Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ევროპული სასამართლოს უგულებელყოფაში ადანაშაულებენ


ევროპის სასამართლო
ევროპის სასამართლო
რუსეთი უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩეჩნეთში მოსახლეთა საჩივრების თაობაზე, ხაზგასმულია "ჰიუმან რაითს უოჩის" ბოლო მოხსენებაში. რუსეთის ხელისუფლებამ არ შეასრულა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სულ მცირე, 30 საქმეზე. პასუხისგებაში არ არის მიცემული არც ერთი მოხელე მაშინაც კი, როცა მათი ვინაობა სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია. ეს კი ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს, აცხადებენ უფლებადამცველები.

27 სექტემბერს გამოქვეყნებული “ჰიუმან რაითს უოჩის” ანგარიში 1999-2004 წლებში რუსეთის ფედერალურ არმიასა და ჩეჩენ სეპარატისტთა შორის მიმდინარე ბრძოლების დროს მომხდარ დარღვევებს ეხება. ორგანიზაციის მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი ალისონ ჯილი ამბობს, რომ, ანგარიშის თანახმად, რუსეთის ხელისუფლება პასუხისგებაში არ აძლევს იმ მოხელეებს, რომელთა ვინაობაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის ზუსტად არის ცნობილი.

“თითქმის ყველა შემთხვევაში სასამართლო რუსეთის მთავრობას მიიჩნევდა პასუხისმგებლად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ადამიანების მკვლელობაში, წამებასა და მათ ძალადობრივ გაუჩინარებაში. სასამართლომ ასევე თითქმის ყველა საქმეში რუსეთის მთავრობა ცნო პასუხისმგებლად იმისათვის, რომ არ ატარებდა სათანადო გამოძიებას. ყველა იმ საქმის მიხედვით, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ, აქამდე არც ერთი ადამიანი არ მიცემულა პასუხისგებაში, მიუხედავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებისა.”

უფრო მეტიც, ზოგიერთი რუსი ოფიცერი, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თანამდებობაზე დააწინაურეს. და ეს მაშინ, როცა რუსეთი ევროსაბჭოს წევრია და ვალდებულია პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს. რუსეთმა ასევე უნდა გადაიხადოს ევროპის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმები. თუმცა, როგორც რუსი უფლებადამცველები ამბობენ, რუსეთი უგულებელყოფს მოთხოვნას, შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც მსგავსი ძალადობის პრევენციას ისახავს მიზნად.

“სახელმწიფომ ჯარიმა უნდა გადაიხადოს, მაგრამ იგი ასევე ვალდებულია, ერთი, რომ გამოიძიოს დანაშაული, მეორე – გამოირიცხოს ის პირობები, რომლებმაც ეს დანაშაულობები შესაძლებელი გახადეს. მაგრამ როცა ლაპარაკია ჩრდილოეთ კავკასიაზე, არ ხდება არც დანაშაულობების გამოძიება და არც სტრუქტურული ცვლილებები იმ სისტემაში, რომელიც დანაშაულობებს წარმოშობს.”

ეს გახლდათ უფლებადამცველი ორგანიზაცია “მემორიალის” აქტივისტი ალექსანდრ ჩერკასოვი. ამავე ორგანიზაციის მეორე აქტივისტის, ოლეგ ორლოვის, თქმით, ასეთი პოლიტიკური წესების დამკვიდრება სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან მოხელეთა ნებისმიერი დანაშაული, რომელიც დაუსჯელი რჩება, “სიგნალია სხვებისათვის, რომ დანაშაული მათაც შერჩებათ.”

რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი სასამართლოს მიმართ ნდობა არა აქვთ, სიმართლის დასადგენად სულ უფრო ხშირად მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს. იმ 46 ათას საჩივარს შორის, რომელიც სტრასბურგშია გაგზავნილი, ერთი მეხუთედი სწორედ ჩეჩნეთზე მოდის.

უფლებადამცველები ადანაშაულებენ კრემლის ფავორიტ ჩეჩენთა ლიდერს რამზან კადიროვს, რომელიც ძალადობას მიმართავს საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად რესპუბლიკაში, რომლის წინააღმდეგაც რუსეთმა ორჯერ აწარმოვა საომარი კომპანია.

ჩეჩნეთში ხშირია თავდასხმები ადამიანის უფლებათა დამცველებზე. ივლისში იქ ცნობილი უფლებადამცველი ნატალია ასტემიროვა მოკლეს. ერთი თვის შემდეგ კი მანქანაში მოკლული იპოვეს ცოლ-ქმარი, რომლებიც სათავეში ედგნენ ორგანიზაციას “გადაარჩინე ბავშვები”.

28 სექტემბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა დებატების გამართვას ადამიანის უფლებათა აქტივისტების მიმართ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მომხდარი ძალადობების თაობაზე. თუმცა რუსი უფლებადამცველები შიშობენ, რომ ამგვარი დებატები ძნელად თუ რაიმეს შეცვლის მოსკოვის დამოკიდებულებაში, რაც კავკასიაში მომხდარი ძალადობებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულ უგულებელყოფაში გამოიხატება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG