Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო ახალაია: არმია ბრძოლისუნარიანი, მოტივირებული და ქმედითია


ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია
გასულ კვირაში რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრობლემური გამხდარა დაკომპლექტება სამხედრო ბატალიონისა, რომელმაც სულ მალე, მომავალი წლის გაზაფხულზე, სამშვიდობო მისია უნდა შეასრულოს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში. სწორედ ამ ინფორმაციის გადამოწმებით იწყება ჩვენი ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან. ინტურვიუ კობა ლიკლიკაძემ ჩაიწერა.

რადიო თავისუფლება: საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ ნიკა ლალიაშვილზე დაყრდნობით, ჩვენი რადიოთი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთში გასაგზავნი ბატალიონის მომზადება და დაკომპლექტება პრობლემატური გამხდარა. ბატონო ბაჩო, თქვენ, როგორც თავდაცვის მინისტრს, მინდა გკითხოთ, რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს? რამდენად არის ქართული ქვედანაყოფი მზად ამ დიდი მისიის შესასრულებლად?

ბაჩო ახალაია: მე ვერ გეტყვით კონკრეტულად რა ინფორმაციაზეა საუბარი, ან რას ნიშნავს პრობლემატური, მაგრამ მომზადება [ქვედანაყოფის], როგორც დაგეგმილი იყო, ზუსტად ისე დაიწყო, მიმდინარეობს საკმაოდ ნორმალური ტემპებით და რამე დამატებით ექსცესებს არაფერს ადგილი არ ჰქონია. და, ეხლა, რას გულისხმობენ პრობლემატურში, ნამდვილად არ ვიცი. სხვათა შორის, მართლა, რეალურად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე და დროში ეტევა ყველაფერი და [ქვედანაყოფი], ალბათ, დაგეგმილ დროში წავა ავღანეთში, როგორც იყო ადრე განსაზღვრული.

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთი პრობლემა, რაზეც გამახვილდა ყურადღება, სოციალურია, ვთქვათ, ანაზღაურების სიმცირე.

ბაჩო ახალაია: არა, ნამდვილად შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ესეთი რამ, მე თუ არ მსმენია, უნდა დაიჯეროთ, რომ, შესაბამისად, არ არსებობს ეგეთი სოციალური პრობლემა ამ ქვედანაყოფთან - ასეულთან ან ბატალიონთან - მიმართებით. ნამდვილად არ ყოფილა. ჯერ, ყოველ შემთხვევაში, ეგეთი რამ დღის წესრიგში არ მდგარა.

რადიო თავისუფლება: მაშინ მთელ შეიარაღებულ ძალებზე შეგეკითხებით. თქვენ დანიშვნას წინ უძღოდა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა უშიშროების საბჭოზე, რომელმაც თქვა, “არმიას მკაცრი ხელი სჭირდებაო.” თქვენ ხართ, როგორც, შესაძლოა მეტაფორულად გიწოდეს, პრეზიდენტის “მკაცრი ხელი” არმიაში. რატომ სჭირდება და სად სჭირდება ეს მკაცრი ხელი ქართულ ჯარს?

ბაჩო ახალაია: “მკაცრი ხელი” –მართალი ბრძანდებით, ეს შეფასება, შესაძლოა, მეტაფორული იყოს. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ შეიარაღებულ ძალებს სჭირდება ბევრად უფრო ინტენსიური მზადება, ინტენსივობის გაძლიერება ცალკეულ მიმართულებებზე. ეგ შეიძლება იყოს როგორც მომზადების თვალსაზრისით და პროფესიონალიზმის დახვეწის თვალსაზრისით, ასევე, ზოგადად, მთლიანად ტემპების მხრივ, რაც არის აღებული და რაც, შესაძლოა, არ ყოფილიყო ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელი. ეგ არის, ალბათ, ზოგადად. სხვა მეტი არაფერი.

რადიო თავისუფლება: ბრძოლისუნარიანობის მხრივ როგორ გამოიყურება არმია, თქვენი შეფასებით?

ბაჩო ახალაია: არმია არის ბრძოლისუნარიანი, ეს თავისთავად, მარტივად ასე შეიძლება ითქვას, მაგრამ ის, რომ ბევრ რაღაცას კიდევ სჭირდება დახვეწა და განვითარება, ეს არის ფაქტი. ახლა აქ ბრძოლისუნარიანობაზე კონკრეტულად ბევრ რამეს ვერ ვიტყვი. მთავარია, რომ არმია არის მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი, ქმედუნარიანი და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო უნდა დაიხვეწოს და მით უფრო უნდა განვითარდეს.

რადიო თავისუფლება: ბატონო ბაჩო, ცოტა წარმოდგენა რომ არ მქონდეს ქართულ არმიაზე და მთლად უცხო ადამიანი ვიყო, მომეჩვენებოდა, რომ არმიას მაინც აქვს გარკვეული მორალურ-ფსიქოლოგიური პრობლემა. თუნდაც ავიღოთ ის, რომ არსებობს მუხროვანის პროცესი, ძალიან ბევრი ოფიცერი ომის შემდეგ დაითხოვეს.

ბაჩო ახალაია: ბატონო კობა, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე სახის ფსიქოლოგიური პრობლემა ეხლა აქ შეინიშნებოდეს. თქვენ, რა თქმა უნდა, ჩახედული ხართ, მაგრამ მე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს და ვხედავ რაც ხდება. ამიტომ აბსოლუტურად ასეთ შეფასებას ვერ გავაკეთებ! ომის შემდგომი პერიოდი, უკვე შეიძლება ითქვას, რომ გადავლილია. პრობლემები, რომლებიც მას მოჰყვა, ეს პრობლემები მეტ-ნაკლებად უკვე სათანადოდ შეფასებულია და ყველაფერზე არის მეტ-ნაკლებად საჭირო რეაგირება გაკეთებული. ამ თვალსაზრისით შეიარაღებულ ძალებს ეს პრობლემები დღეს არ გააჩნია.

რადიო თავისუფლება: ერთ თვეზე მეტია, რაც დაინიშნეთ. რა ცვლილებები მოხდა ან იგეგმება საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურებში? შეიცვალა თუ არა რამე სამეთაურო-საშტაბო შემადგენლობაში?

ბაჩო ახალაია: არაფერი განსაკუთრებული ისეთი, რომელმაც შეიძლება საზოგადოების ინტერესი გამოიწვიოს, - ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები ნამდვილად არ მოგვიხდენია, იმიტომ რომ ეს არის მიმდინარე და მუშა პროცესი, რომლის დროსაც პერიოდულად სულ იქნება სხვადასხვა დონეზე გადაადგილებები და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რომ საზოგადოების ინტერესის საგანი იყოს, ესეთი ცვლილებები ნამდვილად არ განხორციელებულა.

რადიო თავისუფლება: ბატონო ბაჩო, რამდენად სწორი იყო თავის დროზე სამხედრო-საზღვაო ძალების თავდაცვის სტრუქტურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში გადატანა? ან ხომ არ აპირებთ ფლოტის უკან დაბრუნებას იმ ფონზე, როცა რუსეთი იმუქრება, რომ გაანადგურებს საქართველოს მცურავ საშუალებებს?

ბაჩო ახალაია: რუსეთის მხრიდან ბევრი მოწოდება გაისმის, მაგრამ მაგაზე ამ სახით რეაგირება, არა მგონია, სწორია – როგორ რა უნდა იყოს და სად უნდა იყოს. ზოგადად, სტრუქტურული თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ დღეს შეიარაღებული ძალები ზუსტად ისეა დალაგებული, როგორც უნდა იყოს. შეიძლება ზოგიერთი ნიუანსების, როგორც დრო მოიტანს, ცალკეულ მიმართულებებზე შესწორება, მაგრამ არა მგონია, რომ ამ ეტაპისათვის ჩვენთვის განსაკუთრებული დანაკლისი იყოს იმ კონკრეტული ფლოტის არარსებობა თავდაცვის უწყებაში, რომელიც იყო.

რადიო თავისუფლება: გავკადნიერდები და ერთ შეკითხვას თქვენს შესახებ დაგისვამთ. როგორ რეაგირებთ, როდესაც გესმით ან კითხულობთ, რომ ბაჩო ახალაიას დანიშვნით არმია პოლიციის ქვედანაყოფად გადაიქცევა?

ბაჩო ახალაია: ნუ, ეხლა, რაღაც რეაქციები სერიოზულ თემებზე შეიძლება სერიოზული იყოს, მაგრამ ასეთ არასერიოზულ თემებზე არა მგონია, რომ კაცმა საერთოდ შეიძლება გადმოსცეს, თუ როგორ რეაგირებს. ასეთ შეფასებებში მე სერიოზულს, პრინციპში, მართალი რომ გითხრათ, გულწრფელად ვერაფერს ვერ ვხედავ.

რადიო თავისუფლება: ბატონო მინისტრო, შეიძლება თუ არა ჩვენს რადიომსენელებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ეხმარება და როგორ ქართულ არმიას პოსტკონფლიქტურ აღდგენით პროცესში?

ბაჩო ახალაია: სერიოზულად მეკითხებით?(იცინის) ბატონო კობა, თქვენ რამოდენიმე შეკითხვა ისეთი დასვით, რომელთან დაკავშირებითაც, რაღაც ეტაპზე, შეიძლება ღირდეს თავის შეკავება, იმიტომ რომ... ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დახმარებებს რაც შეეხება, ჩვენ ზუსტად იმ ინტენსივობით ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ვმუშაობდით ომამდე. სხვათა შორის, საბედნიეროდ, არაფერი არც ერთი მიმართულებით არ შეცვლილა. უბრალოდ, ვინ როგორ ხედავს და ვინ როგორ აფასებს, -ეს მეორე საკითხია. მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ინტენსივობა პარტნიორებთან ურთიერთობის, შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება უფრო მაღალ ეტაპზე ავიდეს, ვიდრე იყო ომამდე.

რადიო თავისუფლება: ამას იმიტომ გეკითხებით, ბატონო მინისტრო, რომ იყო ინფორმაცია, თითქოს პენტაგონმა უკან დაუბრუნა სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დახმარებისათვის განკუთვნილი თანხები.

ბაჩო ახალაია: არა, არა, ბატონო კობა! ესეთ ფაქტს ნამდვილად არ ჰქონია ადგილი, ეს შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ. არ ყოფილა, ნამდვილად, ესეთი რამ.

რადიო თავისუფლება: 29 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან თქვენ თქვით, რომ საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს შორეული პერსპექტივაა თუ - ახლო? საერთოდ, როგორ აპირებთ, როგორ წარმოდგიდგენიათ თქვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?

ბაჩო ახალაია: ბატონო კობა, ორი წუთი მთხოვეთ, ნამდვილად მახსოვს (იცინის). ცოტა ისეთ ფართო თემებზე გადავდივართ. მე ერთი რამ ვთქვი მემორიალთან, რომ თითოეული ჩვენგანის, თითოეული საქართველოს მოქალაქის, თითოეული ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას, სახელმწიფო უწყებაში თუ არასახელმწიფო სექტორში მომუშავე და, საერთოდ, ნებისმიერ ქართველს ამოძრავებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. და ეს ბრძოლა, რომელიც დაიწყო წლების წინ, დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ეგ მიზანი იქნება მიღწეული. შემიძლია სიტყვასიტყვით გაგიმეოროთ ის, რაც მაშინ ვთქვი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG