Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 5 ოქტომბერი 2009


დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ანგარიში და მისი შეფასებითი მონაკვეთები ქართულ პრესაში კვლავაც მსჯელობის საგნად რჩება. ერთ-ერთი მთავარი თემა მოსალოდნელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ოპოზიციის გეგმებია.

”კვირის პალიტრა” ტალიავინის კომისიის დოკუმენტის შესახებ საერთაშორისო სამართლის ექსპერტ პროფესორ ლევან ალექსიძეს ესაუბრა. ის ამბობს, რომ გასული კვირის გამოხმაურებებს შორის პირადად მისთვის ”ყველაზე ღირებული და ობიექტური ილარიონოვის შეფასება იყო, რომლის აზრითაც, დასკვნა სკანდალურია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოებს თავისი სუვერენიტეტის დაცვას უკრძალავს და ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს”. ლევან ალექსიძე კომისიის შემადგენლობაზეც გამოთქვამს მოსაზრებას და თავის განზრახვასაც უზიარებს ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტს: ”ვიმეორებ, რომ კომისიაში საქართველოსადმი აშკარად აგრესიულად განწყობილი რამდენიმე ექსპერტი იჯდა, რომ გერმანიის ელჩი მოსკოვიდან უშუალოდ უკავშირდებოდა მათ... თავად ქალბატონი ტალიავინიც, ცოტა არ იყოს, ინერტული პიროვნებაა, არ არის შემტევი. მაგრამ თავისთავად, კომისიამ საქართველოსთვის, უფრო სწორად კი სამართლიანობისთვის, მაინც უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. სამომავლოდ ვფიქრობ, კომისიის მიერ მოგროვილ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით, მოვამზადო დასკვნა.”

ტალიავინის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ეხება ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს დიდი ნაწილიც. მას ”ახალი თაობა” ესაუბრა. ალასანია დოკუმენტს ”ძალიან ობიექტურს” უწოდებს და ამავე ინტერვიუში ამბობს: ”ეს ანგარიში ვერანაირად ვერ გახდება და არც უნდა გახდეს საფუძველი რაიმე არაკონსტიტუციური, არასამართლებრივი გზით საქართველოს ხელისუფლების ცვლილებისა. არ უნდა შევცვალოთ ჩვენი გზა, რომელიც ავირჩიეთ, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდეს კონსტიტუციური, სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზით. ამიტომ ჩვენს გზად რჩება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლების შეცვლა.”

”არჩევნები შეიძლება თებერვალში გადმოიტანონ” - ასეთ სათაურს ნახავთ ”მთელი კვირის” პირველ გვერდზე. ”ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება რომ გამძაფრებული ტემპით დაიწყო, ამის მისახვედრად მარტო უგულავას ყოველდღიური გრაფიკი და სატელევიზიო სიუჟეტებიც კმარა, სადაც დედაქალაქის მერს სხვადასხვა რაკურსით აჩვენებენ. სახელისუფლებო კულუარებში კი უკვე იმაზე დაიწყო საუბარი, რომ ასეთი გრაფიკის მაისის ბოლომდე შენარჩუნება გაჭირდება და არ არის გამორიცხული ადგილობრივი არჩევნების თარიღმა თებერვლისთვის გადმოიწიოს”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი, თუმცა ამავე სტატიაში მოყვანილია დეპუტატ ლევან ვეფხვაძის კომენტარიც. ის ჩამოთვლის მიზეზებს, რის გამოც ხელისუფლებას არაფერში აწყობს არჩევნების, მაისის ნაცვლად, უფრო ადრე - თებერვალში - ჩატარება.

”24 საათი” სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მკითხველს კოდექსის პროექტის კოორდინატორ ირაკლი კოტეტიშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატ დიმიტრი ხაჩიძისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილის მოსაზრებებს აცნობს. კოტეტიშვილი ჩამოთვლის რიგ სიახლეებს, რის გამოც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უფრო ცივილიზებული იქნება: ”პირველ რიგში, იცვლება სისხლის სამართალწარმოების ინკვიზიციური სისტემა როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში, ანუ შემოდის შეჯიბრებითი სისხლის სამართალი. დღეს არსებობს ბრალდების მხარე, ბრალდებულის დაცვის მხარე და დაზარალებული. პროექტის მიხედვით კი, იქნება ორი მხარე - ბრალდება და დაცვა”, - ამბობს ირაკლი კოტეტიშვილი. ადვოკატი დიმიტრი ჩიხრაძე ამის პასუხად: ”შეჯიბრებითობის პრინციპის შემოღება ძალიან კარგია, დაცვა და ბრალდება თანაბარ პირობებში იქნებიან, მაგრამ გასათვალისწინებელია, რამდენად მოხდება ამ უფლებების რეალიზება”. ჩიხრაძე არაკონსტიტუციურ, დისკრიმინაციულ ნორმად თვლის იმასაც, რომ საწყის ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მხოლოდ თბილისის მასშტაბით ამოქმედდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა მეიშვილი: ”მართალია, ადვოკატს, პროკურორისგან განსხვავებით, ყველა საგამოძიებო მოქმედების განხორციელების საშუალება არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, დაცვის მხარეს აქვს უფლება გარკვეული მტკიცებულება შემოინახოს, მაშინ როდესაც ბრალდების მხარე ვალდებულია ყველა მტკიცებულება თავიდანვე წარმოადგინოს”. მოსაზრებებს სისხლის სამართლის მომავალ საპროცესო კოდექსზე მკითხველს ”24 საათი” სთავაზობს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG