Accessibility links

logo-print

ტალიავინის კვირა

  • ნიკო ნერგაძე

ჰაიდი ტალიავინი

ჰაიდი ტალიავინი

კვირა დაიწყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნით სტრასბურგში. სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოსა და რუსეთის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე მიღებული ორი რეზოლუციის შესრულების მდგომარეობის განხილვა.

29 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე მსჯელობის საგანი გახდა ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დასკვნის საფუძველზე მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმადაც, რუსეთს ევროსაბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება 2010 წლის 1 იანვრამდე დაეკისრა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს დელეგაციის წევრებმა - როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა - უკიდურესი კმაყოფილება გამოთქვეს რეზოლუციის საბოლოო ტექსტით.

ხუთშაბათს ევროპის საბჭოში დებატები გაიმართა რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერების თაობაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილებები გაუგრძელა.რუსული დელეგაციის უფლებამოსილებების გაგრძელებას დარბაზში მყოფი პარლამენტარების უმეტესობამ დაუჭირა მხარი. ასევე, ასამბლეამ უარი თქვა შეეჩერებინა რუსეთისთვის ხმის უფლება იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა. თავად რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლიცკიმ სხდომა პირველივე პოლიტიკური განცხადების მოსმენის შემდეგ დატოვა.

სხვა დროს, ალბათ, სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია იქნებოდა კვირის მთავარი ახალი ამბავი, ამჯერად კი სესია სრულიად დაჩრდილა საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნამ, რომელიც 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. ევროკავშირის ეგიდით მოქმედმა კომისიამ, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, დასკვნა ჯერ რუსეთისა და საქართველოს მხარეებს გაუგზავნა, შემდეგ კი დოკუმენტი საჯარო გახდა.
ჯერ კიდევ დოკუმენტის გამოქვეყნებამდე უცხოური პრესა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ დასკვნაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების საწყის წერტილად საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვა იყო მიჩნეული. ქართული მხარე კი დასკვნის გამოქვეყნებისთანავე აცხადებდა, დოკუმენტში არსად წერია, ომი საქართველომ დაიწყოო. პირველად ეს განცხადება საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გააკეთა.
თუმცა ექსპერტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილმა დოკუმენტში ორივე მხარის კრიტიკა ამოიკითხა. ოპოზიცია ყურადღებას სწორედ სააკაშვილის შეცდომებზე ამახვილებდა.

ბევრი ჟურნალისტი და ექსპერტი საქართველოსა და უცხოეთში აღნიშნავდა, რომ დოკუმენტი ინტერპრეტაციების საფუძველს იძლევა. მართლაც, როგორც ქართული, ასევე რუსული მხარე დასკვნით კმაყოფილი იყო და ამბობდა, რომ დოკუმენტი სწორედ მის ვერსიას უჭერდა მხარს. თავად კომისიის ხელმძღვანელმა, ჰაიდი ტალიავინიმ, 1 ოქტომბერს ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში“ გამოაქვეყნა მოსაზრება, ერთგვარი შეჯამება ათასგვერდიანი დასკვნისა. ”როგორც კატასტროფული მოვლენების უმრავლესობას, 2008 წლის აგვისტოს ომსაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ ოსეთის - დედაქალაქ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა იყო, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოჰყვა. კიდევ ერთი ფაქტორი იყო – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ”გაყინული კონფლიქტების” მოგვარებაში პროგრესის ნაკლებობა 15 წელზე მეტი ხნის მანძილზე”, - წერდა ტალიავინი.
კიდევ ერთი სამსჯელო საკითხი გახლდათ, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა „ტალიავინის კომისიის“ დასკვნას. რადიო თავისუფლებასთან საუბარში საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტმა ბაკურ კვაშილავამ აღნიშნა, რომ დასკვნა კარგი იარაღი გახდებოდა საინფორმაციო ომში, თუმცა კონკრეტულ შედეგებს, ალბათ, არ მოიტანდა.

საქართველოსთან ომის დასრულების აღსანიშნავად აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესტუმრა. სოხუმში ვიზიტისას ლავროვი სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერებს შეხვდა და თავის აფხაზ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. ეს შეთანხმება როგორც რუსეთის, ასევე აფხაზეთის მოსახლეობას შიდა პასპორტებითაც კი უვიზოდ გადაადგილების საშუალებას აძლევს.

დაბოლოს, დღეს ქართველი კლასიკოსი მწერალი, ოთარ ჭილაძე, მთაწმინდის პანთეონში, ნიკო ნიკოლაძის საფლავის გვერდით დაკრძალეს. ოთარ ჭილაძე პირველ ოქტომბერს 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. მთაწმინდაზე გადასვენებამდე სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მწერლის ხსოვნას უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი, მათ შორის პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც თქვა: „მინდა მივხედოთ იმას, რომ ახალგაზრდებმა იკითხონ მისი წიგნები, რათა მისი შემოქმედება შემდეგ თაობებს გადაეცეს. უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მოხდეს მისი პროზისა და პოეზიის პოპულარიზაცია.“ გადაყვეტილება ოთარ ჭილაძის მთაწმინდაზე დაკრძალვის შესახებ თბილისის მერიამ საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად მიიღო. თბილისის ვიცე-მერის, მამუკა ახვლედიანის, ინფორმაციით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ადგილები აღარ არის დარჩენილი და ამიტომ ის პრაქტიკულად დახურულად გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG