Accessibility links

logo-print
სტიქიამ კახეთი მნიშვნელოვნად დააზარალა, მდინარეები ადიდდა ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის რაიონებში. მოვარდნილმა წყალმა მოანგრია ხიდები, დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, დაიხოცა ფრინველი და პირუტყვი. ყველაზე მეტად კახეთში ყვარლის რაიონი დაზარალდა.

ყვარლის ისტორიაში პირველად წელს ერთდროულად ადიდდა ამ რაიონში არსებული შვიდივე ღვარცოფული მდინარე. ზარალმა ყვარელში ლამის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. როგორც ყვარლის მუნციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია აცხადებს, ყვარელში აღსადგენი გახდა ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მიყენებულ ზარალზე ჩივიან ყვარლის მცხოვრებნიც. დაზარალებული რაიონის დახმარება უკვე დაწყებყულია.

“საწვავით სამხარეო ადმინისტრაცია დაგვეხმარა. მას შემდეგ, რაც ზარალის დათვლა მოხდება, დახმარებას უკვე დედაქალაქიდანაც მივიღებთ”, - აცხადებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან გამსახურდია და აღნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაც დაიწყება.

მოსახლეობას ყვარელში განსაკუთრებით მდინარე დურუჯი აშინებს, რომელიც შავი კლდიდან მოედინება და თან ჩამონაშალი ქვიშაც მოაქვს.

მდინარე დურუჯის წყლის სათავე ნაგებობაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარებულია, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს საკმარის არაა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან გამსახურდიას განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მდინარე დურუჯზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის თანხები ყოველ წელს გამოიყოფა, თუმცა ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაღებული თანხები საკმარისი არ არის.

მართალია, მდინარე დურუჯმა, სხვა მდინარეებისგან განსხვავებით, ამჯერად მოსახლეობას ნაკლები ზარალი მიაყენა, მაგრამ დურუჯის ისტორია ადგილობრივების მეხსიერებაში დიდ ტრაგედიას უკავშირდება. სწორედ ამიტომაც ყოველ გაწვიმებას ყვარელში მოსახლეობა უკვე შიშით ხვდება.
XS
SM
MD
LG