Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 29 სექტემბერი 2009


დოკუმენტზე მუშაობის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ”რეზონანსი” წერს, რომ ”ტალიავინის კომისიის დასკვნა, შესაძლოა, საჯარო და საიდუმლო ნაწილებად დაყონ”. გაზეთი წერს, რომ კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტალიავინი ”დასკვნას 30 სექტემბერს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წარუდგენს და სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ დასკვნის საჯაროობის საკითხი”. პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ ”რეზონანსს” უთხრა: ”ერთი რამ შეიძლება ითქვას ტალიავინის პიროვნებიდან და მისი დიპლომატიური სტილიდან გამომდინარე, რომ ცალსახად რუსეთის დადანაშაულება ან საქართველოსი არ მოხდება. ტალიავინი შეეცდება არც მწვადი დაწვას და არც შამფური, ვინაიდან ტალიავინი არ არის თავისუფალი. ამ კონფლიქტთან დაკავშირებით გერმანიას სხვა პოზიცია აქვს, საფრანგეთს საერთოდ განსხვავებული პოზიცია უკავია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს საერთოდ პროქართული პოზიცია უკავიათ. ვინ რა დოზით დადანაშაულდება, ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ რუსეთი ვერსად გაექცევა იმას, რომ მისმა ტანკებმა გადაკვეთეს მის მიერვე აღიარებული საზღვრები.”

”24 საათში” კენტის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტ ვასილ რუხაძის ვრცელი სტატია ქვეყნდება, სათაურით ”მორღვეული კავკასიის ქედი. როგორ დავიცვათ თავი ქართველებმა?”. ავტორი ხუთ არგუმენტს ჩამოთვლის. მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ საქართველომ ”უნდა შეწყვიტოს არაბუნებრივად და არარეალურად დიდი იმედების დამყარება საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურ და დიპლომატიურ დახმარებასა და დეკლარაციებზე”. ავტორი აგრეთვე წერს: ”ის ფაქტი, რომ თბილისისკენ რუსული შეტევა 2008 წლის აგვისტოში დასავლეთის ჩარევის საფუძველზე შეჩერდა, არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ახალ შეტევას საქართველოზე, დასავლეთის დიპლომატიურ-პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, კვლავ შუა გზაში შეაჩერებს.”

პრესა ეხმაურება საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე დეპუტატ მურთაზ ზოდელავას დანიშვნას. ”ახალი თაობა” წერს: ”ჯერ კიდევ გასულ კვირას ზოდელავა ამერიკაში მიემგზავრებოდა სხვა დეპუტატებთან ერთად. უმცირესობისა და უმრავლესობის წევრი დეპუტატები ”ენდიაის” ორგანიზაციით ამერიკაში წავიდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში მურთაზ ზოდელავაც იყო, თუმცა ის ამერიკაში არ წასულა. ამის მიზეზი კი ის საკადრო ცვლილება იყო, რომელიც გუშინ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით განხორციელდა.” ამავე პუბლიკაციაში წაიკითხავთ, რომ აქტიურად განიხილება პარლამენტიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაყვანის საკითხი. ”ახალი თაობა” წერს პრემიერ-მინისტრის შეცვლისა და გილაურის ფინანსთა მინისტრის პოსტზე დაბრუნების ალბათობაზეც. ”კულუარული ინფორმაციით, პრემიერის პოსტი უკვე შესთავაზეს ”თიბისი” ჯგუფის ხელმძღვანელს - მამუკა ხაზარაძეს. როგორც ამბობენ, ამ შეთავაზებაზე ხაზარაძეს ჯერ თანხმობა არ უთქვამს”, - წერს ”ახალი თაობა”.

”ალიაში” წაიკითხავთ: ”როგორც ამბობენ, საკადრო ცვლილებების ტალღა სხვა პროკურორებსაც გადაუვლის. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი კახა მაჭავარიანი ჯერჯერობით პოსტს ინარჩუნებს, თუმცა კულუარებში საუბრობენ, რომ მასა და მის მოადგილეს, სკანდალურ პროკურორს ვალერი გრიგალაშვილს, ასევე ”საკადრო კარუსელში” მოყოლა არ ასცდებათ. გამორიცხული არ არის შეიცვალონ ზონისა და რეგიონული პროკურორები. თუმცა მთავარ ინტრიგად მაინც ადეიშვილის ბედი რჩება. რას იზამს ”რუხ კარდინალად” ცნობილი ადეიშვილი, არავინ უწყის. დიდი ხანია საუბრობენ, რომ მას აქტიური პოლიტიკური ცხოვრება აღარ სურს, თუმცა არც პოსტიდან უშვებენ.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG