Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ხელისუფლება ტალიავინის კომისიის დასკვნამ დააკმაყოფილა


ედუარდ კოკოითი
ედუარდ კოკოითი
ევროკავშირის ეგიდით მოქმედი კომისიის დასკვნას ცხინვალიდან პირველი სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გამოეხმაურა. ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნას ის “2008 წლის აგვისტოს მოვლენების პრინციპულ შეფასებას” უწოდებს. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება.

თუმცა ედუარდ კოკოითი იქვე აცხადებს, რომ ეს ძალიან დაგვიანებული შეფასებაა: “კომისიის წევრები ძალიან პრინციპულად მიუდგნენ მთელ რიგ საკითხებს. მათ, ბოლოს და ბოლოს, გაარკვიეს, რომ ომი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და სწორედ ის არის გასული წლის აგვისტოს მოვლენებში მთავარი დამნაშავე”, - აღნიშნა კოკოითიმ.

მისივე თქმით, რაც უფრო მალე დაგმობს ევროპა სააკაშვილის ქმედებებს, მით უფრო სწრაფად დამყარდება კავკასიაში მშვიდობა.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლების დაუშვებლობაზე საუბრისას კოკოითი ‘’ევროპულ ორგანიზაციებს შეახსენებს, რომ ომის დაწყებას მათმა უმოქმედობამ შეუწყო ხელი’’. იმასვე იმეორებს პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი და ომის გაჩაღებაში საქართველოსთან ერთად ევროპასაც ადანაშაულებს.

ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე კოკოითის ხელისუფლებაში პესიმისტური განწყობა იყო. ცხინვალში ფიქრობდნენ, რომ დასკვნა ანტიოსური და ანტირუსული იქნებოდა, ამიტომ ჩოჩიევმა საერთაშორისო კომისია წინასწარ არაობიექტურობაში დაადანაშაულა.

ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე პირველი კომენტარები თბილისიდან გაკეთდა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მტკიცებით, რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის დასკვნაში "არსად არის აღნიშნული, რომ ომი საქართველომ დაიწყო". იაკობაშვილის ინფორმაციით, დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ "ომი არა 7 ან 8 აგვისტოს დაიწყო, არამედ გაცილებით უფრო ადრე, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა", – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა 30 სექტემბერს.

ოფიციალური თბილისი რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო კომისიის დასკვნას, ზოგადად, ობიექტურად აფასებს, თუმცა ტალიავინის კომისიის რამდენიმე მოსაზრებას არ ეთანმება. იაკობაშვილის განმარტებით, ქართული მხარე არ ეთანხმება კომისიას, კერძოდ, იმ მოსაზრებაში, რომ "მასიური შემოჭრა არ ყოფილა" და დასტურად ის ფაქტი მოჰყავს, რომ 7 აგვისტომდე ცხინვალში უკვე განლაგებულები იყვნენ არა მხოლოდ რუსული ჯარები, არამედ სხვადასხვა სეპარატისტული დაჯგუფებები და "ბოევიკები". რადიო თავისუფლების არქივში არის ედუარდ კოკოითის მიერ 2008 წლის 6 აგვისტოს გაკეთებული განცხადება, სადაც დე ფაქტო ლიდერი თავად საუბრობს ცხინვალში ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების შესვლის შესახებ.

ტალიავინის კომისიის დასკვნა როგორც თბილისში, ისე მოსკოვსა და ცხინვალში, ზოგადად, ობიექტურად შეფასდა. ექსპერტების აზრით, ეს იმის ბრალია, რომ მხარეები დასკვნას თავისებურად კითხულობენ და საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევენ.
XS
SM
MD
LG