Accessibility links

logo-print

„კომისიამ მოვლენათა განვითარების ქართული ვერსია დაადასტურა“


დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელსაც ევროკავშირის საბჭომ გასულ წელს რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული თავდასხმის მიზეზებთან დაკავშირებული ფაქტების დადგენა დაავალა, თავის ანგარიშში მოყვანილი თითქმის ყველა ფაქტით მოვლენათა განვითარების ქართული ვერსია დაადასტურა - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში. კომისიის მიერ მოძიებულ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტად საგარეო საქმეთა სამინისტრო აღიარებს იმას, რომ რუსეთის რეგულარულმა ჯარმა და დაქირავებულებმა საქართველოს საზღვარი 2008 წლის 8 აგვისტომდე გადაკვეთეს უკანონოდ.

ევროკავშირის აგვისტოს ომის დაწყების გარემოებათა დამდგენი კომისიის დასკვნის ოფიციალურ შეფასებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, თავმოყრილია ყველა ის არგუმენტი, რომელიც მოვლენათა განვითარების ქართულ ვერსიას ამყარებს. კერძოდ, განცხადების თანახმად, კომისია ადასტურებს, რომ რუსეთის მხარე საქართველოში შეიჭრა საომარი მოქმედებების დაწყებამდე; ის ასევე ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებზე თავდასხმა ხორციელდებოდა 7 აგვისტომდე; ამას გარდა, ანგარიში ვრცელ მტკიცებულებებს იძლევა 2008 წლის აგვისტომდე რუსეთის მიერ თვეების განმავლობაში წარმოებული მილიტარიზაციისა და იმ პოლიტიკური პროვოკაციების შესახებ, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალს ხელყოფდა. ამასთან, ვკითხულობთ განცხადებაში, კომისია ადასტურებს, რომ რუსეთის მხარდაჭერით მოსარგებლე ძალებმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქცენტს აკეთებს იმ საკითხებზე, რაშიც კომისიის დასკვნას არ ეთანხმება. კერძოდ, კომისიამ რუსეთის ჯარების უკანონოდ ყოფნას საქართველოში სუვერენულ ქვეყანაში შეჭრის კვალიფიკაცია არ მისცა, არ დააკისრა რუსეთს პასუხისმგებლობა მარიონეტული რეჟიმების გაკონტროლებისა და სეპარატისტების შეიარაღების გამო და არ ასახა რუსი სამშვიდობოების მიერ ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც მკაცრად იკრძალება ყველა საერთაშორისო შეთანხმებით. საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება კომისიის მოსაზრებას იმაზეც, რომ საქართველომ თავისი მოქალაქეთა დაცვის მიზნით არასაჭირო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

„მე ყოველთვის ვწუხდი და ყველანი ჩვენ ვწუხდით, რომ ვერ დავადასტურეთ ეთნიკური წმენდა აფხაზეთში მაშინ, ახლა დადასტურდა; ვერ დავადასტურეთ რუსეთის მონაწილეობა და ახლა პირდაპირ დადასტურდა; ვერ დავადასტურეთ ვერასოდეს აგრესია და ახლა ფაქტობრივად დადასტურდა, იმიტომ რომ ამის საბოლოო განმარტება ნიშნავს, რომ მაშინ მთელი ევროპა ფეხზე უნდა დადგეს და თავისი ყველა რესურსი გამოიყენოს. ამის ილუზია, რომ ეს ერთ დღეში მოხდება, არვ მე და არც ჩემს მეგობრებს არა აქვთ, მაგრამ ჩვენ ერთი რამ კარგად ვიცით: ალტერნატივა დემოკრატიულ ევროპულ არჩევანს საქართველოსთვის არა აქვს და მე კიდევ ერთხელ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: ჩვენი ყველას წმიდათაწმიდა მოვალეობა იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ჯარი შემოდის შენს ქვეყანაში, მას გაუწიო ყველანაირი წინააღმდეგობა. ჩვენ ეს გავაკეთეთ და მე ამას ერთი წუთით არ ვნანობ“, -განაცხადა 2 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლიტვის ექს-პრეზიდენტის ვიტაუტას ლანდსბერგისისათვის ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს, წმინდა გიორგის ორდენის, გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე. 1 ოქტომბერს კი მან ევროკავშირის ფაქტების დამდგენი კომისიის ანგარიში საქართველოს ისტორიისთვის დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად შეაფასა.

1 ოქტომბერსვე გავრცელდა ევროკავშირის კომისიის დასვნის პირველი ეუთოსეული შეფასება. განცხადების თანახმად, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საბჭოს ბერძენ ხელმძღვანელობას ეკუთვნის, აღნიშნულია, რომ ფაქტების დადგენა და ყველა მხარის მიერ პერსპექტივების გაგება ჭრილობების მოშუშებისა და კონფლიქტების დარეგულირების საბოლოო გადაწყვეტილების მოძებნის წინაპირობა იქნება და პროცესის დიპლომატიურ განვითარებას შეუწყობს ხელს. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ეუთოს ბერძნული ხელმძღვანელობა ამ პროცესის განვითარებისათვის ძალებს არც მომავალში დაიშურებს.

საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ერიკ ფურნიე კი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ყველა მხარისთვის მისაღებია. მისი შეფასებით, საჭიროა გაკეთდეს ის, რაც გერმანიამ 20 წლის წინ გააკეთა:

„ახლა საჭიროა მშვიდობის განმტკიცება, ცუდი მოგონებების დაძლევა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.“
საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა ისიც, რომ მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენა სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროპელი დამკვირვებლების შეშვების აუცილებლობის შესახებ.

აგვისტოს ომის დაწყების გარემოებათა დამდგენი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნა კვლავაც ყველაზე აქტუალურ თემად რჩება საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრშიც. კონსერვატორები, მაგალითად, რუსეთის მიერ საქართველოს დე ფაქტო და დე იურე ანექსიის გეგმის განხორციელების დაწყებას საქართველოს ხელისუფლების მიერ წამოწყებულ სამხედრო მოქმედებებს უკავშირებენ და სპეციალური დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG