Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმელი ჟურნალისტი აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე საუბრობს


სოხუმი
სოხუმი
აფხაზეთში მოღვაწე ეროვნებით რუსი ჟურნალისტის ანტონ კრივენიუკის სასამართლო პროცესი კვლავაც გრძელდება. სტატიისთვის “დიდი აფხაზური აფერა: - რკინიგზა - კრედიტი - ხრეში”, რომელიც ჟურნალისტმა ”სეგოდნია.რუ”-ზე გამოაქვეყნა, სოხუმის საქალაქო სასამართლომ მას 3 წლით პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 28 სექტემბერს ჟურნალისტმა სარჩელი შეიტანა საკასაციო სასამართლოში და ბრძოლას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს.

რადიო თავისუფლება სოხუმში დაუკავშირდა ჟურნალისტ ანტონ კრივენიუკს და აფახზეთში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრა.

რუსულ ინტერნეტგამოცემა ”სეგოდნია.რუ”-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ანტონ კრივენიუკი ფულის გათეთრების ჩრდილოვან სქემაზე საუბრობს. ამ სქემის თანახმად, რუსეთი აფხაზეთისთვის, კრედიტის სახით, 2 მილიარდ რუბლს გამოყოფს, მაგრამ ეს ფული ქვეყანას კი არ მოხმარდება, არამედ რუსეთის რკინიგზას ლიანდაგების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება, თუმცა, როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, რკინიგზა 2 ეტაპად - 2004 და 2008 წლებში - უკვე აღადგინეს. გამოდის, რომ ეს თანხა რუსეთის რკინიგზას უკვე აღდგენილი გზის აღსადგენად უნდა გადაეცეს.

მიუხედავად იმისა, რომ 2 მილიარდი რუბლიდან აფხაზეთს არც ერთი კაპიკი არ მოხმარდება, ამ თანხის გადახდა სწორედ აფხაზეთის მოსახლეობას მოუწევს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, რუსულ კრედიტს აფხაზური ბიზნესი დაფარავს, რომელიც რუსეთში ოლიმპიური მშენებლობისთვის ინერტული მასალების ექსპორტს განახორციელებს.

აი ერთ-ერთი ამონარიდი ამ პუბლიკაციიდან: ”ამ ამბიდან გასაგები მხოლოდ ერთი რამ არის: ვიღაცას ძალიან სჭირდება 2 მილიარდი რუბლი და ამ ფულისთვის შეიძლება უკანა პლანზე გადასწიოს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიც. ეს ფული აფხაზეთის ეკონომიკას, ეკოლოგიას და იმიჯს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. იკვეთება აფხაზეთისთვის უზარმაზარი თანხის გათეთრების სქემის არსებობის ფაქტი, რომელშიც რესპუბლიკის ხელისუფლება მონაწილეობს.”

სტატიის გამო შექმნილი პრობლემების მიუხედავად, ანტონ კრივენიუკი აცხადებს:

”მედიას - ყოველ შემთხვევაში, დამოუკიდებელ მედიას - ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. დამოუკიდებელ მედიასა და მთავრობას შორის დაძაბული ურთიერთობაა, რადგან მედია არსებულ ხელისუფლებას მხარს არ უჭერს.”

მის სტატიაზე ასეთ მძაფრ რეაქციას კი კრივენიუკი უკავშირებს იმ ფაქტს, რომ ის რუსულ პრესაში გამოქვეყნდა.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ გამოცხადებული არ არის, წინასაარჩევნო კამპანია უკვე გაჩაღებულია.

”ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის წინააღმდეგობა, როგორც არის ხოლმე ასეთ სიტუაციაში. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც პრესაზე ზეწოლა და გალის რაიონში არსებული ვითარება განიხილეს.”

გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კრივენიუკი აცხადებს, რომ დაპირისპირება მაინც ცივილიზებულ ფორმებს ატარებს და ბრძოლა, ძირითადად, გაზეთების გვერდებზე და არა იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.

”ერთადერთი სტიქიური მიტინგი პარლამენტის წინ გაიმართა, როდესაც მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღეს. ცვლილებები გალის მოსახლეობას მთელ რიგ უპირატესობებს აძლევდა.”

გალის მოსახლეობისთვის პასპორტების დარიგება ხელისუფლებასა და მთავრობას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. ჟურნალისტის ინფორმაციით, გალის მოსახლეობა დაინტერესებულია აფხაზური პასპორტები აიღოს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

”ოპოზიცია ამ პროცესს აპროტესტებს. აქ ორგვარი პოზიციაა: ზოგი მთლიანად აპროტესტებს, ზოგი კი - და მათ რიცხვს მეც მივეკუთვნები - მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პასპორტიზაციის პროცესი მთავრობის ინტერესების სასარგებლოდ მიმდინარეობს, რომ არჩევნებზე გამარჯვება გაინაღდონ. ანუ, თუ ჩვენ ინტეგრაციის მიზნით დავარიგებთ ამ პასპორტებს, ეს ერთია, ხოლო მეორეა, თუ ჩვენ ამას ხელისუფლების ინტერესებისთვის გავაკეთებთ.”

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, ოპოზიციას, მნიშვნელოვანწილად, რაულ ხაჯიმბას პარტიის მომხრეები წარმოადგენენ, თუმცა არჩევნებზე მისი კანდიდატურის წარდგენაზე საუბარი მაინც ნაადრევია.

”რამდენადაც მე ვიცი, იქ მიმდინარეობს კონსულტაციები და შესაძლებელია სხვა კანდიდატურაც იქნეს წარდგენილი. მეორე მხრივ, არის ეკონომიკური განვითარების პარტია, რომლის ლიდერიც ბესლან ბუტბა გახლავთ. მისი მზარდი პოლიტიკური ძალა ოპოზიციის მეორე ფრთას წარმოადგენს. უშუალოდ არჩევნების დროს ძალიან რეალურია მათი ალიანსი.”

ანტონ კრივენიუკმა გვითხრა, რომ წინასაარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების ხედვა მნიშვნელოვნად განსხვავდება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ამ ხელისუფლების მიერ მიღწეული წარმატება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დამსახურებაა.

”ხელისუფლება ხაზს უსვამს უკანასკნელი წლების განმავლობაში სოციალურ და ეკონომიკის სფეროებში მიღწეულ წარმატებებს - ეს არის ცხოვრების დონის ამაღლება, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, დამოუკიდებლობის აღიარება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს პრინციპულად განსხვავებული მოდელის ჩამოყალიბება, სახელმწიფოსი, რომელიც საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით გადმოცემულ ტერიტორიას კი არ წარმოადგენს, როგორც დღეს არის, არამედ საკუთარი მოქალაქეებისთვის ადეკვატური სახელმწიფოს მოდელის შესაბამისად აშენდება. ამისთვის საჭიროა განათლების და ეკონომიკის კონცეფციის შემუშავება. ეს არის აფხაზური პროექტი.”

მეორე მხრივ, კრივენიუკი აცხადებს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს აფხაზური ოპოზიცია ანტირუსულია და მის პოლიტიკას აკრიტიკებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ასეთი მითის შექმნაში დიდი წვლილი სწორედ ამჟამინდელ მთავრობას მიუძღვისო, - თქვა მან.
XS
SM
MD
LG