Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 30 სექტემბერი 2009

  • ნიკო ნერგაძე

“მოსალოდნელია, რომ ტალიავინის დასკვნა „გადატვირთვის შესაბამისი იქნება“, - წერს დღევანდელ „24 საათში“ ეკა კვესიტაძე. ექსპერტების აზრით, ტალიავინის კომისია ოფიციალურად განამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომელიც დასავლეთ ევროპის დედაქალაქებში თავიდანვე დომინირებდა: პირველმა ქართველებმა გაისროლეს, თუმცა რუსეთმა არაადეკვატური ძალა გამოიყენაო. ამერიკის პოზიციაზე ლაპარაკისას ავტორი წერს:” როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს სპეციალისტის პრობლემაც არის. რამდენადაც არ უნდა უყვარდეთ ქართველ ოპოზიციონერებს მეთიუ ბრაიზა, ფაქტია, რომ მისი სახით საქართველოს ბუშის ადმინისტრაციაში ახლო მეგობარი და ლობისტი ჰყავდა.” სტატიას ”24 საათში” ნახავთ.

„ახალი თაობა“ წერს, ტალიავინის დასკვნამ შეიძლება სააკაშვილის თანამდებობა შეიწიროსო. გაზეთის ცნობით, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ კომისია სააკაშვილს გაამტყუნებს. თუმცა, იქვე ამატებს ავტორი, არავის სურს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჰააგის ტრიბუნალის წინ მოუწიოს წარდგომამ, რადგან, ოპოზიციისვე თქმით, ამ შემთხვევაში მთელი ქვეყანა დაზარალდებაო. ”ახალი თაობა” წერს, ისინი ისეთ დასკვნაზე ოცნებობენ, რომლითაც სააკაშვილს თანამდებობის დატოვება მოუწევსო.

„რეზონანსი“ კი ტალიავინის კომისიის შესახებ მოსაზრებას სტატიის სათაურში გამოთქვამს: „გამოძიება, რომლითაც შესაძლოა კმაყოფილი არავინ დარჩეს“.

„რეზონანსშივე“ ნახავთ სტატიას, სათაურით ”ახალგორში ქართული სკოლები ყაზარმებად გადააკეთეს”. „რეზონანსის“ ცნობით, ახალგორის სამ სკოლას წლევანდელ პირველ სექტემბერს მხოლოდ ერთი პირველკლასელი ჰყავდა, მოსწავლეთა საერთო რაოდენობა კი 80-ს არ აღემატებოდა. ცხინვალის დე ფაქტო განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მოსწავლეთა ამ რაოდენობისთვის ერთი სკოლაც საკმარისი იქნებოდა. გაზეთის წყაროს ცნობით, დანარჩენ ორ სკოლაში რუს ჯარისკაცებს შეასახლებენ.

ქართული გაზეთები დღესაც ბევრს წერენ ოპოზიციის შესაძლო გეგმებზე, იმაზე, დაიწყება თუ არა პროტესტის ახალი ტალღა. ოპოზიცია ამ კვირაში დაასრულებს კონსულტაციებს და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, რა სტრატეგიით აპირებენ მომავალი ბრძოლის გაგრძელებასო, წერს ”ახალი თაობა” სტატიაში, რომლის სათაურიცაა ”სააკაშვილის წინააღმდეგ ოპოზიცია ისევ ერთიანდება”.

”ვერსიაში” კი წაიკითხავთ ინტერვიუს ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელ ლელიკო ჯაფარიძესთან, რომელიც ამბობს, ახალი რადიკალური ფრთა შეიქმნება, ოქრუაშვილი ქუჩაში ხალხს გამოიყვანს და სისხლი იქნებაო. ახალი ერთობა რადიკალური იქნება, რომელიც ხელისუფლებას რევოლუციით შეცვლის, - უთხრა ”ვერსიას” ლელიკო ჯაფარიძემ.
XS
SM
MD
LG