Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის რაიონში კვლავ იმაზე კამათობენ, თუ ვინ დაიწყო ომი


დევნილთა დასახლება
დევნილთა დასახლება
საქართველოში კონფლიქტის მიზეზების დამდგენი საერთაშორისო მისიის დასკვნა დღემდე გორის რაიონში დისკუსიის საგანია. ტალიავინის კომისიის დასკვნაზე ყველგან ლაპარაკობენ. ოჯახებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ეგრთ წოდებულ ბირჟებზე კვლავ იმაზე კამათობენ, თუ ვინ დაიწყო ომი. გასული წლის აგვისტოს ომის დროს გორის რაიონში ყველაზე მეტად სოფელი ერგნეთი დაზარალდა. სოფელში შესულმა ოსური და რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 180 სახლიდან 120 დაწვეს. ერგნეთელების აზრით, საერთაშორისო კომისიის წევრები ყოფილი ბუფერული ზონის სოფლებშიც უნდა ჩასულიყვნენ და იქ მცხოვრები ადამიანების აზრიც მოესმინათ. დაზარალებულების განცხადებით, ომი 7 აგვისტოზე უფრო ადრე ქართული სოფლების დაბომბვით დაიწყო.

ომის დროს დამწვარი სახლი სოფელ ერგნეთში
ერგნეთში ცხოვრება უსაფრთხო არც ახლაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დევნილობაში მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სოფელს დაუბრუნდა. მათ ცხინვალიდან თითქმის ყოველდღიურად სროლის ხმა ესმით. სხვებთან ერთად სოფელში რობიზონ კასრაძეც დაბრუნდა, ცოლ-შვილით, მაგრამ იგი საკუთარ მიწის ნაკვეთს, რომელიც სასაზღვრო ზოლშია მოქცეული, ვერ ამუშავებს. მისი თქმით, ბაღთან ახლოს სნაიპერები არიან ჩასაფრებულნი.

ტალიავინის კომისიის დასკვნით კმაყოფილი დარჩა როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ხელისუფლება, კმაყოფილებას არც დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ედუარდ კოკოითი მალავდა. ამ დასკვნით ყველაზე უფრო მეტად უკმაყოფილო დაზარალებულები არიან, რომლებიც დასკვნის იმ პუნქტს აპროტესტებენ, სადაც წერია, რომ საბრძოლო მოქმედებების კულმინაციამ 7 აგვისტოს ცხინვალზე საარტილერიო შეტევისას მიაღწია. მათი აზრით, საქართველო ომში რუსეთმა ჩაითრია.
XS
SM
MD
LG