Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოფესტივალი წვიმის წვეთების თანხლებით


ბათუმის კინოთეატრი ”თბილისი”
ბათუმის კინოთეატრი ”თბილისი”
ამ კვირის დასაწყისში ბათუმში საავტორო კინოს მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა.

ბათუმის კინოფესტივალის დირექტორმა გიორგი გოგიბერიძემ ეს, ახლა უკვე მეოთხე, კინოფორუმი კინოთეატრ "თბილისის" ხალხით სავსე დარბაზში გახსნა. ვუყურებდი ამ დარბაზს და ვფიქრობდი, როგორ ცდებიან თბილისელები, რომლებმაც ბათუმში გამგზავრების წინ მითხრეს: ”კი მაგრამ, რაში სჭირდება ამ პატარა ქვეყანას ორი საერთაშორისო კინოფესტივალი: ერთი სექტემბერში, ბათუმში, და მეორე - დეკემბრის დასაწყისში, თბილისში; მოაწყონ ერთი და ხარისხიანი”. ცდებიან, რადგან ბათუმის კინოფესტივალი, პირველ რიგში, ბათუმელებისთვის იმართება, იმ ხალხისთვის, ვინც დღეს თბილისელებზე უფრო მეტად მოკლებულია კარგი კინოს ნახვის შესაძლებლობას, თუმცა კარგად ახსოვს, მაგალითად, გიორგი მასალკინის კინოკლუბი, სადაც კინოს მოყვარულები კარგ ფილმებს უყურებდნენ და არჩევდნენ, ახსოვს გრძელი რიგები ბათუმის კინოთეატრებთან.

დღეს ბათუმში ერთადერთი კინოდარბაზია, სადაც კინოს ჩვენება შეიძლება - კინოთეატრი ”თბილისი”. თუმცა - არ ვიცი, აპარატურის ბრალი იყო თუ თავად კინომექანიკოსისა - ფილმების ჩვენების ხარისხი ფესტივალზე კატასტროფულად ცუდი იყო: გამოსახულება ხან გადანათებული იყო, ხან სრულიად ბნელი, ფოკუსი მუდმივად ირღვეოდა. ამას დაემატა ცუდი ხარისხის თარგმანი, შეცდომებით (ფილმებს ქართული სუბტიტრებით უჩვენებდნენ). წესით, ასეთ პირობებში ფილმის ნახვა არ უნდა ყოფილიყო სასიამოვნო, მაგრამ ბათუმის კინოფესტივალის ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას: მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ამ ტექნიკურ ხარვეზებს მაყურებლისთვის დისკომფორტი არ შეექმნა - ფესტივალისთვის შეარჩიეს, მართლაც რომ, საინტერესო ფილმები, ჩამოიყვანეს საინტერესო სტუმრები - ჰოლანდიელი რეჟისორი იოს სტერლინგი (იგი ჟიურის თავმჯდომარე იყო), პოლონური კინოს ცოცხალი კლასიკოსი ქშიშტოფ ზანუსი., მოაწყვეს შეხვედრები მიხეილ კობახიძესთან, ირაკლი კვირიკაძესთან და, რაც მთავარია, შექმნეს ატმოსფერო კინოზე მსჯელობისთვის. სხვათა შორის, ამას, გარკვეული თვალსაზრისით, ამინდმაც შეუწყო ხელი - ბათუმის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალი თავსხმა წვიმაში გაიხსნა. მზემ ფესტივალის დღეებში მხოლოდ ერთხელ გამოანათა. წვიმა კი, ასე ვთქვათ, "მადლია" კინოფესტივალისთვის, მით უფრო მაშინ, როცა ზღვისპირა ქალაქში სექტემბერში იმართება. ხალხი, უბრალოდ, იძულებულია უყუროს კინოს. მაშინაც კი, როცა დარბაზში სახურავიდან წვიმის წვეთები ჩამოდის.

მსოფლიოში უამრავი კინოფესტივალი იმართება კონკურსით და, როგორც წესი, კონკურსი მხოლოდ "ა" კლასის კინოფესტივალებზეა საინტერესო. კონკურსი იყო ბათუმის ფესტივალზეც: იოს სტერლინგის ჟიურიმ გრან-პრით აღნიშნა ავღანელი რეჟისორის სადიქ ბარმაქის ფილმი "ოპიუმის ომი", პრიზით - საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის - პოლონური სურათი "ნაკაწრი", პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადაეცა ირანელ მსახიობს ფარვიზ პარასტუის (მან მთავარი როლი ითამაშა ირანულ საკონკურსო სურათში "ოცი"), ხოლო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის - მეგი კობალაძეს, თურქი რეჟისორის ალპერ ოზჩანის ფილმში "შემოდგომა" განსახიერებული ერთ-ერთი როლისთვის.

ბათუმელი მსახიობის და, საერთოდ, ამ ფილმის წარმატება საგანგებოდ უნდა აღინიშნოს - ამბავი თურქეთის ციხიდან განთავისუფლებულ ყოფილ პოლიტპატიმარზე, 33 წლის იუსუფზე, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში მშობლიურ სოფელს უბრუნდება და ქართველ მეძავს, ეკას, შეიყვარებს, იმდენად გამჭვირვალედ, მორალიზმის გარეშე ვითარდება, რომ ფინალამდე დაძაბულს ტოვებს მაყურებელს, მიუხედავად სურათის ძალიან ნელი, მართლაც რომ, მედიტაციური რიტმისა. საერთოდ, თურქული და პოლონური ფილმების რეტროსპექტივები ბათუმის კინოფესტივალის ყველაზე წარმატებულ პროგრამად უნდა მივიჩნიოთ. ინტერნეტის ეპოქაში კინოს მოყვარულები - მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს, ფაქტია - ფილმებს იწერენ ეგრეთ წოდებული ”პირატული საიტებიდან”... მაგრამ ფილმებს, რომელიც თურქულ და პოლონურ პროგრამებში იყო წარმოდგენილი, ქართველი კინოს მოყვარულები მხოლოდ აქ, ბათუმში, ნახავდნენ... და არა მარტო ბათუმელები - ფესტივალზე არაერთი თბილისელი კინემატოგრაფისტი იყო აკრედიტებული.

თავდაპირველად დასწრება თავისუფლი გვეგონა - ალბათ, იმიტომ რომ კარისკაცები ბათუმში განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩეოდნენ და, ჩემი დაკვირვებით, არავინ დაუტოვებიათ დარბაზის გარეთ...გამონაკლისი იყო მხოლოდ ლარს ფონ ტრიერის ”ანტიქრისტეს” პრემიერა - ფესტივალის ლამის მთელი დირექცია კარებში იდგა და დარბაზში არ უშვებდა 18 წლამდე ასაკის მოზარდებს... ფილმის წარდგენის წინ კი ვთქვი, ჯობდა ამ ყმაწვილებთან ერთად ზოგიერთი მოზრდილიც არ შემოგეშვათ დარბაზში-მეთქი - "ანტიქრისტე" კანში ნანახი მქონდა და მახსოვდა, როგორ "ხმამაღლა" ჩაიარა ფილმის პრემიერამ - მახსოვდა შეძახილები დარბაზში და პროფესიონალი კინოკრიტიკოსები, რომელთა გულმა ვერ გაუძლო ტრიერის ფილმს; რომლებმაც დარბაზი ფილმის ფინალამდე დატოვეს. ამიტომ გავაფრთხილე პუბლიკა. მაგრამ ბათუმელმა მაყურებელმა "ანტიქრისტეს" გასუსულ დარბაზში უყურა. უფრო მეტიც, ფილმის ბოლოს ოვაციებიც კი გაიმართა!

მართლა განსაკუთრებული მაყურებელი ჰყავდა ამ ფესტივალს და ბათუმი მართლაც იმსახურებს თავის კინოფორუმს, რომელიც, ჩემი კოლეგების გასაგონად მინდა ვთქვა, ასევე თემატურია: ბათუმის კინოფორუმს "საავტორო კინოს ფესტივალი" ჰქვია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG