Accessibility links

logo-print
მოუწესრიგებელი გზები ლაგოდეხის რაიონის ბევრ სოფელში კვლავაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. მაგალითად, სოფელ კართუბანში 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთი, რომელიც მოსახლეობას ამ რაიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ქცეულ კაბალის ბაზართან აკავშირებს, მთლიანად დანგრეულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავარიული გზა მათ ჯანმრთელობასა და ლამის სიცოცხლესაც კი საფრთხეს უქმნის.

გზა, რომელიც კართუბნიდან კაბალში მიდის, დანგრეული და ქვიანია. როცა ამ გზაზე მანქანების მოძრაობა იწყება, ბუღი დგება, რამდენიმე მეტრში უკვე ხილვადობაც იკარგება. ამ დროს ფეხით სიარულიც ჭირს. მტვერი, რომელიც გზაზე დგას, ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ იძლევა. მანქანების მოძრაობის დროს საბურავიდან გასროლილი ქვების მოხვედრის საფრთხეც არსებობს. ამ გზის გავლა ყოველდღე უხდება 14 წლის ნინო ნარსიას, რომელიც მეგობრებთან ერთად სკოლაში დადის.

მთელი დღის განმავლობაში დამტვერილი იატაკის წმენდა უხდებათ ოჯახის დიასახლისებს. ამბობენ, რომ ახლად გარეცხილი სარეცხიც ხშირად ხელმეორედ გასარეცხი ხდება.

კართუბნელები აღნიშნავენ, რომ მათთვის ყველაზე მძიმე მაინც კვირა დღეა. რაიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ქცეულ კაბალის ბაზარში ლაგოდეხელები სწორედ ამ გზით დადიან, მანქანები კი მთელი დღის განმავლობაში გაუჩერებლად მოძრაობენ.

კართუბნის მოსახლეობა დაზიანებული 2 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის გაკეთებას 15 წელია ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ დაპირებები ესმით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სოლიდური თანხებია საჭირო, რომლის გაღებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვერ მოხერხდება. Gგამგებლის, გია გოზალიშვილის, განცხადებით, პრობლემა, შესაძლოა, 2009 წელსვე მოგვარდეს. გოზალიშვილის თქმით, საგზაო დეპარტამენტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პრობლემის მოგვარება ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც რომ იყო შესაძლებელი, ამის შესახებ საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში საუბრობენ. ასოციაციის ეკონომისტი მამუკა ისკანდარაშვილი, რომელიც მუდმივად ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგს ახორციელებს, აღნიშნავს, რომ შესაძლებელი იყო, ადმინისტრაციული ხარჯების გაზრდის ნაცვლად, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარებულიყო.

Mმანმადე, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ცენტრალურ ხელისუფლებაზე გადამისამართების მეთოდით პასუხობს და პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, კართუბნის მოსახლეობას 2 კილომეტრიანი დანგრეული გზის პირას, მტვერში, ჯანმრთელობისა და ლამის სიცოცხლის ფასად უწევს ცხოვრება.
XS
SM
MD
LG