Accessibility links

logo-print

ისტორიული მნიშვნელობის დასახლების გადარჩენას კალიფორნია რუსეთისგან ელის


პარკი ფორტ როსი

პარკი ფორტ როსი

კალიფორნიის შტატის მიერ ახლახან განცდილი ბიუჯეტის შემცირების შედეგად, დახურვის პირას იყო ფორტ როსი - მეცხრამეტე საუკუნის სავაჭრო პუნქტი, რომელიც რუსმა ახალმოსახლეებმა დააარსეს. ფორტ როსის მხარდამჭერები რუსეთისგან ელიან დახმარებას, რათა ეს ისტორიული დასახლება შენარჩუნებულ იქნეს.

კალიფორნია შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ის ადგილია, რომელსაც განსაკუთრებით მწვავედ შეეხო ეკონომიკის გლობალური კრიზისი. გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერს სახელმწიფო ბიუჯეტის მასშტაბური შეკვეცა მოუხდა, რათა 24 მილიარდი დოლარის ოდენობის გარღვევის კომპენსაცია მოეხერხებინა.

თავიდან, შეკვეცილ ობიექტებს შორის აღმოჩნდა კალიფორნიის 100 სახელმწიფო პარკიც - მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთიდან ჩასული მონადირეებისა და ვაჭრების მიერ წყნარი ოკეანის სანაპიროზე დაარსებული დასახლების, ფორტ როსის, ჩათვლით. დასახლების სახელწოდება - ფორტ როსი - სიტყვა ”როსიადანაა” ნაწარმოები.

25 სექტემბერს გაირკვა, რომ კალიფორნიის შტატი შეინარჩუნებს პარკებს, მათ შორის ფორტ როსსაც. მაგრამ სანამ ეს გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა, დიპლომატებმა აქტიური მუშაობა გააჩაღეს. რუსი ოფიციალური პირები ცდილობდნენ ფორტ როსის დახურვისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.

გასულ კვირაში გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ფორტ როსის შენარჩუნების მოწოდებით გამოვიდა - მისი თქმით, ეს ადგილი იმის შეხსენებას წარმოადგენს, რომ ცივი ომის დაწყებამდე რუსეთს და შეერთებულ შტატებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ:

”მინდა ჩვენს ბიზნეს წრეებს მივმართო თხოვნით, დაგვეხმარონ გადავარჩინოთ ეს უნიკალური მონუმენტი, რომელიც გამოხატავს ამერიკის განვითარებაში რუსეთის მიერ შეტანილ წვლილს და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის დიდ ისტორიას. გარწმუნებთ, რომ რუსეთის მთავრობა მზად არის ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროს. ამ საკითხზე პრეზიდენტ მედვედევს ვესაუბრე და ის ამას მტკიცედ უჭერს მხარსო”, - განაცხადა ლავროვმა ინგლისურ ენაზე.

ფორტ როსი 1812 წელს დაარსდა. თავის დროზე ალასკაზე რუს კოლონიზატორებს საკვებს და ბეწვეულის სამოსს სწორედ აქედან აწვდიდნენ.
დღეს დასახლებაში ორიგინალური ნაგებობების მიხედვით აშენებული ტრადიციული, ხისგან აგებული სახლები და რუსული მართლმადიდებლური ეკლესია დგას. ორიგინალური ნაგებობებიდან გადარჩენილია მხოლოდ ერთი - დასახლების უკანასკნელი მენეჯერის, ალექსანდრ როტჩევის სახლი.

ამ ადგილს ბევრი რუსი ტურისტი სტუმრობს. ფორტ როსის მხარდამჭერი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლინ კალანის თქმით, მას შემდეგ, რაც მისი დახურვის შესახებ გახდა ცნობილი, იქ რუსული მედიის სტუმრობაც გახშირდა.
კალანის ორგანიზაცია რამდენიმე რუსულ ინსტიტუტთანაც თანამშრომლობს, ფორტ როსის არქიტექტურისა და ისტორიის შენარჩუნების მიზნით:

”რუსულ ინსტიტუტებთან რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ. ერთ-ერთია კვლევითი პროექტი, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო საზღვაო არქივთან ერთად ვახორციელებთ. კიდევ ერთი პროექტი სახლ-მუზეუმის ამუშავებას უკავშირდება რუსების მიერ აშენებულ როტჩევის სახლში - ერთადერთ ორიგინალურ ნაგებობაში, რომელიც აქ რუსების ყოფნის პერიოდიდან შემორჩა”, - აცხადებს კალანი.

ფორტ როსი დახურვას გადაურჩა, მაგრამ მისი დაფინანსების პრობლემა მწვავედ დგას. წელს მისი დაფინანსება უწინდელი 1 მილიონი დოლარის მეხუთედი, 200 ათასი დოლარია.

იმის გამო, რომ სახელმწიფოს აღარ შეუძლია პარკის შენახვა, ფორტ როსის მხარდამჭერები დაფინანსებას სხვაგან - მათ შორის, რუსეთში - ეძებენ. პარკის გადასარჩენი კამპანია შესაძლოა ის იშვიათი შემთხვევა აღმოჩნდეს, როცა შეერთებული შტატების შიდა საქმეებში რუსეთის ჩარევას მიესალმებიან.

გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერის აპარატში განმარტავენ, რომ, კალიფორნიის კანონმდებლობით, პარკებს არ ეკრძალებათ კერძო ან სახელმწიფო დაფინანსების უცხოეთში მოძიება. ამავე წყაროს თანახმად, ფორტ როსის ბედის მიმართ უკვე გამოიჩინეს ინტერესი შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა სერგეი კისილაკმა და სან-ფრანცისკოში რუსეთის გენერალურმა კონსულმა ვლადიმირ ვინოკუროვმა.

ელჩი კისილაკი ფორტ როსში აგვისტოს ბოლოს ჩავიდა. მან თავი შეიკავა იმის დაზუსტებისგან, გაიღებს თუ არა რუსეთი პარკისთვის სახელმწიფო თანხებს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ კალიფორნიის პირველი რუსული დასახლების გადასარჩენად ნაბიჯები აუცილებლად გადაიდგმება.
XS
SM
MD
LG