Accessibility links

logo-print

გენერალმა შამანოვმა ფარდა ახადა რუსეთის არმიის კორუმპირებულობას


გენერალი შამანოვი

გენერალი შამანოვი

სახელგანთქმული რუსი გენერალი და ჩეჩნეთის სამხედრო კამპანიის გმირი ვლადიმირ შამანოვი ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვია. მედიის ცნობით, გენერალმა პროკურატურის მუშაკებისაგან საკუთარი სიძის კრიმინალური ბიზნესის დასაცავად სპეცდანიშნულების ნაწილი გაგზავნა მოსკოვის შუაგულში. ოფიციოზმა ამ სკანდალის ჩაფარცხვა სცადა, თუმცა ინციდენტმა მაინც გაჟონა “ნოვაია გაზეტაში” და მას შესაბამისი შეფასებებიც მოჰყვა.

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების მთავარსარდალმა, გენერალმა შამანოვმა 21 სექტემბერს თავის დაქვემდებარებულ ოფიცრებს უბრძანა 45-ე სპეცდანიშნულების ნაწილი გაეგზავნათ იმ ქარხნის დასაცავად, რომელიც მისი სიძის, ალექსეი ხრამუშინის, საკუთრებაა. “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, “სპეცნაზს” უნდა გაენეიტრალებინა პროკურატურის მუშაკები, რომლებიც ცდილობდნენ გენერლის სიძისათვის ბრალდება წაეყენებინათ კრიმინალური საქმიანობისათვის. ამერიკელი მკვლევარის, ნიუ-იორკის გლობალურ საქმეთა უნივერსიტეტის სწავლული მდივნის მარკ გალეოტის თქმით, ეს ნამდვილი სპეცოპერაცია იყო.

“როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი გაზეთი “ნოვაია გაზეტა” წერს, გასულ კვირაში საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმირ შამანოვმა სპეცდანიშნულების ნაწილი გაგზავნა მოსკოვში, რათა ალყაში მოექციათ პროკურატურის გამომძიებლები. გენერალური-პროკურატურა გენერლის სიძეს, ალექსეი ხრამუშინს, ეჭვმიტანილად ცნობს ყოფილი მეტოქის, 2006 წელს მოკლული ერთ-ერთი ბიზნესმენის, ქონების ხელში ჩაგდების მცდელობაში.”

სტატიას “ნოვაია გაზეტამ” სატელეფონო საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერიც დაურთო, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ გაამჟღავნა. თავის მხრივ, გენერალი შამანოვი აცხადებს, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და რომ იგი თავად არის უზნეო კამპანიის მსხვერპლი. როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რუსეთის გენერალურმა შტაბმა გენერალ შამანოვის დაცვისაგან თავი შორს დაიჭირა. გენერალს, როგორც ვარაუდობენ, ან დააქვეითებენ, ანდა არმიის რიგებიდან დაითხოვენ.

როგორც ამერიკელი მკვლევარი მარკ გალეოტი აღნიშნავს, სპეცდანიშნულების ნაწილის მოსკოვში გაგზავნით გენერალმა შამანოვმა ნათლად აჩვენა, რომ კრემლი ნაკლებ ეფექტურად აკონტროლებს სამხედრო სტრუქტურას და რომ ერთგვარი ბონაპარტიზმი, გენერლების პოლიტიკაში ჩარევა, კვლავაც ფესვგადგმულია რუსულ ცნობიერებაში.

შამანოვმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცოდვა ჩაიდინა: მან ხელისუფლებას ყურადღება მიაპყრობინა იმაზე, თუ რა მსუყე ლუკმა შეიძლება აღმოჩნდეს კორუმპირებულ ოფიცერთა კორპუსისათვის კრემლის მიერ დაგეგმილი სამხედრო რეფორმები.

2010 წელს 8 პროცენტით გაიზრდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, რასაც მომხვეჭელი რუსი გენერლები მოუთმენლად ელოდებიან.

რუსეთის ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, კრემლი გეგმავს გააგრძელოს არმიის პროფესიონალიზაცია, შეამციროს გაბერილი ბიუროკრატიული აპარატი და შესთავაზოს უკეთესი მდგომარეობა, პირობები და მაღალი ხელფასი. მათ, ვინც პოსტებს შეინარჩუნებს, ოთხჯერ გაზრდილ ხელფასს აძლევს. ეს კი კორუფციის დიდ შესაძლებლობას წარმოშობს, რადგან სამსახურის შენარჩუნების რეკომენდაციისათვიის ქრთამს არავინ დაიშურებს, - ამბობს ამერიკელი მკვლევარი მარკ გალეოტი.

“პრეზიდენტი მედვედევი საკუთარ თავს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩენს, და სერდიუკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ზრუნავდა, რომ არ მომხდარიყო რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის დატაცება. ამ კონტექსტში, რუსეთის კორუმპირებული სარდლობა შიშობს, რომ შამანოვის შემთხვევამ შესაძლოა საბოლოოდ აიძულოს კრემლი, აღკვეთოს დანაშაული უმაღლეს სარდლობაში. მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ნიშანი იმისა, რომ უმაღლეს სარდლობაში წესრიგის დამყარების მცდელობა იყოს. რაც არ უნდა მოუვიდეს გენერალ შამანოვს, სავარაუდოდ, რუსეთის კორუმპირებული გენერალიტეტი, რომელიც მსგავსი უკანონობის მიმართ შემგუებელია, ჩვეულ საქმიანობას გააგრძელებს.”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განზრახული აქვს მასობრივად გაასხვისოს გაუქმებული სამხედრო ნაწილების უძრავი ქონება, ავეჯი და არასამხედრო დანიშნულების საშუალებები. ესეც კარგი შესაძლებლობაა კორუმპირებული რუსი სარდლებისათვის, რათა მთავრობის გვერდის ავლით გაურიგდნენ დაინტერესებულ პირებს და სარგებელი ნახონ მეორადი ავეჯისა და აღჭურვილობის გაყიდვით. ამისდა მიუხედავად, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მაღალი რანგის ბევრ რუს ოფიცერს სურს, რომ გენერალ შამანოვს პასუხი მალე და მკაცრად მოეთხოვოს, რათა თავად არ აღმოჩნდნენ პროკურატურის მხედველობის არეალში.
XS
SM
MD
LG