Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი მიესალმება "ტალიავინის კომისიის" ანგარიშის გამოქვეყნებას


შვეიცარიელმა დიპლომატმა ჰაიდი ტალიავინიმ, რომელიც საქართველოში კონფლიქტის შესახებ ფაქტების დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობს, დღეს კომისიის დასკვნა გადასცა ევროკავშირში საქართველოსა და რუსეთის ელჩებს სალომე სამადაშვილსა და ვლადიმირ ჩიჟოვს. ანგარიში წარედგინათ, აგრეთვე, ევროპის კავშირს, გაეროსა და ეუთოს. ევროკავშირის საბჭომ ამასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომლის თანახმად, "ევროპის კავშირი მიესალმება ამ ანგარიშის პრეზენტაციას და ყურად იღებს მის შინაარსს". ამავე დროს, ევროკავშირი იმედს გამოთქვამს, რომ ანგარიშის დასკვნები ხელს შეუწყობს გასული წლის კონფლიქტის წარმოშობისა და განვითარების უკეთ გაგებას. ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ანგარიშმა შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგადად საერთაშორისო ძალისხმევას პრევენტიული დიპლომატიის სფეროში. დასასრულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის კავშირი ერთგულია საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისა, რაც ემყარება დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრულ აღიარებას. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან და ხანგრძლივი პერსპექტივით მოგვარებას.
XS
SM
MD
LG