმა, რომელმაც, მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან შეიტყო, რომ ხელისუფლება უკმაყოფილო იყო ყოფილი მთავარი პროკურორის, მამუკა გვარამიას, საქმიანობით და რომ მისი შეცვლა იგეგმებოდა, რადგანაც ეს უკანასკნელი არ ითვალისწინებდა პარტიულ ინტერესებს და ამის გამო დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან მისი საქმიანობით უკმაყოფილონი იყვნენ.

გია ცაგარეშვილისგან განსხვავებით, პროკურატურაში განხორციელებულ ცვლილებას იწონებს საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, რომლის თქმითაც, ყოფილი მთავარი პროკურორი პასუხისმგებელია 2008 წლის დეკემბერში შეწყალების პროცესში დაშვებულ კანონდარღვევებზე, რასაც, საბოლოო ჯამში, დამნაშავეების უსაფუძვლო გათავისუფლება და მძიმე დანაშაულის მატება მოჰყვა. ლევან ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ ახალი მთავარი პროკურორი მასზე დაკისრებულ მოვალეობას უკეთესად შეასრულებს:

„არ ვარ აგრესიული მურთაზის მიმართ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ინიშნება თანამდებობაზე, უნდა შევუქმნათ იმის განწყობა, რომ შეძლოს კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულება. მოვუწოდებ, წანორბედისაგან განსხვავებით, არ შეასრულოს პოლიტიკური შეკვეთები.“

პროკურატურისათვის პოლიტიკური შეკვეთების მიცემის წინააღმდეგია არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი ლია მუხაშავრიაც, თუმცა ადვოკატი დარწმუნებელია, რომ მამუკა გვარამიას მურთაზ ზოდელავათი ჩანაცვლება თვისებრვად არაფერს შეცვლის:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს ან მოისურვებს დათმოს ის ძალაუფლება, რომელიც პროკურატურამ უვე მოიპოვა თემიდასა და ქართულ მართლმსაჯულებაზე: მოსამართლეები მხოლოდ ნოტარიულად ადასტურებენ პროკურატურის მოთხოვნებსა და პროკურატურაში შედგენილ განაჩენის პროექტებს და აძლევენ მათ კანონიერ სახეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლია მუხაშავრიამ, რომლის თქმითაც, საჭიროა არა ფასადური ცვლილება, არამედ პოლიტიკური ნება და რადიკალური რეფორმა, რათა შეიცვალოს მოქმედი მანკიერი სისტემა, როცა პროკურატურა კი არ ემსახურება მართლმსაჯულებას, არამედ პირიქით, მართლმსაჯულება აღასრულებს პროკურატურისა და ბრალდების მითითებებს.
XS
SM
MD
LG