Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალიავინი და მონანიება-2


დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი, ვის მაგონებს ქალბატონი ტალიავინი; ფერად-ფერადი ყელსაბამი (აი, სწორედ ის, „გალერი ლაფაიეტის“ შესასვლელთან რომ კიდია), აპრეხილი წარბები, თითქმის მწვანედ შეღებილი თმა, პომადა-საყურე ერთ ფერში და სულ მუდამ გაკვირვებულ-ქედმაღლური მზერა... საკმარისია, მის სურათს შეხედო, რომ კარგი ფრანგული „პარფიუმის“ სურნელი გეცეს...

კლასიკაა, რა! ასეთებზე ამბობს დედაჩემი: „როგორი ინტელიგენტი, კოპწია, მოვლილი ქალბატონია!“

იუტა იენსენს მაგონებს. დანიური წარმოშობის ამერიკელ კინოკრიტიკოსს და რეჟისორს, 1997 წლის ობერჰაუზენის კინოფესტივალის ჟიურის რომ ხელმძღვანელობდა.

მეც ვიყავი იმ ჟიურის წევრი. სხდომებზე, როცა იუტა ფრანგულიდან ინგლისურზე გადადიოდა ხოლმე, ყურადღებით ვაკვირდებოდი ჩვენი ჟიურის თავმჯდომარეს და ვფიქრობდი, ნეტა რამდენ ხანს ზის სარკის წინ? რამდენ დროს უთმობს თავის გარეგნობას? ოდესმე თუ დაურღვევია „ფერთა ჰარმონია“?

წესრიგისა და „ფერთა შეხამების“ მოყვარულ იუტას კინოშიც შესაბამისი გემოვნება აღმოაჩნდა. ჟიურის სხდომებზე პოლიტკორექტულ კინოს ლობირებდა. ფესტივალის პირველ დღეებში, როცა ჟიურის წევრები, ტრადიციულად, კონფლიქტს ერიდებიან და ადვილად უთმობენ ერთმანეთს, იუტამ სულ სიცილ-ხითხითში ჩაატარა სხდომები. ფესტივალის დირექტორი, რომელიც სადილის დროს ცდილობდა გამოვეტეხეთ, რომელ ფილმს ვანიჭებდით უპირატესობას, გაოცებას ვერ მალავდა, ობერჰაუზენის კინოფესტივალს ასეთი მეგობრული ჟიური არ ახსოვსო.

ფესტივალის დაწყებისთანავე ვინანე, ჟიურიში მუშაობას რომ დავთანხმდი. სხვა სიკეთეებთან ერთად, ეს ობერჰაუზენი, ალბათ, ყველაზე უშნო ქალაქია, რომელიც ოდესმე მენახა (ცოტა არ იყოს, დღევანდელ ზესტაფონს ჰგავს). თუმცა, დღეში ათი და ზოგჯერ მეტი სურათის ნახვა (ობერჰაუზენში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იმართება), ტვინის უჯრედებს ისე გიღლის, რომ აღარც ქალაქი გაინტერესებს და აღარც მისი შემოგარენი. მით უმეტეს, როცა სეანსებს ჟიურის ხუთსაათიანი სხდომები მოჰყვება - მსჯელობა განვლილი დღის პროგრამაზე და იმ ფილმების გადარჩევა, რომელსაც ჟიური ფესტივალის რომელიმე პრიზის კანდიდატად მიიჩნევს.

ახლა ვერ ვიხსენებ, რამდენად მსიამოვნებდა ეს დისკუსია. ჟიურის წევრობისთვის ჰონორარს გვაძლევდნენ. ეს მახსოვს და, შესაძლოა, ამიტომაც დავთანხმდი ფესტივალის წინადადებას. მაგრამ ნუთუ მეც „ვიფხანდი ეგოს“ მსაჯულის როლში? მეც ნეტარებას მანიჭებდა იმის განცდა, რომ 48 რეჟისორი მოუთმენლად ელოდა ჩვენს ვერდიქტს? თანაც, ობერჰაუზენის ფესტივალი ფულად პრემიებსაც გასცემს - გამარჯვებულისთვის 15 000 გერმანული მარკა იყო გამოყოფილი.

კი, 15 000 მარკა. ამ რიცხვს რა დამავიწყებს!

პირველ დღეებში, შეიძლება, მსიამოვნებდა კიდეც. მომწონდა, საკონკურსო პროგრამაში ჩართული ფილმების ავტორები რაღაც იდიოტური ქათინაურებით რომ ცდილობდნენ ჩემთან ქულების დაგროვებას - ბანკეტებზე (მხოლოდ აქ ხვდებოდა ჟიური ფესტივალის მონაწილეებს) ზოგი საქართველოზე გამომელაპარაკებოდა ხოლმე და შევარდნაძეს მიქებდა, ზოგი სტურუას სპექტაკლებს იხსენებდა და ზოგიც, ოთარ იოსელიანის ნაცვლად, მე მიხსნიდა სიყვარულს. მსიამოვნებდა დაკვირვება, ვინ უფრო ნიჭიერად, ვინ უფრო ბუნებრივად მლიქვნელობს. მაგრამ... ხომ იცით, როგორ ხდება? სხვაში რომ დაინახავ შენს თავს, შეიძლება არ მოგეწონოს და დაფიქრდე, რომ ეს სიამოვნება სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლებით ტკბობა.

ფესტივალის ბოლო დღეებში განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი ეს. დავინახე, როგორ ტკბებოდნენ მსაჯულის როლით ჟიურის წევრები. როგორ შეეძლოთ ერთი ხელის მოსმით „გადაეგდოთ“ ერთი ფილმი და ასევე, სრულიად დაუფიქრებლად, სულ რამდენიმე სიტყვით („Brilliant!“, „Wonderful!“) მთავარი პრიზის კანდიდატად დაესახელებინათ მეორე.

იუტა მუდმივად გვახსენებდა, რომ უნდა დავიცვათ „გენდერული ბალანსი“, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბილ კლინტონი მეორედ აირჩიეს შეერთებული შტატების პრეზიდენტად, რომ ჩეჩნეთში სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა და ომი დამთავრდა... მხატვრულ ღირებულებებზე იშვიათად იყო საუბარი.

ჟიურის დასკვნით სხდომაზე ნამდვილი ვაჭრობა დაიწყო. ინდოელმა თავისი ფილმის გაქაჩვა სცადა; ავსტრიელს თავისი ფავორიტი ჰყავდა; ბრაზილიელ გოგოს (რომელმაც მოგვიანებით ვალტერ სალერსთან ერთად გადაიღო ფილმები) - თავისი. მეც მყავდა ფავოროტები. მაგრამ „განთესვის“ შედეგად ამ ფილმებმა ფინალამდე ვერ მიაღწიეს. ასე რომ, ჩემთვის უკვე თითქმის სულ ერთი იყო, რომელი ფილმი გაიმარჯვებდა ობერჰაუზენში.

ბოლო სხდომა მთელი ღამე გაგრძელდა. ჟიურის წევრები ლამის ერთმანეთის გინებაზე გადავიდნენ. ბოლოს გადაწყდა, თითოს თითო ფილმი დაესახელებინა და ფესტივალის ხუთი პრიზი სწორედ ამ სურათებს შორის განაწილებულიყო.

რაღაც ყირგიზული ფილმი იყო. სახელი აღარ მახსოვს. მთავარი პრიზის ლაურეატი გახდებოდა, ჟიურის ხუთი წევრიდან სამს რომ დაეჭირა მხარი. სურათს არა უშავდა, მაგრამ იუტასა და იმ ინდოელის ჯინაზე (ფილმს სწორედ ესენი ქაჩავდნენ) ჩემი ხმა სულ სხვა სურათს მივეცი.

რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს. „ვისკოჩკას“ ტყუილად კი არ მეძახდა ჩემი დისერტაციის მოსკოველი ხელმძღვანელი!

მთავარი პრიზი ბრიტანელ რეჟისორს, ჯეინ პარკერს გადავეცით ფილმ „კრისტალური აკვარიუმისთვის“.

ბოლო ღამეს, გრანდიოზულ ბანკეტზე, ის რეჟისორები, შევარდნაძე, სტურუა და იოსელიანი რომ უყვარდათ, ახლოს არ გამკარებიან. სამაგიეროდ, გვერდით მომიჯდა იმ ყირგიზული ფილმის ავტორი. ეჭვი მაქვს, ვიღაცამ უთხრა, ერთი ხმა დაგაკლდაო.

რუსულის გარდა სხვა ენა არ ვიცი და თქვენთან გასაუბრება სწორედ ამიტომ გადავწყვიტეო. სხვა დღეებშიც მინდოდა, მაგრამ მერიდებოდა, მეშინოდა, არ გეფიქრათ რომ ჩემს ფილმს „ვქაჩავო“... ცოტა შეთვრა და ბოლოს, როცა ვიშლებოდით, ცრემლიც მოერია და მითხრა, ობერჰაუზენის პრიზი, ეგ 15 000 მარკა, ძალიან მჭირდებოდაო. მის ხუთი წლის ქალიშვილს თურმე სისხლის გათეთრება ჰქონია, მას კი იმედი ჰქონდა, რომ ამ ფულით გოგონას მოსკოვში ჩაიყვანდა და უმკურნალებდა.

არ მახსოვს, რა ვუპასუხე. შეიძლება ვუთხარი, რა ვიცი, მე სწორედ თქვენ მოგეცით ჩემი ხმა-მეთქი... მერე კი ყველაფერი გავაკეთე, რათა თავიდან ამომეგდო ეს ამბავი.

და მხოლოდ ახლა გამახსენდა ისევ.

ქალბატონ ტალიავინიზე, მის კომისიაზე და ქართველთა რეაქციაზე გამახსენდა. როგორ ველოდებოდით ყველა!

ჩვენ ხომ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ვცხოვრობთ... და ყველაფრის და ყველას იმედი გვაქვს, საკუთარი თავის გარდა.

ჰოდა, ვმსჯელობთ დღეს ტალიავინის კომისიის დასკვნაზე და იმას ვკითხულობთ, რაც გვაწყობს, რაც გვაღელვებს (სხვათა შორის, ჩემი წინა ბლოგიც ასე წაიკითხეს ზოგიერთებმა)... მაგრამ ჯერჯერობით რატომღაც არავინ მოინდომა, წარმოედგინა, როგორ მიმდინარეობდა ევროკავშირის ამ კომისიის სხდომები. ვინ რას იძიებდა და ვინ ვისთან ვაჭრობდა? ვინ მივიდა გადამწყვეტ სხდომაზე უძინარი და ვის დაესიზმრა წინა ღამით მიხეილ სააკაშვილი? ანდა, თუ გნებავთ, პუტინი? რამდენი ხანი გაატარეს კომისიის წევრებმა სარკესთან? და რამდენად გემრიელი იყო საუზმე, რომელიც დასკვნითი სხდომის წინ მიირთვეს?

ვინ იყო ამ სხდომაზე „ვისკოჩკა“?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG