Accessibility links

logo-print

"უნისეფმა" გამოაქვეყნა ანგარიში ბავშვთა დაცვის შესახებ


გაეროს ბავშვთა ფონდმა, “უნისეფმა” გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოში ბავშვთა დაცვის შესახებ. როგორც მასში ვკითხულობთ, მიუხედავად ბავშვთა უფლებების დაცვის გარკვეული გაუმჯობესებისა, ძალადობა და ექსპლუატაცია მთელს მსოფლიოში ბევრი ბავშვისთვის რჩება მძიმე რეალობად. მილიონობით ბიჭი და გოგონა არის ტრეფიკინგის მსხვერპლი, მოკლებულია მშობლების ზრუნვას, არ გააჩნია დოკუმენტები სკოლაში სასიარულოდ და ელემენტარული სამედიცინო მომსახურების მისაღებად. "უნისეფის" მონაცემებით, მილიონობით ბავშვს აიძულებენ მუშაობას მათთვის საზიანო პირობებში, სხვები კი ძალადობის მსხვერპლი არიან შინ, სკოლაში, სხვადასხვა დაწესებულებაში. მოძალადეებს შორის არიან ხოლმე ის ზრდასრული პირებიც, რომელთაც ბავშვებზე ზრუნვა ევალება. 15 წლამდე ასაკის 150 მილიონ ბავშვს მძიმედ მუშაობა უწევს, რის გამოც თითქმის ვერ ან საერთოდ ვერ დადის სკოლაში. განსაკუთრებით მძიმედ ირღვევა გოგონათა უფლებები. "უნისეფმა" პირველად წარმოადგინა ბავშვთა უფლებების დარღვევის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამსახველი ანგარიში. მასში საქართველო მოხსენიებულია ქვეთავში, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და დსთ-ის ქვეყნებს ეხება. ერთ-ერთ გრაფაში ასახულია 2-14 წლამდე ასაკის ბავშვების იმ ნაწილის პროცენტული რაოდენობა, რომელიც შინ, ოჯახში ფიზიკურად დაუსჯიათ. საქართველოში ეს მაჩვენებელი 48 პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG