Accessibility links

logo-print
”დღეს ფრანგული ქალაქი სტრასბურგი მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ბატალიების არენა გახდება”, - წერს 29 სექტემბრის ”ვრემია ნოვოსტეი” პუბლიკაციაში, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ეძღვნება. განხილვის შედეგების მიხედვით, რომელთა თემაა ომი საქართველოსა და რუსეთს შორის ერთი წლის შემდეგ, სამშაბათ საღამოს, შესაძლოა, რეზოლუცია მიიღონო, - წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ დოკუმენტის პროექტში არის მოწოდება, გამოძიებული იქნეს სამხედრო დანაშაულებები, რომლებიც ამ ომის დროს ორივე მხარემ ჩაიდინა. ამასთანავე, - წერს გაზეთი, - დოკუმენტში უფრო ხშირად რუსეთის კრიტიკა ისმის, ვიდრე საქართველოსიო.

ამ რეზოლუციას გაზეთი სკანდალურს უწოდებს.

პუბლიკაციაში მოტანილია 33 წლის პარლამენტარის მიხაელ იანსენის სიტყვები. მან ”ვრემია ნოვოსტეის” უთხრა: ” მე მინდა რუსეთს ვხედავდე ევროპული ოჯახის წევრად, მაგრამ რუსეთმა თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. რატომ არ უშვებენ ევროპელ დამკვირვებლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? რატომ ვერ ბრუნდებიან დევნილები? მე მხარს ვუჭერ რუსეთის უფლებამოსილების შეჩერებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს ზეწოლის სხვა ბერკეტები.”

გაზეთი ასკვნის, რომ ”ქართველები ევროპელ დეპუტატებს რუსეთის წინააღმდეგ განაწყობენ” - სწორედ ამგვარი სათაური აქვს პუბლიკაციას.

სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ თბილისი ევროპელ პარლამენტართა სიმპათიების მოპოვებასა და მათ მიმხრობას ჩქარობს. ჩქარობს იმიტომ, რომ ხვალ დაგეგმილია ევროკავშირის კომისიის მოხსენება, რომელშიც სამხრეთ ოსეთში შარშანდელი კონფლიქტის გარემოებებია გამოკვლეული და, შესაძლოა, იქ მოტანილმა დასკვნებმა საქართველო არასასურველ შუქში წარმოაჩინოს, - წერს ”ვრემია ნოვოსტეი”.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ამ დღეებში თითქმის ყველა გაზეთმა გააშუქა, სატელეფონო კოდების თემა იყო. ” მოსკოვმა და სოხუმმა მოილაპარაკეს, რომ აფხაზეთს გადაეცემა სტაციონალური და ქსელური კავშირის რუსეთის კოდები. მათი მოხმარება რესპუბლიკას უკვე მომავალი კვირიდან შეეძლებაო, - ვკითხულობთ ”იზვესტიაში”.

მემორანდუმის ხელმოწერამდე რესპუბლიკა იძულებული იყო საქართველოს მიერ გამოყოფილი სატელეფონო კოდებით ესარგებლა და

ეს ტექნიკურადაც და პოლიტიკური თვალსაზრისითაც გარკვეულ სირთულებს გვიქმნიდაო”, - მოჰყავს ”იზვესტიას” აფხაზეთის სამთავრობო ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელის კრისტიან ბჟანიას სიტყვები.

და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ”ვედომოსტი” აქვეყნებს.

ორშაბათს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ განაცხადა, რომ საქართველო-ოსეთის კონფლიქტი ქართული ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. გაზეთს პატრიარქის სიტყვები მოჰყავს: ”მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი საქართველოს ხელმძღვანელობის დამღუპველი პოლიტიკის შედეგი იყო. ამას ვამბობ ქართველი ხალხის მიმართ ახლობლობის შეგრძნებით და მხურვალე სიყვარულით საქართველოს ეკლესიის მიმართ”, - თქვა რუსეთის პატრიარქმა ბელორუსში, როდესაც ვიტებსკში ახალგაზრდების კითხვებს პასუხობდაო, - წერს ”ვედომოსტი”.

პატრიარქის სიტყვებით, ბრძოლის დაწყების მომენტშიც კი რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები მუდმივ კონტაქტში იყვნენ, დღეს კი რუსეთისა და საქართველოს ეკლესიები ერთადერთი ძაფია, რომელიც ამ ორ ქვეყანას აკავშირებს.
XS
SM
MD
LG