Accessibility links

logo-print

სემნები: აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში არაფერ ახალს არ შეიცავს


პეტერ სემნები

პეტერ სემნები

30 სექტემბერს ევროპის კავშირი გამოაქვეყნებს ანგარიშს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზებზე. მაგრამ, როგორც ჩვენი კორესპონდენტი, აჰტო ლობიაკასი იტყობინება ბრიუსელიდან, ანგარიში ევროკავშირში განსაკუთრებულ ხმაურს არ გამოიწვევს.

ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც იცნობენ დოკუმენტს, ამბობენ, რომ მასში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომისთვის პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა მოამზადა შვეიცარელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებს წარედგინება და შემდეგ მიეწოდება ფართო საზოგადოებას.

ამ ანგარიშს დაძაბულობის გარკვეული განელების იმედებს უკავშირებენ.

ელჩებს ეს 500-გვერდიანი დოკუმენტი ერთობლივ სადილზე გადაეცემათ. არ იქნება რაიმე სახის ოფიციალური ცერემონია. არ ჩატარდება არც ოფიციალური დისკუსია, დოკუმენტის მიმართ არც ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია არ დაფიქსირდება.

ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, ევროკავშირს სურს, ეს საქმე დაასრულოს. ბლოკი მიიჩნევს, რომ ერთმანეთის დადანაშაულება არავის წაადგება და მას სურს, აქცენტი გააკეთოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესზე, რომელმაც დაძაბულობის შესუსტებას და ლტოლვილების შინ დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, პეტერ სემნებიმ ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ანგარიში - რომელიც, მისი თქმით, ჯერ არ უნახავს - არაფერ ახალს არ შეიცავს:

"რის თქმაც შემიძლია, ის გახლავთ, რომ ჩემი აზრით, ახლა, ომიდან ერთი წლის თავზე და მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე არაერთი გამოკვლევა და ანგარიში გამოქვეყნდა, მოვლენათა უდიდესი ნაწილი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ვვარაუდობ, რომ ეს გამოკვლევა, რომელიც საკმაოდ საფუძვლიანია, რამდენიმე ახალ ფაქტსაც გამოამჟღავნებს, მაგრამ ძალიან გამიკვირდება, მასში რაიმე ისეთი რომ ვიხილოთ, რაც ფუნდამენტურად შეცვლიდა მოვლენათა მსვლელობაზე ჩვენს წარმოდგენას."

ძალიან გამიკვირდება, მასში რაიმე ისეთი რომ ვიხილოთ, რაც ფუნდამენტურად შეცვლიდა მოვლენათა მსვლელობაზე ჩვენს წარმოდგენას.
კერძო საუბრებში ევროკავშირის წარმომადგენლებმა ჩვენს ბრიუსელელ კორესპონდენტს უთხრეს, რომ ანგარიში არ იქნება ცალმხრივი და დამნაშავედ მხოლოდ საქართველოს არ გამოაცხადებს, როგორც ამაზე ადრე გამოჟონილი ინფორმაცია მიუთითებდა. ამის ნაცვლად პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დაახლოებით თანაბრად დაეკისრება. როგორც ვარაუდობენ, მასში ძირითადად ასახული იქნება აგვისტოს მოვლენებზე დასავლეთში გავრცელებული შეხედულება, რომ საქართველოს გადაჭარბებული რეაქცია ჰქონდა რუსეთის მწავე და ხანგრძლივ პროვოკაციებზე. შესაძლოა, საქართველოს ჯარმა გააკეთა პირველი გასროლა, მაგრამ სწორედ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ჩარევამ გამოიწვია მოვლენების ისე განვითარება, რომ საქმე ომით დასრულდა.

საქართველო ახლა რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ერთგვარ ცივ ომს მოელის. როგორც საქართველოს ოფიციალურმა წარმოადენელმა ანონიმურად უთხრა ჩვენს რადიოს, ტალიავინის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე დღის მანძილზე მხარეები ერთმანეთს ბრალდებებს წაუყენებენ, მაგრამ საბოლოოდ ვითარება ჩაწყნარდება.

ევროპის კავშირშიც ასეთი მოლოდინი აქვთ. პეტერ სემნების თქმით, ევროკავშირი ანგარიშის ინტერპრეტაციას სხვებს გადაულოცავს:

"ცხადია, ეს არ იქნება საბოლოო ჭეშმარიტება ომის შესახებ. უფრო ისე უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს იქნება ერთგვარი წვლილი იმ ფაქტების გამომზეურების საქმეში, რომლებიც შეადგენს მოვლენების მეტად კომპლექსურ რიგს, და სადაც კაცმა იმ სიღრმისეულ მიზეზებზე უნდა იფიქროს, შარშანდელი აგვისტოს ომს რომ უძღოდა წინ."

ცხადია, ეს არ იქნება საბოლოო ჭეშმარიტება ომის შესახებ
ევროპის კავშირს უფრო ფართო ინტერესები აქვს. მას სამუშაო ურთიერთობები სჭირდება რუსეთთან, ვინაიდან ის მოსკოვს თავის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს მთელ რიგ სასიცოცხლო სფეროებში, უპირველეს ყოვლისა - ენერგომომარაგებაში.

თავის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში. მართალია, ომის შემდეგ ევროკავშირის თვალში საქართველოს პოზიციები დაეცა - რასაც, სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებაც აღიარებს - მაგრამ ბრიუსელი კვლავაც მზადაა, დახმარება გაუწიოს თბილისს.

ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია სეპარტისტულ რეგიონებსა და დანარჩენი საქართველოს საზღვრების გასწვრივ ერთადერთი საერთაშორისო დონის მისიაა კონფლიქტის ზონაში.

ამასობაში, საქართველოს გაუცრუვდა იმედი, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიას შეერთებული შტატების წარმომადგენლებიც შეუერთდებოდნენ. შესაბამისი ინიციატივის განხორციელება გადაიდო ევროკავშირის ზოგი წევრის, მათ შორის საფრანგეთის შეშფოთების გამო, რომ სამეთვალყურეო მისიაში ამერიკელების ჩართვა რუსეთთან ევროკავშირის ურთიერთობას დაძაბავდა.

ახალი რეალობის შესაბამისად, საქართველო ევროკავშირისაგან ნაკლებს მოელის, ვიდრე აქამდე მოელოდა. ეკონომიკური მხარდაჭერა არის მთავარი, რისი იმედიც ბრიუსელიდან აქვთ. თბილისში აცნობიერებენ, რომ “სტატუს კვოს” შენარჩუნებაც კი რთული ამოცანა იქნება, როცა ევროკავშირი საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული. შვეციის შემდეგ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეობას ესპანეთი შეუდგება, მას ბელგია მოჰყვება, რაც ნიშნავს, რომ აღმოსავლელი მეზობლების ბედისადმი ინტერესი იკლებს.

შესაბამისად, ევროკავშირის მხარდაჭერის შენარჩუნება არის ის, რისი იმედიც საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება იქონიოს.
XS
SM
MD
LG