Accessibility links

logo-print

თერჯოლისა და ვანის რაიონი ზარალის კომპენსაციის მოლოდინში


ხიდის ნანგრევები

ხიდის ნანგრევები

ზაფხული და შემოდგომა იმერეთში წვიმიანი ამინდებით გამოირჩევა. უხვმა ნალექმა თერჯოლისა და ვანის რაიონები დააზარალა. წყალდიდობის შედეგად, თერჯოლის რაიონის ათ სოფელში თხუთმეტი ხიდი და ბოგირი დაინგრა, დაზიანდა რაიონულ ცენტრსა და სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. თერჯოლის რაიონის გამგებლის ტარიელ ფანჩულიძის თქმით, ზარალმა მილიონ ლარს გადააჭარბა.“მოვიდა კოკისპირული წვიმა, რამაც გამოიწვია ღვარცოფი. დაინგრა გზები, ხიდები; მწყობრიდან გამოვიდა წყალგაყვანილობა და წყალსადენის სათავე ნაგებობები. ძევრი, გოგნი, ზედა ალისუბანი, ჩხარი, საქარა, მუჯირეთი - ათი სოფელი დაზარალდა სულ. მთიდან ჩამომავალმა წყალმა შემდეგ დაბლობში მდებარე სოფლებიც დააზარალა“, - ამბობს თერჯოლის გამგებელი.

წყალდიდობა თერჯოლაში 27აგვისტოს მოხდა. ტარიელ ფანჩულიძის თქმით, ზარალის ოდენობა დაზუსტებულია და ახლა მთავრობის დახმარებას ელოდებიან დანგრეული ხიდების აღსადგენად და გზების შესაკეთებლად. მისი თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ გზების გაწმენდა მოხერხდა.

წყალდიდობამ ხიდები და გზები ვანშიც დაანგრია. რაიონის გამგებლის ზურაბ გეგიძის თქმით, სტიქიამ განსაკუთრებით მაღალმთიანი სოფლები დააზარალა.“ერთ თვეში ორჯერ მოხდა წყალდიდობა და ერთი დიდი ხიდი და ექვსი პატარა ხიდი დაანგრია.“

ვანში ზარალმა ნახევარი მილიონი შეადგინა. ზურაბ გეგიძის თქმით, რაიონმა ცენტრალური ბიუჯეტიდან გარკვეული დახმარება უკვე მიიღო და ერთი ხიდის მშენებლობა დაიწყო.

წყალდიდობამ სერიოზული მატერიალური ზიანი მიაყენა მოსახლეობას. სახლები დატბორა, შინაური ფრინველი დაიხოცა, ნათესები განადგურდა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ამ ეტაპზე დაზარალებულებისთვის კომპენსაცია გათვალისწინებული არ არის.
XS
SM
MD
LG