Accessibility links

logo-print

ტალიავინის კომისიის წევრი მხარს უჭერს აფხაზეთის დამოუკიდებლობას


ტალიავინის კომისიის მოხსენება

ტალიავინის კომისიის მოხსენება

"აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რეგიონში დაძაბულობას შეამცირებს" - ასეთი განცხადებაა გააკეთა რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის, ე.წ. "ტალიავინის კომისიის", ექსპერტმა ოტო ლუხტერჰანდტმა და არც ის გამორიცხა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა ახლო მომავალში - რუსეთთან, ნიკარაგუასთან და ვენესუელასთან ერთად - სხვა სახელმწიფოებმაც აღიარონ.

"კომისიის მისიიდან და მანდატიდან ამოვარდნილს" უწოდებს თავად ოტო ლუხტერჰანდტსა და მის განცხადებას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, მსგავსი ტიპის განცხადებები ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციაზე. დავით დარჩიაშვილი, „გაზპრომისა“ და ლუხტერჰანდტის გარიგებაზეც საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია. რადიო თავისუფლება შეეცადა გარკვეული ინფორმაცია მოეპოვებინა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

”გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოტო ლუხტერჰანდტმა სულ ახლახან სერიოზული თანხა მიიღო „გაზპრომისგან“. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს სერიოზულად დააყენებს ეჭვქვეშ ამ ადამიანის მიუკერძოებლობასა და, მთლიანად, კომისიის მუშაობას”, - აღნიშნავს დარჩიაშვილი.

მიუხედავად "ტალიავინის კომისიის" წევრის ასეთი განცხადებისა, პარტია ”საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელ მდივანს ვიქტორ დოლიძეს ეჭვი არ ეპარება ტალიავინის დასკვნის ობიექტურობაში და აღნიშნავს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა ეჭვქვეშ დადგეს.

"ეს არის აბსოლუტურად დესტრუქციული და გაუმართლებელი განცხადება. ერთი კაცის პირადი მოსაზრება არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი ფაქტები და დასკვნა იყო მცდარი", - აღნიშნა დოლიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

როდესაც საგამოძიებო კომისიაში ასეთი წევრი იყო, კიდევაც კარგი დასკვნა დაიდო, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა თორნიკე შარაშენიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის უცვლელი პოზიცია დააფიქსირა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ასტანაში. ამის შესახებ კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ყაზახ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს გააკეთა:

”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ამ გადაწყვეტილებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რჩება. საფრანგეთისა და ევროკავშირის პოზიცია უცვლელია”, - აღნიშნავს ნიკოლა სარკოზი.
ქართველი ექსპერტების უმეტესობა აღნიშნავს, რომ ოტო ლუხტერხანდტის განცხადება მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის არაობიექტური მოსაზრებაა და ის სერიოზულად ვერ აღიქმება.
XS
SM
MD
LG