Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავი


დოდო ჭიჭინაძე
დოდო ჭიჭინაძე
თბილისში, კინოთეატრ ”რუსთაველის” წინ, დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავი გაიხსნა - მსახიობის, რომელსაც უამრავი ადამიანი ქართული კინოს ერთ-ერთ სახედ აღიქვამს.

დოდო ჭიჭინაძის ვარსკვლავი კინოთეატრის წინ... ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ქართული საზოგადოება მას სწორედ კინოს მსახიობად აღიქვამს და არა თეატრისა. ბევრმა არ იცის, რომ ქართული კინოს ამ ”სახემ”, თავისებურმა სიმბოლომ მთელი ქართული კინოს ისტორიისა, 1950 წლიდან მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო მუშაობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი როლიც ითამაშა ამ თეატრის სცენაზე... თუმცა ეს, ალბათ, მაინც მხოლოდ ეპიზოდია ქართველი ვარსკვლავის ცხოვრებიდან. დოდო ჭიჭინაძე პროფესიონალი კინომსახიობია - 1945 წელს მან კინოსტუდიასთან არსებული სამსახიობო სტუდია დაამთავრა..დიახ, იმ დროს საქართველოში ჯერ კიდევ განასხვავებდნენ ერთმანეთისგან თეატრის და კინოს მსახიობს და ესმოდათ, რომ კინო თავისი ბუნებით სრულიად ეწინააღმდეგება თეატრალურ ენას და პირობითობას. ამიტომაცაა, ალბათ, რომ, იმ პერიოდის ქართული კინოს თეატრალურობის მიუხედავად, დოდო ჭიჭინაძის თამაში არ გამოირჩევა გამძაფრებული ჟესტით, გამძაფრებული მიმიკით. უფრო მეტიც, დოდო ჭიჭინაძის პარტნიორების თქმით, ომის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში განსახიერებული როლები იმით გამოირჩეოდა, რომ დოდო ჭიჭინაძე თითქოს საერთოდ არ თამაშობდა - ისეთი იყო სცენაზე, როგორიც გარეთ, ქუჩაში. რეჟისორები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ ”უმანკოებასთან” ზიარება უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ მაყურებელი დოდო ჭიჭინაძის სანახავად მოსულიყო თეატრში.

კინომცოდნე ლელა ოჩიაური დოდო ჭიჭინაძის ხელოვნების ღირსებად გასაოცარ ბუნებრიობას მიიჩნევს - ბუნებრიობას იმ დროს, როცა სიყალბეს ქართული კულტურა ძალიან ძნელად უმკლავდება. ”არამიწიერი სილამაზე” - ასე ახასიათებს ლელა ოჩიაური დოდო ჭიჭინაძის გარეგნობას და, ამავე დროს, ხაზს უსვამს, რომ ეს სილამაზე არ იქმნება მხოლოდ გარეგნობით. ქართულ კინოზღაპარში ”ცისკარა” დოდო ჭიჭინაძის მზეთუნახავი ჩვენს თვალწინ ცოცხლდება. ასეთივე ეფექტს აღწევს მსახიობი ”ბაში-აჩუკში”. დღეს მისი თამაშის მანერა, ცხადია, მოძველებულია...მაგრამ ეს გულუბრყვილობა თავისუფალია სიყალბისგან. ამიტომაცაა, რომ, ლელა ოჩიაურის თქმით, დოდო ჭიჭინაძეს დღეს ახალგაზრდა მსახიობებიც კი ბაძავენ.

“ბაში-აჩუკის” შემდეგ ქართული კინოს სტილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეიცვალა წარმოდგენა სილამაზეზე – დახვეწილობა და, რაც მთავარია, უმანკოება ვერა და ვერ დამკვიდრდა ახალ ქართულ კინოში, რომლის ავტორებმა, “გმირის” ნაცვლად, ეგრეთ წოდებულ “ანტიგმირებს” მიანიჭეს უპირატესობა. დოდო ჭიჭინაძეს კინოში თითქმის აღარ იღებენ... მაგრამ არ ივიწყებენ... ახალი თაობა მას კვლავაც “ვარსკვლავად” მიიჩნევს. შეიძლება იმიტომ, რომ იგი კვლავაც ცდილობს დაამკვიდროს ის, რაც თავის დროზე მოიტანა “სტალინურ კინოში” და ასე გააცოცხლა ბუტაფორიულ-ისტორიული კინემატოგრაფი; შეიძლება იმიტომ, რომ დოდო ჭიჭინაძე კვლავაც ძალიან აქტიურია, როგორც მოქალაქე, როგორც საზოგადო მოღვაწე, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ მადლიერების ნიშნად ვარსკვლავი გაუხსნა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG