Accessibility links

logo-print

ავღანეთი და ირანი - აშშ-ის მთავრობის ორი რთული ამოცანა


აშშ-ის საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები

აშშ-ის საგარეო და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები

ორშაბათს საღამოს ვაშინგტონში, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მიწვეული იყო ორი მინისტრი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ. დისკუსია ორგანიზებული იყო ტელეკომპანია CNN-ის მიერ, რომელიც დღეს აჩვენებს ჩანაწერს.

სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ როლებს ასრულებენ აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსის განვითარებასა და განხორციელებაში. ერთი - დიპლომატიურ ძალისხმევას ხელმძღვანელობს, მეორე - მსოფლიოში უდიდესი პოტენციალის მქონე სამხედრო უწყებას. მაგრამ ორშაბათს საღამოს ისინი ერთად საუბრობდნენ საკითხებზე, რომლებიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წინაშე მდგომ ურთულეს ამოცანებს შორის დგას. საქმე ეხება ორ საკითხს: ავღანეთსა და ირანს. ამასთან დისკუსია, რომელსაც ტელეკომპანია CNN-მა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში უმასპინძლა, ძირითადად ავღანეთს ეხებოდა.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მიზანი ავღანეთში იგივეა, რაც მარტში დაასახელა პრეზიდენტმა ობამამ: “ალ-ყაიდის” დამარცხება. თუმცა, შესაძლოა გადასასინჯი იყო ამ მიზნის მისაღწევი ტაქტიკა და სტრატეგია, რაზეც თეთრ სახლში მსჯელობენ კიდეც.

თავდაცვის მინისტრმა კი დამსწრეებს შეახსენა ობამას რამდენიმე თვის წინანდელი განცხადება, რომ ომის სტრატეგიას გადახედავდა ავღანეთში აგვისტოს არჩევნების შემდეგ. ამ განცხადების შემდეგ ორი რამ მოხდაო, განაგრძო გეიტსმა: ჯერ ერთი, ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს ჯარების ახალმა სარდალმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა ვითარების შესწავლის საფუძველზე დაასკვნა, რომ უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე მარტში იყო. და მეორე - ავღანეთში აგვისტოს “აშკარად არაკორექტულმა” საპრეზიდენტო არჩევნებმა ვითარება გაართულა. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, რობერტ გეიტსს მიზანშეწონილად მიაჩნია კარგად ჩაფიქრება შემდეგი ნაბიჯების გადადგმამდე.

“შეხედულება, რომ საჭიროა პაუზა, ძირითადი დებულებების გადასინჯვა, ანალიზის გადაფასება და ამის შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება, მე სავსებით მიზანშეწონილად მიმაჩნია, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებები” - ამბობს გეიტსი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ გადაწყვეტილება ავღანეთის სტრატეგიაზე, შესაძლოა, “ობამას მთელი პრეზიდენტობის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის იყოს”.

ავღანეთში აშშ-ის სტრატეგიის გარშემო დისკუსიის ცენტრშია მოქცეული გენერალ მაკკრისტალის მოთხოვნა, დამატებით 40 000 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. ეს მაშინ, როცა მეცხრე წელი იწყება, რაც ავღანეთში ომი მიმდინარეობს და ადგილზე ამერიკელი სამხედროების რიცხვი 60 000-ს აღწევს. შესაბამისად, ობამა აშშ-ის კონგრესში თანაპარტიელების რიგებშიც კი წინააღმდეგობას აწყდება სამხედრო კონტინგენტის კიდევ უფრო გაზრდის საკითხის წამოჭრისას. ამ საკითხზე ობამა დღესვე მართავს მოლაპარაკებას წამყვან კონგრესმენებთან. ავღანეთში სტრატეგიასთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილება კი რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ირანს, რომელიც, როგორც უკვე ითქვა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში CNN-ის მასპინძლობით გამართული დისკუსიის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა “სასარგებლო” უწოდა გასულ კვირაში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებას. მოლაპარაკებაში, რომელზეც ჩვენ გასულ კვირაშივე ვიუწყებოდით, ირანთან ერთად მონაწილეობდა გაეროს უშიშროების საბჭოს 5-ვე მუდმივე წევრი და გერმანია.

კლინტონის განცხადებით, ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები - ირანის დაყაბულება მისი ბირთვული ობიექტების შემოწმებაზე, ნაკლებად გამდიდრებული ურანის რუსეთში გაგზავნაზე იქ გასამდიდრებლად და რეაქტორისთვის მოსამზადებლად, და დაყაბულება მოლაპარაკების გაგრძელებაზე - რეალურ წინსვლად უნდა მივიჩნიოთ. “ამ სამი დიდი საკითხისთვის ეს სასარგებლო შეხვედრა იყო”, ამბობს კლინტონი, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია ირანისაგან მეტ კომპრომისს, თანამშრომლობისათვის მეტ მზადყოფნას მოელის.

უნდა ითქვას, რომ ირანთან მოლაპარაკებას დასავლეთში კრიტიკაც ახლავს. ზოგი შიშობს, რომ ირანი ასეთ დათმობებზე მიდის დროს მოსაგებად, რათა განაგრძოს ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობა. ამ კრიტიკის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეკრებილებს შეახსენა ე.წ. ორლიანდაგიანი ურთიერთობის კონცეფცია, რომლის საჭიროებაზეც პრეზიდენტი ობამა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლაპარაკობდა: რომ ერთი მხრივ საჭიროა ირანთან კონტაქტი, მოლაპარაკება, მაგრამ იმავდროულად ირანის წინააღმდეგ სანქციების მომზადება მოკავშირეებთან ერთად და ამ სანქციების მიღება, თუ მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.

კლინტონმა ირანთან დამოკიდებულება შეადარა აშშ-ის პოზიციას საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაში ცივი ომის დროს, როცა აშშ-ის წარმომადგენლები მოსკოვთან მოლაპარაკებაში იყვნენ ჩართული ადამიანის უფლებებისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, “ადამიანის უფლებები ჩვენი, ამერიკელების რაობის საფუძველში დევს. ჩვენი იმედია, ყველას ჰქონდეს უფლებები, რომლებითაც ჩვენ აქ ვსარგებლობთ. მაგრამ ამავე დროს, ისევე როგორც არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი არ გამოსულა რუსეთის პრეზიდენტებთან გამართული სამიტებიდან ისე, რომ მცდელობა მაინც არ ჰქონოდა მიეღწია მიზნებისთვის, რომლებშიც შესაძლებელი იყო საერთოს გამონახვა, - იგივეს ვაკეთებთ ირანელებთან ურთიერთობაშიც”.
XS
SM
MD
LG