Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს პოლიტიკური დირექტორი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა


არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები 6 ოქტომბერს ევროსაბჭოს პოლიტიკურ დირექტორს ჟან ლუი ლორანს შეხვდნენ.
‘’დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანების უფლებებისა და იმ ვალდებულებების პერმანენტულად დარღვევის საკითხს, რომლებიც საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული. გარდა ამისა, მისივე თქმით, საუბარი იყო პოლიტ-პატიმრებზე ანუ ადამიანებზე, რომლებიც უსამართლოდ არიან დაპატიმრებული მხოლოდ იმიტომ, რომ აქტიურად მონაწილებდნენ პოლიტიკურ პროცესებსა და აპრილის საპროტესტო გამოსვლებში. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს, საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და ოპოზიციის სამომავლო გეგმები. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რადგან არ არსებობს ამ მოლაპარაკებების შესრულების რაიმე სახის გარანტია.
დღევანდელ შეხვედრას არასაპარლამენტო ოპოზიციური ფლანგიდან ასევე ესწრებოდნენ: კახა კუკავა და ეკა ბესელია. მანამდე, ევროსაბჭოს პოლიტიკური დირექტორი ჟან ლუი ლორანი ქრისტიან-დემოკრატებისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს გიორგი თარგამაძეს შეხვდა. საუბრის მთავარ თემებს წარმოადგენდა საქართველოს შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა დარღვევა და პოლიტ-პატიმრების საკითხი. შეხვედრაზე განხილული იყო ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის საკითხი, რომლის განხილვაც მომავალი წლის იანვრისთვის გადაიდო. თარგამაძე, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრი, ამ საკითხის უფრო ყურადღებით განხილვის აუცილებლობას ხედავს.
XS
SM
MD
LG