Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ინიციატივით გამოდის


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
6 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ინიციატივით წარდგა - აქტისა, რომელიც მთავრობამ ბოლო ერთი თვის მანძილზე მოამზადა. მთავრობის მიერ მომზადებული წინადადებების პაკეტის თანახმად, კონსტიტუციური კანონით განისაზღვრება მთლიან შიდა პროდუქტთან სახელმწიფო ბიუჯეტის შეფარდების მაქსიმუმი, ასევე - გადასახადების რეფერენდუმის გზით გაზრდის მექანიზმი.

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შეუქცევადობის მიზნით, მათი საკანონმდებლო ცვლილებებით განმტკიცება გადაწყვიტა. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ეს დაასახელა „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას:

„იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მონაპოვარი და ინსტიტუციური საფუძველი შევუქმნათ ჩვენი ეკონომიკის თავისუფლებას, მე გთავაზობთ, რომ კონსტიტუციურად დავიცვათ ის გაბედული ეკონომიკური ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ ბოლო წლების განმავლობაში და რომელთა კურსიც გვინდა, რომ გავაგრძელოთ მომავალში.“

პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა, რომ „ეკონომიკური თავისუფლების აქტს“ კონსტიტუციური კანონის სტატუსი ჰქონდეს და მასში ჩაიწეროს ის გარანტიები, რომლებიც მთავრობის ზომას განსაზღვრავს. კერძოდ კი, კონსტიტუციურ კანონში ჩაიწერება მთლიან შიდა პროდუქტთან ბიუჯეტის მოცულობის შეფარდება, რომელიც 30 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, საბიუჯეტო დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს და სახელმწიფო ვალი - 60 პროცენტს. ამ პროცენტების უკან იმალება სამთავრობო ხარჯების შეზღუდვის მექანიზმები, რომელიც ეკონომიკაში მთავრობის უხეშ ჩარევას არეგულირებს. მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“ ეკონომიკის სხვა სეგმენტებსაც შეეხება:

ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი ლიბერტალიანელი. ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს.
„თავისუფლების აქტით გთავაზობთ უკვე დადგენილი ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის გაზრდის აკრძალვას. გარდა ამისა, გთავაზობთ, რომ თავისუფლების აქტით აიკრძალოს ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნა.“

პრეზიდენტის ინიციატივის მიხედვით, საკონსტიტუციო კანონით უნდა აიკრძალოს ბანკებში სახელმწიფო წილები, ასევე ვალუტის თავისუფალი კონვერტაციის შეზღუდვა და გარანტირებული უნდა იყოს ფასების დადგენაში სახელმწიფოს ჩაურევლობა. მიხეილ სააკაშვილმა ეს ინიციატივები ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიის გაგრძელებად და პრაქტიკულ რეალიზებად გამოაცხადა:

„ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართველი ლიბერტალიანელი. ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს. ეკონომიკურ ლიბერალიზმს იგი “ფრიტრეიდერობას” ეძახდა და განმარტავდა როგორც აღებმიცემობის თავისუფლებას.“

საქართველოს პრეზიდენტმა ამ იდეოლოგიის ერთგულების შედეგად გამოაცხადა საქართველოს წარმატებები საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში და ამ მიღწევებს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის შანსი უწოდა, რომელიც კეთილდღეობის გაზრდის საშუალებას იძლევა და არამარტო:
„მთავარი განსხვავება ჩვენსა და რუსეთს შორის არის ჩვენი შინაგანი სწრაფვა ადამიანური და სამეწარმეო თავისუფლებისაკენ. და ამიტომ ჩვენი საბოლოო განთავისუფლება რუსეთისგან არის საქართველოში თავისუფალი ლიბერალური გარემოს პოლიტიკის შეუქცევადობის ჩამოყალიბება.“

მიხეილ სააკაშვილს თავის თითქმის ერთსაათიან გამოსვლაში არაფერი უთქვამს კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების შესახებ. სწორედ ეს არის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც მიმდინარე რეფორმების მიმართ როგორც ბიზნესმენების, ასევე რიგითი მოქალაქეების უნდობლობას განაპირობებს. ეს პრობლემა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შეახსენა კოლეგებს.

ასევე საკამათო თემად რჩება მარეგულირებელი ორგანოების საკითხი და ანტიმონოპოლიური სტრუქტურები, რომელთა შექმნას ევროკავშირთან პარტნიორობის პროგრამა მოითხოვს. საქართველოს მთავრობის „ეკონომიკური თავისუფლების აქტის“ ინიციატივის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის თაობაზე კომენტარი ვთხოვე ეკონომიკის ექსპერტს დავით ნარმანიას.

დავით ნარმანია:„თუ ევროკავშირთან იქნება ჰარმონიზაცია და პარალელურ რეჟიმში გონიერი ეკონომიკური ლიბერალიზაცია გატარდება, ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის.“

უფრო დეტალური დისკუსია საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური ინიციატივის შესახებ უახლოეს მომავალში გაიმართება - მას შემდეგ, რაც მთავრობა პარლამენტს შესაბამის კანონპროექტებს წარუდგენს.
XS
SM
MD
LG