Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომან პოლანსკი და ამერიკული მართლმსაჯულება


რომან პოლანსკი
რომან პოლანსკი
რეჟისორი კინოფილმებისა “როუზმერის შვილი”, “ჩაინატაუნი”, “პიანისტი”, მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი რომან პოლანსკი კვლავინდებურად დაკავებულია. ის, როგორც უკვე ვიუწყებოდით, შაბათს დააპატიმრეს ციურიხში, სადაც საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო მიწვეული. გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატები ცდილობენ, პოლანსკის თავიდან ააცილონ ექსტრადიცია აშშ-ში: ქვეყანაში, რომელსაც რეჟისორის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული 31 წლის წინანდელი კანონდარღვევისთვის...

1977 წელს (მაშინ 43 წლის ასაკში) პოლანსკის 13 წლის გოგონასთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ეს ამბავი შეერთებულ შტატებში მოხდა, კერძოდ ჰოლივუდში, კინოვარსკვლავ ჯეკ ნიკოლსონის სახლში. პოლანსკიმ დანაშაული აღიარა, დაკავებულიც იყო (მას 42 დღე უტარებდნენ ფსიქიატრიულ გამოკვლევას), მაგრამ განაჩენის გამოტანამდე ევროპაში გაიქცა და მას მერე შეერთებულ შტატებში აღარ დაბრუნებულა. არ დაბრუნებულა არც 2003 წელს, როცა საუკეთესო რეჟისორისთვის განკუთვნილი "ოსკარით" დააჯილდოვეს ფილმ “პიანისტისთვის”.

შეერთებულ შტატებში პოლანსკი “ძებნილად” ითვლება. მიმდინარე თვეში კალიფორნიის პროკურატურამ შეიტყო, რომ ცნობილი რეჟისორი ციურიხის ფესტივალზე ჩასვლას აპირებდა კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებო პრემიის მისაღებად და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. შედეგად, ვიდრე პოლანსკი ციურიხში პრესტიჟულ პრემიას მიიღებდა, შვეიცარიის სამართალდამცველმა ორგანოებმა მისი დაპატიმრების ორდერი მიიღეს და შესაბამის ზომასაც მიმართეს.

შვეიცარიის იუსტიციის მინისტრის ეველინ ვიდმერ-შლუმფის განმარტებით, აშშ-თან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებთან, შვეიცარიას დადებული აქვს შეთანხმება, რომელიც მას ავალდებულებს, გადასცეს მის ტერიტორიაზე მყოფი პირი, რომელიც იძებნება სხვა ქვეყნის მიერ მისი კანონების მიხედვით. “ამის გამო, ბატონ პოლანსკის ჩამოსვლის შემდეგ, სამართლებრივი თვალსაზრისით, სხვა არჩევანი არ გვქონდა მისი დაპატიმრების გარდა”, ამბობს იუსტიციის მინისტრი.

აშშ-ში ახლა მზადდება ოფიციალური მიმართვა პოლანსკის ექსტრადიციის თხოვნით. თავის მხრივ, პოლანსკიც მიმართავს სამართლებრივ ზომებს: მას აქვს უფლება, გაასაჩივროს შვეიცარიიდან ექსტრადიცია. საქმე ეხება პროცესს, რომელიც, შესაძლოა, თვეები, ან წლებიც კი გაგრძელდეს.

პოლანსკის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლომ აშშ-ში შესაძლოა, უარი თქვას რეჟისორის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვაზე იმ შეცდომების გამო, რომლებიც მოსამართლემ დაუშვა განაჩენის გამოტანის პროცესში. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ამით პოლანსკი მართლმსაჯულებას თავს ვერ დააღწევს, რადგან, ჯერ ერთი, 1977 წელს თავი დამნაშავედ ცნო და მეორე - არ გამოცხადდა სასამართლოში განაჩენის გამოტანისას.

კიდევ ერთ არგუმენტად პოლანსკის ვექილები იმ გარემოებას იშველიებენ, რომ სამი ათწლეულის მანძილზე (ანუ მას შემდეგ, რაც პოლანსკი შეერთებული შტატებიდან გაიქცა) პროკურორებს აქამდე ერთხელაც არ მოუთხოვიათ მისი ექსტრადიცია. ყოველ შემთხვევაში, ასე აცხადებენ პოლანსკის ადვოკატები. არადა, ამერიკელი პროკურორები ირწმუნებიან, რომ წარუმატებლად დამთავრდა ევროპაში პოლანსკის დაპატიმრების რამდენიმე ცდა.

თუ ახლა თვით პოლანსკის ძალისხმევა გამოდგა წარუმატებელი, თუ მან თავიდან ვერ აიცილა შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია, საინფორმაციო სააგენტო “ფრანს პრესის” ცნობით, მას, შესაძლოა, 50 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს... პოლანსკი 76 წლისაა.

რეჟისორის, ასე ვთქვათ, გადასარჩენად ლამის მთელი კინოსამყარო დაირაზმა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი კოლეგები ვუდი ალენი, ვიმ ვენდერსი, მარტინ სკორსეზე, პედრო ალმოდოვარი და სხვები ხელს აწერენ პეტიციას პოლანსკის გათავისუფლების მოთხოვნით. იუწყებიან, რომ საქმეში ჩაერთნენ პოლონეთისა და საფრანგეთის მთავრობათა წარმომადგენლებიც - პოლანსკის ბიოგრაფია, როგორც ცნობილია, ამ ორ ქვეყანას უკავშირდება.

საფრანგეთის კულტურის მინისტრის ფრედერიკ მიტერანის განცხადებით, “როცა მოწმენი ვხდებით იმისა, როგორ მიუგდეს ის ლომებს საჯიჯგნად ძველი ამბის გამო - საკმაოდ დიდი უაზრობაა; როცა ვხედავთ მარტოს, დაპატიმრებულს მაშინ, როცა მიდიოდა ფესტივალზე ქებისა და აღიარების მოსასმენად - საშინელებაა. ის მახეში გააბეს. ისევე, როგორც არსებობს კეთილშობილი ამერიკა, რომელიც გვიყვარს, არსებობს საშინელი ამერიკაც და მან ახლა დაგვანახა თავისი სახე.”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უარს ამბობს კომენტარზე “საშინელი ამერიკის” შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრის ამ განცხადებასთან დაკავშირებით.

თუმცა, საფრანგეთში განსხვავებული განცხადებებიც კეთდება. პოლანსკის კოლეგა ლუკ ბესონმა ორშაბათს ტელეინტერვიუში შეახსენა მაყურებლებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ბესონის თქმით, მას 13 წლის ქალიშვილი ჰყავს და ის ვინმეს რომ გაეუპატიურებინა, ნამდვილად არ იქნებოდა ბოროტმოქმედის დაპატიმრების წინააღმდეგი...
XS
SM
MD
LG