Accessibility links

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკური კრიზისის შედეგებს ითვლის


საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი

3.4 ტრილიონი - ეს არის იმ დანაკარგების რაოდენობა, რაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრი შემაშფოთებელია, იგი მაინც ნაკლებია იმაზე, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიში ვარაუდობდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის კვლევის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენით, ფინანსური ინსტიტუტების ზარალს - როგორც სესხის, ისე აქტივების ჩათვლით - მომდევნო კვარტალში 4 ტრილიონი დოლარი უნდა შეედგინა, თუმცა, ფონდის ბოლო მონაცემის თანახმად, ზარალის რაოდენობა შედარებით დაბალი - 3.4 ტრილიონი - აღმოჩნდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ციფრებს ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება, ითვალისწინებს რა საფინანსო ბირჟებზე ერთი წლის წინ დაწყებულ პანიკას, რამაც ლეჰმან ბროზერსის საინვესტიციო ბანკის გაკოტრება გამოიწვია.

“გლობალური ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის” თანახმად, ფინანსური სტაბილურობის საფუძველი გახდა მთავრობების მიერ კერძო სექტორებისათვის მსოფლიოს მასშტაბით გაწეული უპრეცედენტო საფინანსო მხარდაჭერა.

უკანასკნელი ანგარიშის შემდეგ შემცირდა დიდი რისკები: გამოცოცხლდა ბაზრები, ბანკებში გაიზარდა კაპიტალის მოცულობა და შემცირდა არსებული საბაზრო რისკები, - ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების დირექტორი ხოსე ვინალსი.

“სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, რომელიც, კრიზისიდან მოყოლებული, ფართოდ იკვლევს ბანკებისა და არაბანკების, ფინანსური ინსტიტუტების მდგომარეობას, მასობრივად ჩამოწერილი თანხები, უხეშად რომ ვთქვათ, 3.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს 600 მილიარდით ნაკლებია ფონდის წინა ანგარიშთან შედარებით, რაც საინვესტიციო აქტივების უკეთ დაცვის შედეგია. გაუმჯობესება მისასალმებელია, მაგრამ წინ ჯერ კიდევ დიდი გამოწვევებია, განსაკუთრებით ბანკებისათვის.”

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, არ არსებობს მიზეზი თვითკმაყოფილებისათვის – ბანკები კვლავ საჭიროებენ 1,5 ტრილიონი დოლარის ჩამოწერას. მზარდი უმუშევრობის გამო კვლავ მაღალ ნიშნულზე დარჩება სესხის დანაკარგები.

ამასთან, ფონდი წერს, რომ კრიზისისგან შერყეული კომერციული უძრავი ქონების ბაზარი შეერთებულ შტატებში “მთელი ძალით” ამოქმედდა. ვიდრე ბანკების პერსპექტივა უმჯობესდება, ანგარიში ამბობს, რომ შემოსავლები არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ჩამოწერილი თანხა აანაზღაუროს.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას და სხვა განვითარებულ ბაზრებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, იქ რისკები შემცირდა, ნაწილობრივ, ე.წ. “ძლიერი პოლიტიკური ზომებისა” და, ნაწილობრივ, თავად სავალუტო ფონდის დახმარების წყალობით. მაგრამ შესაძლოა იქ შემდგომში გაიზარდოს საწარმო ობლიგაციების ვალდებულებათა შეუსრულებლობა.

რაც შეეხება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას, სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, დეფოლტი მომდევნო წელიწადში შესაძლოა გაორმაგდეს – ყაზახეთში ის, მაგალითად, 30 პროცენტზე მეტია.

განვითარებულ ევროპაში გაიზრდება მძიმე პირობიანი სესხების მოცულობა, რადგან ეკონომიკური კრიზისი იქ კვლავ საგრძნობია.

“განვითარებული ბაზრების ურთიერთობა დამოკიდებულია მნიშვნელოვან საგარეო ვალზე, რომელიც ხელახლა ფინანსდება ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაშინ როცა შედარებით რისკიანად შეფასებულ ინვესტიციებზე დაშვება შეზღუდულია. ქვეყნები დგანან საგარეო და საშინაო დისბალანსის წინაშე, ხოლო უცხოური ბანკებისადმის ნდობა კვლავაც სუსტ წერტილად რჩება.”

სავალუტო ფონდის ანგარიში ვარაუდობს, რომ შემცირდება კრიზისის დასაძლევად განკუთვნილი საზოგადოებრივი თანხების მოცულობა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კერძო სექტორიდან მასობრივი ფინანსური სტიმულირებით შემცირებული რისკები საზოგადოებრივ სექტორზე გადაინაცვლებს. ეს კი გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს და გაართულებს ეკონომიკურ აღმასვლას.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ უნდა განახლდეს ძალისხმევა იმისათვის, რომ ბანკები მძიმე სესხებისაგან გაიწმინდოს.
XS
SM
MD
LG