Accessibility links

logo-print

რატომ დაიხურა ცხინვალში ოსური სკოლა


ცხინვალის სკოლა

ცხინვალის სკოლა

ცხინვალში ოსური სკოლა დაიხურა. 200 მოსწავლე სკოლის შენობის გარეშეა დარჩენილი, რადგან დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ აგვისტოს ომის დროს დაზიანებულ კერძო სკოლას ალტერნატიული ფართი ვერ გამოუყო და პრობლემის მოგვარების მარტივ გზად მისი დახურვა მიიჩნია. ამ ფაქტმა როგორც სწავლის გარეშე დარჩენილი მოსწავლეების მშობლების, ისე ოსური საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ცხინვალში გამომავალ გაზეთ „21–ე საუკუნის“ რედაქტორმა თემურ ცხოვრებოვმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ, მისი აზრით, სააკაშვილსა და კოკოითის შორის არანაირი განსხვავება აღარ არის, რადგან ერთმა სკოლა დაბომბა, მეორემ კი დახურა.

იმ დროს, როცა ცხინვალში 15 წლიანი ოსური სკოლა დაიხურა, ქალაქის გარეუბანში („მოსკოვსკი“) რუსული სკოლა დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა, რომელსაც კრემლის მაღალჩინოსნები და მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი პირადად დაესწრნენ. ამის შემდეგ კი ცხინვალში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები ჩავიდნენ და ადგილობრივ პედაგოგებს სემინარები ჩაუტარეს რუსული ენის სწავლების მეთოდების შესახებ. სემინარის დასასრულს მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ვერა სტეპანენკომ ოს პედაგოგებს დახმარება აღუთქვა.

ცხინვალიდან დევნილი, გაეროს ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ ოსურ ენას თვითონ ოსი ერი არ უფრთხილდება, რადგან ჯერ კიდევ კომუნისტების მმართველობის პერიოდში მშობლიური ენა მხოლოდ დაწყებით კლასებში ისწავლებოდა, შემდეგ კი ყველა რუსულს სწავლობდა, ამიტომ ამჟამად სამხრეთ ოსეთის სრული რუსიფიკაციისთვის ნოყიერი ნიადაგია შექმნილი და, თუ ასე გაგრძელდა, დაახლოებით ათ წელიწადში ცხინვალში ოსურის მცოდნე საერთოდ არ დარჩება.

ყოველწლიურად რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები ცხინვალელი აბიტურიენტებისთვის მათთან ჩასარიცხი სტუდენტების ლიმიტებს ზრდიან, ამიტომ ოსი ახალგაზრდები განათლებას რუსულ ენაზე იღებენ, რუსულ უნივერსიტეტებში მოწყობილები კი სწავლის დასრულების შემდეგ იქვე რჩებიან და ცხინვალში დაბრუნებას აღარ ფიქრობენ.
XS
SM
MD
LG