Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 ოქტომბერი 2009


მიმოხილვას „რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც ამერიკული სარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსების შესაძლებლობაზე წერს. ექსპერტები ამის შანსს სკეპტიკურად უყურებენო, იუწყება გაზეთი და მოჰყავს სამხედრო ექსპერტის კახა კაციტაძის სიტყვები: ”საქართველო პრაქტიკულად გამორიცხულია, იმიტომ რომ ეს რაკეტა ირანიდან აფრენას ვერ მოასწრებს, რომ უკვე საქართველოს იქით იქნება. საქართველოზე გადაიფრენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბელორუსს ესვრიან რაკეტას ან რუსეთსო.”

ამავე გაზეთში წაიკითხავთ სტატიას ახალი პანთეონის მშენებლობის შესახებ. მერიაში აცხადებენ, მთაწმინდის პანთეონი იხურება, მას ამიერიდან მხოლოდ მუზეუმის დატვირთვა ექნება და მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი უნდა აშენდეს სადმე სხვაგანო. ”რეზონანსის” ინფორმაციით, მერიაში აქტიურად განიხილავენ სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიას. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამარ დვალმა გაზეთს უთხრა, მერია საპატრიარქოსთან ერთად აპირებს ამ საკითხის გადაწყვეტას და როდესაც რამე გაირკვევა, გეტყვითო.

”ალია” დაინტერესდა, თუ რა გეგმა აქვს ოპოზიციას. გაზეთი წერს, მსახიობმა დიმა ჯაიანმა განაცხადა, 14 ოქტომბერს ოპოზიციის ლიდერები შეიკრიბებიან და წარმოადგენენ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა მოვიშოროთ თავიდან ”ეს სატანა და ბელზებელი” სააკაშვილიო. ჟურნალისტი ჯაიანს ეკითხება: ”სააკაშვილის გასაშვებად არსებობს ორი გზა: ერთი - არჩევნები, მეორე -შეიარაღებული აჯანყება. არჩევნებში სააკაშვილს ვერავინ მოუგებს, რადგან გააყალბებს, ამბოხზე კი თავად ოპოზიცია აცხადებს უარსო. დიმა ჯაიანი პასუხობს, მესამე გზაც არსებობს, რაც ერთი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას და მერე მის ჰააგაში გაგზვნას გულისხმობსო”.
24 საათი” აქვეყნებს ვრცელ რეპორტაჟს შიდა და ქვემო ქართლში დევნილების განსახლების ადგილებიდან. კოდაში დევნილებისთვის მთავარი პრობლემა წყალიაო, წერს გაზეთი. ”დილით და საღამოს მოდის მაქსიმუმ 40 წუთით, ისიც არ ვარგაო”, - უთხრა გაზეთს დევნილმა ეთერ ღამბაშიძემ. ”24 საათი” წერს, კოდაში ჩასახლებულ დევნილებს ასეთი დახმარების პაკეტი აქვთო: ერთ პირზე თვეში 9 კილოგრამი ფქვილი, ერთი ბოთლი ზეთი, 600 გრამი შაქარი, კილო-ნახევარი ლობიო და 50 გრამი მარილი.
ამავე გაზეთში ნახავთ სტატიას ნანი ბრეგვაძის კონცერტსა და ფილარმონიის გახსნაზე. ”მომღერალმა საკუთარი შემოქმედებითი საღამო მუსიკალურ სპექტაკლად აქციაო”, - წერს ავტორი. ფილარმონიის განახლებულ დარბაზს კი ასეთ შეფასებას აძლევს: ”ერთი შეხედვით, ფილარმონიაში მომხდარი ცვლილებების შეფასება ძნელია, თუმცა ვინც დარბაზის ხშირი სტუმარი იყო, უკეთ შეაფასებს მთავარ ცვლილებას - ხმის აპარატურას, რომლის ჟღერადობაც აშკარად ძალიან კარგია და რომლის შედარებაც ძველ აპარატურასთან ნამდვილად საცოდაობა იქნებოდა.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG