Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის არჩევნებში სოციალისტურმა მოძრაობამ გაიმარჯვა


საბერძნეთის სოციალისტური მოძრაობის ლიდერი გიორგოს პაპანდრეუ
საბერძნეთის სოციალისტური მოძრაობის ლიდერი გიორგოს პაპანდრეუ
კვირას საბერძნეთში გამართულ არჩევნებში არა მხოლოდ სოციალისტები და კონსერვატორები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, ეს იყო ასევე ორი პოლიტიკური კლანის მეტოქეობა: ორივე პარტიის - დამარცხებული “ნეა დიმოკრატიას” და გამარჯვებული პანელინისტური სოციალისტური მოძრაობა “პასოკის” - ხელმძღვანელები, კოსტას კარამანლისი და გიორგოს პაპანდრეუ, ძველი დინასტიების შთამომავლები არიან.

ომის შემდგომი საბერძნეთის პირველი პრემიერ-მინისტრიც გიორგოს პაპანდრეუ იყო, ახლა გამარჯვებული, ამავე სახელისა და გვარის პოლიტიკოსის პაპა. ნაცისტი ოკუპანტების წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე, შემდგომ, სამოციან წლებში, მთავრობის მეთაური გახდა. მის შვილი, ანდრეასი, ემიგრაციაში ცხოვრობდა დიდხანს. შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულმა, 1974 წელს ამჟამად გამარჯვებული პანელინისტური სოციალისტური მოძრაობა დააარსა. როგორც მისი ხელმძღვანელი, ის ორჯერ, 80-იან და 90-იან წლებში, საბერძნეთის პრემიერი იყო. ამ დროს ჩააბა მამამ გიორგოს პაპანდრეუ სახელმწიფო საქმეებში. კარამანლისებს რაც შეეხება, კოსტასის ბიძა, კონსტანტინოსი, 50-იან და 60 -იან წლებში იყო პრემიერის პოსტზე. სამხედრო დიქტატურის დროს პარიზში ცხოვრობდა. მოგვიანებით, კონსერვატორების გამარჯვების პერიოდში, ის საბერძნეთის პრეზიდენტი იყო. ახლა არჩევნები სოციალისტებმა მოიგეს. კოსტას კარამანლისმა შემდეგი განაცხადა თავისი მარცხის აღიარებისას:

“ჩემთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რომელიც პასუხიმგებლობას და ღირსებას უკავშირდება: ესაა შედეგების აღიარება და ახლა ახალი დემოკრატიული პარტიის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურას ვიწყებთ.”

ოფიციალური მონაცემებით, კვირის არჩევნებში სოციალისტურმა მოძრაობამ 44,9 პროცენტი მოაგროვა. შედეგად, პარლამენტის 300 ადგილიდან 160-ს დაეპატრონა, რაც აბსოლუტურ უმრავლესობას ნიშნავს. ახლა, საბერძნეთის კონსტიტუციის თანახმად, პაპანდრეუს სამი დღე აქვს კაბინეტის შესაქმნელად. ამის თაობაზე მას პრეზიდენტმა კაროლოს პაპოულიასმა შესაბამისი დავალება მისცა. საბერძნეთის მედიის თანახმად, პაპანდრეუ აპირებს სამთავრობო გუნდი შეამციროს და მეტი ქალი შეიყვანოს კაბინეტში. პაპანდრეუმ უკვე გამოაცხადა ასევე, რომ ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის 100 დღიან პროგრამას აამოქმედებს. ის აპირებს ბუნებისთვის ნაკლებად საზიანო ტექნოლოგია წაახალისოს და კორუფციას შეებრძოლოს. გამარჯვებულმა ასე გამოხატა თავისი მიზანი:

“ჩვენ ერთად ვდგავართ იმ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე, რომელიც მე ვიკისრე. ესაა პასუხისმგებლობა სახელმწიფო კურსის შემუშავებისა, კურსისა, რომელიც იქნება ჰუმანური, ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას.”

“ნეა დიმოკრატიამ“ მხოლოდ 34 პროცენტის მიმხრობა შეძლო და 1974 წლიდან,ანუ დღიდან პარტიის დაარსებისა, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. კარამანლისმა პარტიის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. ის 2004 წლიდან მართავდა ქვეყანას, 2007 წელს კვლავ აირჩიეს. ახლა, ეკონომიკური კრიზისის გამო, მან ვადამდელი არჩევნები დანიშნა. პარლამენტში მისი პარტია, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებულ არაერთ სკანდალში იყო გახვეული, მხოლოდ ერთხმიან უპირატესობას ფლობდა.

საბერძნეთის ახალ პარლამენტში კომუნისტებს 21 მანდატი აქვთ, ნაციონალისტურ-რელიგიურ, სახალხო მართლმადიდებლურ გაერთიანებას - 15, ხოლო რადიკალური მემარცხენეები 13 ადგილს დასჯერდნენ. მწვანეებმა პარლამენტში მოხვედრა ვერ შეძლეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG