Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბალკანეთში ურთიერთმტრობის ცეცხლი ჯერ არ ჩამქრალა


შიროკი ბრიეგში გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკება
შიროკი ბრიეგში გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკება
ბალკანეთში, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე, რეგიონის ეთნოსებს შორის ქიშპის ანარეკლი იყო კვირას, ბოსნიის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის დროს, შიროკი ბრიეგში გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის შეტაკება, რომლის დროსაც ფეხბურთის ერთი გულშემატკივარი დაიღუპა და 22 პირი - მათ შორის, 12 პოლიციელი - დაშავდა. ერთ გუნდს ბოსნიელი მაჰმადიანები უჭერენ მხარს, მეორეს - ხორვატები.

ბოსნია-ჰერცეგოვინაში პოლიტიკურადაც უკიდურესად არასტაბილური ვითარება შეიქმნა, რასაც, დასავლეთის გადაწყვეტილებით, ჩარევა სჭირდება, თორემ ამ ერთეულის დაშლას სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება შეიძლება მოჰყვეს. ბოსნია ფედერალური ერთეულია. მისი სერბიული ნაწილი დაიმუქრა, რომ გამოეყოფა ამ ფედერალურ ინსტიტუციებს. ევროპის კავშირის რეაგირებამ არ დააყოვნა და მისმა მორიგე თავმჯდომარემ, შვეციამ, საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ბილდტის სახით, შექმნა საგანგებო მისია, რომელიც დედაქალაქ სარაევოს მახლობლად, ბუტმორში, მომავალ პარასკევს გამართავს შეხვედრას ბოსნიის სამივე თემის - სერბიული, ხორვატიული და მაჰმადიანური თემების - წარმომადგენლებთან. ბილდტმა მოუწოდა ბოსნიას, შეწყვიტოს ბრძოლა და შეეცადოს გამოიყენოს დასავლური ინტეგრაციის შესაძლებლობები. ბილდტმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ბოსნიაში ვიზიტის თარიღი:

“პირადად მე პარასკევს ჩავალ ბოსნიაში. შეხვედრებს გავმართავთ ბოსნიის ლიდერებთან. მაშფოთებს, რომ, რეგიონის ევროპული ინტეგრაციის დაჩქარების პირობებში, ბოსნია შეიძლება ამ პროცესს ჩამორჩეს. ეს არაა კარგი. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა დავეხმაროთ, თავი დააღწიონ ამ სირთულეს, რომელიც წინ ეღობება ევროპაში ბოსნიის ინტეგრაციას.”

ბილდტის და მასთან ერთად სხვა პირების ვიზიტის აუცილებლობა, როგორც ითქვა, გამოიწვია ბოსნიის სერბიული ნაწილის ლიდერების მუქარამ, რომ გავლენ ფედერალური სტრუქტურებიდან. ეს მუქარა მოჰყვა დაპირისპირებას ბოსნიის ენერგო ფირმასთან დაკავშირებით. წინა კვირაში ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრაზე ბოსნიის საკითხი დღის წესრიგშიც კი არ შეუტანიათ, მაგრამ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს, რომ ქვეყანა შეიძლება დაიშალოს.

ბილდტთან ერთად ბოსნიაში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიმ სტაინბერგი. კარლ ბილდტმა თავის ოფიციალურ ბლოგზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ევროპის კავშირისა და აშშ-ის ინიციატივის მიზანია შეეცადონ, გათავისუფლდეს ბოსნია მის შიგნით არსებული დაძაბულობისგან. ბილდტი იქვე აღნიშნავს, რომ, გამოცდილებით, ეს იოლი საქმე არ არის. ამავე ცნობით, განხილვის საგანი იქნება “უზენაესი წარმომადგენლის ოფისის” ბედი. ამ ოფისს უკან ევროკავშირი უდგას. ოფისს ამ ეტაპზე ავსტრიელი დიპლომატი ვალენტინ ინცკო ხელმძღვანელობს. ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, მილორად დოდიკი, კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით, ოფისი დაიშალოს და გაუქმდეს. აქვე გეტყვით, რომ ეს ოფისი დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად შეიქმნა 1995 წელს. ამ ხელშეკრულების მიხედვით შეწყდა ბოსნიაში ომი. ახლა ბოსნიელი სერბები მიიჩნევენ, რომ ოფისი ბოსნიის საქმეებში ერევა. ბილდტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არსებითად მომხრეა გაუქმდეს ეს ოფისი, რომელიც მთავრობას განაგებს და აკონტროლებს. მისივე თქმით, გაუქმებამ ბოსნიის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, განვითარება უნდა მოიტანოს:

“იცით, რომ ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოების და არა პროტექტორატების ერთობაა. ასე რომ, უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის არსებობა ხელს უშლის ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების პროცესს.”

ბილდტის აზრით, ოფისის ბედის განსაზღვრა ბოსნიის ლიდერების შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ბოლოს და ბოლოს, ეს მათი ქვეყანაა და მათვე უნდა გადაწყვიტონ ოფისის ბედი, ასე ფიქრობს კარლ ბილდტი. ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო აქტიურად უნდა დაეხმაროს ბოსნიას. სლოვაკი პოლიტიკოსის აზრით, ბოსნია,რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უკან მიდის. ბილდტი შეშფოთებულია ბოსნიის მდგომარეობით. მას იქაური დაძაბულობა საერთო-რეგიონალურ კონტექტში გადააქვს:

“შეშფოთებული ვართ, რომ ბოსნია წინ არ მიდის, რეგიონის სხვა ქვეყნების მსგავსად. ხორვატია წინ მიდის. ვფიქრობ, სერბიაც წინ წავა, ჩერნოგორია წინ მიდის, ალბანეთიც. იმედია, მალე მაკედონიაზეც ამასვე შევიტყობთ, როცა 14 ოქტომბერს ევროკომისიის ანგარიში გვექნება. მაგრამ ბოსნია ჩამორჩა, რაც სავიზო რეჟიმის გაიოლების საქმეშიც გამოჩნდა. ეს სამწუხაროა. არის საშიშროება, ეს სხვა სფეროებშიც გამოვლინდეს.”

ბოსნიის პრობლემები უკავშირდება მის ეთნიკურ სიჭრელეს. მაგალითად, სერბებსა და ხორვატებს, რომლებიც, ბოსნიის მოქალაქეობასთან ერთად, სერბიის და ხორვატიის მოქალაქეებიც არიან, სხვა რეალობაში უწევთ ცხოვრება, ვიდრე ბოსნიელ მაჰმადიანებს, რომლებსაც არ ეხებათ ევროპის კავშირის ქვეყნებში შემსუბუქებული სავიზო რეჟიმი.

მაგრამ, ბილდტი არ თვლის, რომ ევროკავშირმა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყნის შიგნით. მისი აზრით, ბოსნიას კვლავ უნდა შესთავაზონ გზა ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. მისი თქმით, ბოსნიელმა ლიდერებმა შანსი უნდა გამოიყენონ. თუკი ისინი გააგრძელებენ ძველ ბრძოლას, ახალ შესაძლებლობას დაკარგავენ, თქვა ბილდტმა. ამ დროს ბოსნიელმა ლიდერებმა გასულ კვირაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის თხოვნით მიმართეს. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოუ რასმუსენი მიესალმა ბოსნიის სურვილს, მაგრამ თქვა, რომ ამისათვის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და არმიის ეფექტიანობის გაზრდაა საჭირო.

აქვე გეტყვით, რომ ბოსნიის სერბიულ ნაწილში, რომელიც მეტადაა ინტეგრირებული მეზობელ სერბიაში, არის პრეტენზია: თუკი კოსოვოს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი, რატომ არ შეუძლია იგივე მოითხოვოს ბოსნიის სერბთა რესპუბლიკამ? ამას კი შეიძლება მსგავსი სურვილი მოჰყვეს პრეშევოს ხეობაში, სერბიაში მცხოვრები ალბანელებისა ან მაკედონიელი ალბანელებისგან. ეს კი რამდენიმე მოუგვარებელ - უკეთეს შემთხვევაში, გაყინულ - კონფლიქტს ნიშნავს ბალკანეთში. ამდენად, ბოსნიის სტაბილურობა ყველას ინტერესებშია, თორემ იქიდან წამოსულმა ჯაჭვურმა რეაქციამ მთელი რეგიონი შეიძლება არიოს. არადა, იქ ალბანეთი და ხორვატია უკვე ნატოში არიან, მაკედონია წევრობის მოლოდინშია. ხორვატია, ამასთან, 2012 წელს გახდება ევროკავშირის წევრიც.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG