Accessibility links

logo-print

მკვლელობის მესამე წლისთავზე მოსკოვში ანა პოლიტკოვსკაია გაიხსენეს


მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას კოლეგებმა და ნათესავებმა დღეს, მკვლელობის მესამე წლისთავზე, მოსკოვში აქცია გამართეს. რადიო ”თავისუფლების” რუსული სამსახურის ცნობით, მოსკოვის ცენტრში მიტინგი ადგილობრივი დროით ზუსტად 16 საათსა და 3 წუთზე დაიწყო - ზუსტად იმ დროს, როცა 2006 წელს ჟურნალისტი მისი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აქციაში მონაწილეობა დაახლოებით 400-სმა პირმა მიიღო - მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, უფლებადამცველები, კულტურის წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. პოლიტკოვსკაია ბევრს წერდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე, და ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს. რუსეთის პროკურორები გამოძიებას აწარმოებენ სამი მამაკაცის გარშემო, რომლებსაც პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. მაგრამ გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ იყო მკვლელობის შემკვეთი. როგორც ვარაუდობენ, თავად მკვლელი უცხოეთს აფარებს თავს.
XS
SM
MD
LG