Accessibility links

logo-print

2016 წლის ოლიმპიადას რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს


ბარაკ ობამა სეოკ-ის სესიაზე გამოსვლისას

ბარაკ ობამა სეოკ-ის სესიაზე გამოსვლისას

ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პატივი ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროს მიენიჭა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ-მა) კოპენჰაგენში გამართულ სესიაზე. 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე, რიო დე ჟანეიროს გარდა, პრეტენზიას აცხადებდნენ აშშ-ის ქალაქი ჩიკაგო, იაპონიის დედაქალაქი ტოკიო და ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი. იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები ოლიმპიადის მასპინლობას, შემდეგი გარემოებაც ნათლად მეტყველებს: სეოკ-ის სესიაზე თავიანთი კანდიდატურების მხარდასაჭერად ჩავიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვამ, იაპონიის პრემიერ-მინისტრი იუკიო ჰატოიამა, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი და ამავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო.

სეოკ-ის სესიაზე გამოსვლისას, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ 2016 წლის ოლიმპიადის მასპინძელი მისი მშობლიური ქალაქი - ჩიკაგო - უნდა იყოს: "მოგიწოდებთ, არჩევანი ჩიკაგოზე შეაჩეროთ. მოგიწოდებთ, არჩევანი ამერიკაზე შეაჩეროთ. და თუ ამას ათანხმდებით, თუ ამ გზას ერთად გავუდგებით, შემიძლია დაგპირდეთ - ქალაქ ჩიკაგოთი, და ამერიკის შეერთებული შტატებით, მსოფლიო იამაყებს!"

ობამას ამ მგზნებარე მოწოდებამ არ გაჭრა - ჩიკაგო კენჭისყრის პირველსავე რაუნდში გამოეთიშა კანდიდატთა დავას. არადა, კოპენჰაგენში ობამას ჩასვლა იყო პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა უშუალოდ მიმართა სეოკ-ს.

ჩიკაგოს ერთ-ერთ მთავარ "კოზირად" სწორედ ეს ითვლებოდა, თუმცა, ცხადია, არა მხოლოდ ეს. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავდნენ ქალაქის საუცხოო ინფრასტრუქტურას, მსხვილი სპონსორების მოზიდვის შესაძლებლობებს და არაერთ სხვა ფაქტორს.

თუმცა ჩიკაგო, როგორც აღინიშნა, კენჭისყრის პირველივე რაუნდის შემდეგ გამოცხადდა დამარცხებულად. მეორე რაუნდში მას ტოკიო მიჰყვა და გამოცხადდნენ ფინალისტები: მადრიდი და რიო დე ჟანეირო. მადრიდმა 32 ხმა მიიღო, ხოლო რიომ - 66.

ამრიგად, რიო დე ჟანეირო სამხრეთ ამერიკის პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ამ გამარჯვებას "ისტორიული" უწოდა და თქვა: "ეს არის 190 მილიონი ადამიანის ერთობლივი გამარჯვება, სამხრეთ ამერიკის მთელი კონტინენტის გამარჯვება, მთელი ლათინური ამერიკის გამაოჯვება."

ჟურნალისტის შეკითხვას, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბარაკ ობამა დაამარცხეთო, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ასე უპასუხა: "მე ობამა არ დამიმარცხებია, უბრალოდ, რიომ დაამარცხა ჩიკაგო."
XS
SM
MD
LG