Accessibility links

logo-print
დღევანდელი გადაცემის გმირი, ამერიკელი პიანისტი ბაირონ ჯანისი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში თბილისელი მსმენელის ფავორიტი იყო. თქვენი მონა-მორჩილი მის განუმეორებელ ხელოვნებას დღემდე ეთაყვანება. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1960 წლის შემოდგომაზე თბილისის ”გოფილექტის” ბაღის საზაფხულო თეატრში ჩვენთვის იმხანად სრულიად უცნობი ამერიკელი პიანისტის ორი კონცერტი დაინიშნა. გასაკვირი არაა, რომ პირველ, სოლო კონცერტზე დარბაზი მხოლოდ ნახევრად შეივსო. იმ დღეს ჯანისმა ლისტის, შუმანის, შოპენის, პროკოფიევის, რახმანინოვის ნაწარმოებები დაუკრა. ყოველი ახალი დაკრული პიესა დამსწრე საზოგადოების სულ უფრო მეტ აღტაცებასა და ენთუზიაზმს იწვევდა. კონცერტის ბოლოს აუდიტორიის განწყობამ, გადაჭარბების გარეშე, ექსტაზს მიაღწია. მართლაც, ამ დონის პიანისტი, თუ რიხტერს არ ჩავთვლით, ჩვენს თაობას მანამდე არ მოესმინა. ჯანისის დაკვრა საბჭოთა მუსიკოსების საშემსრულებლო მანერას სრულიად არ ჰგავდა - მათგან განსხვავებით, ის მშრალი აკადემიზმისგან სრულიად თავისუფალი იყო და, იმავდროულად, ნაწარმოების ფორმის უნაკლო შეგრძნებით, ღრმა ინტონირებითა და ბრწყინვალე ტექნიკით გამოირჩეოდა. ჯანისის მეორე გამოსვლაზე, სადაც მან, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, შუმანისა და რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტები შეასრულა, დარბაზი მსმენელს ვეღარ იტევდა.

ჯანისის თბილისურ კონცერტებზე თვალშისაცემი იყო მუსიკოსის ფერმკრთალი სახე და ფიზიკური მოძრაობის დროს ერთგვარი დაძაბულობა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ პიანისტი არტრიტის მძიმე ფორმით იყო ავად. ოთხმოციან წლებში ამას კიდევ ერთი უბედურება დაემატა - ჯანისი ავტოავარიაში მოჰყვა. ინციდენტის შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკვრაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო - მუსიკოსს, უბრალოდ, სიარული უჭირდა. მის მეუღლეს, ჰოლივუდის ცნობილი კინომსახიობის ჰარი კუპერის ქალიშვილს, მარიას, ბაირონი ხელგაყრილი დაჰყავდა. ოთხმოცდაათიან წლებში, ნიუ-იორკში ჩემს ვაჟიშვილ გიორგისთან შეხვედრის დროს, ჯანისმა დიდი სითბოთი გაიხსენა თბილისური გასტროლები და ქართველი მსმენელის საოცარი კომპეტენტურობა და ემოციურობა აღნიშნა.

ერთი შეხედვით, გასაკვირია, რომ პენსილვანიის შტატის ქალაქ მაკიისფორტეს მკვიდრი ბაირონ ჯანისი რუსული საფორტეპიანო სკოლის წარმომადგენლად ითვლება. სიტუაციაში გასარკვევად მივმართოთ ფაქტებს. მუსიკოსი რუსეთიდან ამერიკაში გადმოსახლებულ ოჯახში 1928 წლის 24 მარტს დაიბადა. მშობლების გვარი იანკელევიჩი ჯერ იანკელად, შემდგომ ჯანკელად, დაბოლოს ჯანისად გადაკეთდა. ბავშვობაში ბაირონი ნიუ-იორკის ცნობილ სამუსიკო სასწავლებელ ”ჯულიარდში” გამოჩენილ რუს პიანისტ და პედაგოგ იოსიფ ლევინთან სწავლობდა. ჯანისის საკონცერტო დებიუტი პიტსბურგში 1944 წელს შედგა - სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, მან რახმანინოვის მეორე საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. 16 წლის მუსიკოსის პირველ გამოსვლას პრესის აღტაცებული გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სულ სხვა იყო: კონცერტს ამერიკაში მცხოვრები დიდი რუსი პიანისტი ვლადიმირ ჰოროვიცი ესწრებოდა, რომელიც ჯანისის დაკვრით იმდენად მოიხიბლა, რომ გამოთქვა სურვილი ახალგაზრდა მუსიკოსი მოწაფედ აეყვანა. მომავალმა აჩვენა, რომ ბაირონი ჰოროვიცის ერთადერთი მოწაფე იყო. ოთხწლიანი ურთიერთობის შედეგად, ჯანისი მაესტროს უახლოესი მეგობარი გახდა. 50-60-იან წლებში პიანისტმა შეერთებული შტატების, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქალაქებში, გადაჭარბების გარეშე, ტრიუმფალური გასტროლები გამართა. საფრანგეთში ერთ-ერთი ჩასვლის დროს მან სრულიად შემთხვევით შოპენის ორი მანამდე უცნობი ვალსი აღმოაჩინა. ამ ფაქტს ”ნიუ-იორკ თაიმს”-მა ”საუკუნის ყველაზე დრამატული მუსიკალური აღმოჩენა” უწოდა. უნდა აღინიშნოს, რომ შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე ჯანისს უამრავი მუსიკალური და აკადემიური ჯილდო აქვს მიღებული. ის ამჟამად, ავტოავარიით გამოწვეული მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა - ამერიკის წამყვან სამუსიკო სასწავლებლებში ”მასტერ-კლასებს”ატარებს, რომლის დროსაც ბევრ მუსიკალურ შედევრს თვითონვე ასრულებს.
XS
SM
MD
LG