Accessibility links

logo-print

რატომ ვერ მოხერხდა გორის უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის რეაბილიტაცია


სტალინის ძეგლი გორის ცენტრალურ მოედანზე

სტალინის ძეგლი გორის ცენტრალურ მოედანზე

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა, მაგრამ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა სტუდენტებს მთავარ სასწავლო კორპუსში ვერ უმასპინძლეს. გასული წლის აგვისტოს ომის დროს, გორის დაბომბვისას, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი დაზიანდა, მაგრამ წელიწადზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ სრულდება. სამშენებლო კომპანია „პირამიდა 2002“–მა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გასული წლის ბოლოს გაიმარჯვა, დაფინანსების ნაწილი მიიღო და სამუშაოებიც დაიწყო,რომელიც 2009 წლის მარტისთვის უნდა დაესრულებინა, მაგრამ საქმე შუა გზაზე მიატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის საქმიანობას ამჟამად პროკურატურა სწავლობს,განათლების სამინისტრომ კი სამშენებელო კომპანიის შერჩევა კონკურსის გამოცხადების გარეშე თვითონ უნივერსიტეტს შესთავაზა. ამჟამად სასწავლებლის ხელმძღვანელობა სანდო და გამოცდილი ორგანიზაციის მოძებნით არის დაკავებული. უნივერსიტეტის კანცლერის დავით ბიძინაშვილის განცხადებით, შერჩეულმა ორგანიზაციამ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს, ხოლო მილიონ-ნახევარი ლარი მომავალ წელს უნდა დახარჯოს და კორპუსის რეაბილიტაცია,საბოლოოდ, 2010 წელს დაასრულოს.

ომის შემდეგ გორის უნივერსიტეტს პირველი დახმარება ბალტიისპირეთის რესპუბლიკების უნივერსიტეტებმა აღმოუჩინეს. უნივერსიტეტის პროფესორის ლია მამულაშვილის განცხადებით, ამიტომ დღეს ლიტვის ელჩს საქართველოში გორის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. მამულაშვილის თქმით, გორის უნივერსიტეტში წელს 75 დევნილი ახალგაზრდა ჩაირიცხა, რომლებსაც სახელმწიფო დაეხმარება.

მაშინ, როცა გორის უნივერსიტეტი რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა, სტუდენტები საკურსო გამოცდებს აბარებდნენ. ამჟამად მეოთხეკურსელები მეორე წელია მთავარი კორპუსის დასრულებას ელოდებიან და იმის იმედიღა აქვთ, რომ უნივერსიტეტის მთავარ კორპუსში გამოსაშვებ საღამოს მაინც აღნიშნავენ.
XS
SM
MD
LG