Accessibility links

logo-print

მასწავლებლის საერთაშორისო დღე პედაგოგებმა საპროტესტო აქციით აღნიშნეს


პედაგოგების საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

პედაგოგების საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა 5 ოქტომბერი, მასწავლებელთა საერთაშორისო, დღე საპროტესტო აქციით აღნიშნა. აქციის მიზეზი პარლამენტართა მხრიდან იმ 60 000 ხელმოწერის იგნორირება გახდა, რომელიც პედაგოგებმა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში წარადგინეს. პედაგოგებმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხათუნა ოჩიაურმა განაცხადა, აღნიშნულ ინიციატივას, მართალია, განიხილავენ, მაგრამ ის აუცილებლად ჩავარდება. დღეს კი, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განიხილება.

უვადო ხელშეკრულებები, უკანონო გათავისუფლებების შეჩერება, სახელმწიფოს მიერ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სახსრების გაღება, სკოლების დეოპტიმიზაციის განხორციელება, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო სტატუსის აღდგენა - აი, იმ მოთხოვნების მოკლე ჩამონათვალი, რომლებიც პედაგოგებმა ფერად ბუშტებს ჰაერში გაატანეს. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა 5 ოქტომბერი, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე, გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციით აღნიშნა. პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის მიზეზი პარლამენტართა მხრიდან იმ 60 000 ხელმოწერის იგნორირება გახდა, რომელიც პედაგოგებმა რამდენიმე თვის წინ პარლამენტში წარადგინეს. 100 000-მდე პედაგოგმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე აღნიშნავს, რომ, როგორც მათ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხათუნა ოჩიაურმა განუცხადა, მათი ყველა ინიციატივა განიხილება, მაგრამ ჩავარდება:

“აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს, რომ მასწავლებლებთან გაფორმდეს უვადო ხელშეკრულებები, მასწავლებელთა ეთიკის კოდექსი შეიმუშაონ თავად პედაგოგებმა, რომ შეწყდეს პედაგოგთა უკანონო გათავისუფლებები და კიდევ სხვა პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც პედაგოგებს საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2008 წლის 8 მაისს წყნეთში დაჰპირდა. არადა, როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტში განგვიცხადეს, აღნიშნული კანონპროექტი აუცილებლად ჩავარდება”, - აცხადებს მანანა ღურჭუმალიძე.

ის ფაქტი, რომ პედაგოგთა პროფკავშირის მიერ წარმოდგენილი ინიციატივები ჩავარდება, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხათუნა ოჩიაურმა რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, ამ ინიციატივების კანონში ჩაწერა საჭირო არ არის, რადგან ის ისედაც სრულდება:

”მინდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ყველა ეს ინიციატივა ძალაშია და აღარ შეიძლება ამის კანონში ჩაწერა. ჩვენ არ გვინდოდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ჩავარდნილიყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს ყველა მოთხოვნა ისედაც სრულდება.”

პედაგოგთა საპროტესტო აქციას პარლამენტიდან ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერები გამოეხმაურნენ და პედაგოგებს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის პოზიცია გააცნეს. დავით ბაქრაძის განცხადებით, პედაგოგთა პროფკავშირის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა იქნეს განხილული. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, ისინი პედაგოგებს სრულ მხარდაჭერას ჰპირდებიან.
XS
SM
MD
LG