Accessibility links

logo-print

ორიოდ დღეში სოხუმს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტუმრება


სერგეი ლავროვი (მარცხნივ) და სერგეი ბაღაფში

სერგეი ლავროვი (მარცხნივ) და სერგეი ბაღაფში

თბილისში, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დედაქალაქებსა და მოსკოვში დიდი ინტერესით ელოდებიან საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით. დასკვნის გამოქვეყნების წინ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ევროკავშირის მხრიდან აღიარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი სოხუმში თავისი ვიზიტის განხორციელებისთვის ემზადება.

სერგეი ლავროვი საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის, დედაქალაქში ვიზიტს 2-3 ოქტომბერს განახორციელებს. გავრცელებული ცნობებით, იქ ის სეპარატისტული ხელისუფლების ლიდერებთან კავკასიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს და თან თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან ორმხრივი ურთერთობის საკითხებს განიხილავს. საუბარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გარშემოც წარიმართება. ლავროვი სოხუმში, რა თქმა უნდა, თან რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებს შეხვდება, მათ შორის - მესაზღვრეებსაც.

რუსეთის ოფიციალური პირების სტუმრობა საქართველოს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ყოველ ჯერზე ოფიციალური თბილისის პროტესტის საგანი ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისთან შეუთანხმებელი მსგავსი ვიზიტებით რუსეთის ხელისუფლება საქართველოს კანონმდებლობისა და, ამასთან, საერთაშორისო წესების წინააღმდეგ მიდის. მაგრამ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საპროტესტო მიმართვებს არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

საქართველოს ოკუპირებულ ზონებში რუსეთის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ერთმანეთის მოყოლებით ჩადიან. პუტინის შემდეგ სოხუმს ამჯერად ლავროვი ესტუმრება. მანამდე კი იქ 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე, ზეიმით აღინიშნა.ამ ზეიმზე დე ფაქტო პრეზიდენტი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის - ფსბ-ს - დაქვემდებარებაში მყოფი სასაზღვრო ძალების მოდარაჯე გემს, ”ნოვოროსიისკის”, ესტუმრა. ეს არის პირველი მოდარაჯე გემი, რომელიც რუსეთმა ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს - აფხაზეთის - წყლებში შეიყვანა. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ”ნოვოროსიისკი” აფხაზმა მღვდელმთავარმა ბესარიონ აპლიამ აკურთხა, აპლიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებიდან გასვლა გამოაცხადა. ფსბ-ს გემის კურთხევის შემდეგ გემის რუსმა მოსამსახურემ სერგეი ბაღაფშს რუსეთის საზღვაო ფლოტის საჩუქარი გადასცა: ” ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით გემის ეკიპაჟის სახელით გადმოგცეთ ჩვენი ტრადიციული საჩუქარი, მაისური და კეპი.”

ბაღაფში საჩუქრის გამო მადლობელი დარჩა, შემდეგ კი ეგრეთ წოდებულ საზღვრებზე არსებული მდგომარეობის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერალური უშიშროების ჯარის აფხაზეთის მიმართულების მეთაურმა ზვერევმა გააკეთა:

”ვმუშობთ სრული დატვირთვით, ხარვეზები არ არის. 24 საათის მანძილზე ვახორციელებთ საზღვრების კონტროლს და ამ კონტროლის გაძლიერებაზე მეტყველებს ეს გემიც, რომელიც აქ ნოვოროსიისკიდან შემოვიდა.”

მაშინ როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულ კონტროლს რუსეთის ჯარი ახორციელებს, სეპარატისტულ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ახლა უკვე დემოკრატიული გზით ვითარდება. ეს სიტყვები დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას ეკუთვნის. ის გამოეხმაურა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება:მშვიდობის, აღმშენებლობის და უკომპრომისო მოთმინების გზით.

”ამგვარი განცხადებების დრო წავიდა. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ამოვავსოთ ჩვენ შორის უფსკრული და როგორ დავამყაროთ კეთილმეზობლური ურთიერთობები”, - განაცხადა სერგეი შამბამ. ორიოდე დღეში ის, სეპარატისტული ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლებს. შეხვედრებზე განხილვის თემა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებაც იქნება.

სეპარატისტულმა რეჟიმმა მოსკოვთან ცოტა ხნის წინ გააფორმა შეთანხმება სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. სამხედრო ბაზები ხმელეთზე, რუსი მესაზღვრეები ადმინისტრაციულ საზღვარზე, ფსბ-ს მოდარაჯე გემი საქართველოს, აფხაზეთის წყლებში - ეს დღევანდელი აფხაზეთის რეალობაა და მის აღიარებას ცივილიზებული სამყარო არ აპირებს. ამის შესახებ ძალიან ბევრჯერ ითქვა, ეს მკაფიოდ კიდევ ერთხელ აღინიშნა ახლახან შეერთებულ შტატებშიც, როცა იქ შეხვედრებს საქართველოს დელეგაცია მართავდა.

ევროკავშირის ეგიდით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების წინ იგივე გაიმეორა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმაც. ჰაბერმა განაცხადა, რომ არ ელის რუსეთისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით სიტყვის უკან წაღებას და იქვე დასძინა: მაგრამ არც მოსკოვს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ჩვენ საქართველოს ამ ერთეულებს ვაღიარებთ; მომხრე ვართ კონფლიქტის მხარეებმა გაატარონ პოლიტიკა, რომელიც ადამიანურ დონეზე ყოველდღიური შეხვედრების ორგანიზებას შეუწყობს ხელს,რათა სამოქალაქო მოსახლეობას ორივე მხრიდან შეეძლოს მათ შორის გავლებული საზღვრის გადაკვეთაო.

გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი ალექსანდრე ჭაჭუა დაშავდა ახლახან, როცა გალის რაიონიდან ზუგდიდის რაიონში შემოვლითი გზით გადასვლას ცდილობდა. ის თაგილონის რკინიგზის ხიდიდან გადავარდა. ამ გზით ზუგდიდში გადასვლა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აფხაზმა და რუსმა მესაზღვრეებმა საგუშაგო აფხაზური პასპორტის უქონლობის გამო არ გადააკვეთინეს.
XS
SM
MD
LG