Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობია, განთავსდება თუ არა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები საქართველოში



ვაშინგტონს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ სად განათავსებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტებს, - ამის შესახებ სააგენტო “ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ. მისი თქმით, ამერიკულმა მხარემ მოკავშირეებთან, მათ შორის - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ამ საკითხის გარშემო მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დაიწყო და ამიტომ, ამ ეტაპზე ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რომელი ქვეყნები იქნებიან თავდაცვის სისტემების ახალ ქსელში ჩართული.
ვერშბოუს ინფორმაციით, შესაძლოა, ამერიკული სისტემები არმავირსა და გაბალაში, რუსულ რადარებთან ერთად განლაგდეს.
შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სისტემის ნაწილი საქართველოშიც განთავსდეს, ვერშბოუმ უპასუხა, რომ “ამ ეტაპზე კონკრეტული ქვეყნის დასახელება არ შეუძლია, რადგან ნატო-ში მოკავშირეებთან კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ”საქართველოსთვის ჯერ არავის მოუმართავს იმისთვის, რომ ამ სისტემის რაიმე ელემენტი განთავსდეს ჩვენს ტერიტორიაზე.”
XS
SM
MD
LG