Accessibility links

logo-print

სომხური დიასპორა და თურქეთ-სომხეთის დიპლომატიური დაახლოება


სერჟ სარქისიანი (მარცხნივ) და აბდულა გიული

სერჟ სარქისიანი (მარცხნივ) და აბდულა გიული

სომხეთი ემზადება 10 ოქტომბერს თურქეთთან ისტორიული შეთანხების გასაფორმებლად, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის აღდგენას ისახავს მიზნად. სომხეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ შეთანხმების გაფორმებით პატარა და ღარიბი ქვეყანა საგრძნობ ეკონომიკურ და დიპლომატიურ სარგებელს მიიღებს, თუმცა 6 მილიონიანი სომხური დიასპორა სომხეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ძირითადად, ნეგატიურ შეფასებას აძლევს და წინა პლანზე კვლავ თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას აყენებს.

არის სომხური პატრიოტული სიმღერა, რომელიც თურქეთთან ისტორულ ბრძოლას ეძღვნება. ამ სიმღერას სომხეთის დედაქალაქ ერევანში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გაშლილ კარვებში, რამდენიმე ათეული მოშიმშილე მღერის. შორიახლოს მდგარი დემონსტრანტების ჯგუფიც აპროტესტებს იმ შეთანხმებას, რომლითაც თურქეთთან ურთიერთობა უნდა აღდგეს და 16 წლის წინ ჩაკეტილი საზღვარი გაიხსნას.

მოწინააღმდეგეთა ბანაკშია 50 წლის ნაშან აჯემიანი, რომელიც სომხეთში 10 წლის წინ დაბრუნდა შეერთებული შტატებიდან. ნაშანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ვერასოდეს დაარწმუნებს სომხებს დაივიწყონ ის დანაშაული, რაც ოსმალეთმა ჩაიდინა.
“იგი ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ჩვენ 800 წლის განმავლობაში ვიცნობთ თურქებს. ჩვენ ვიცით, თუ ვინ არიან ისინი. მშვიდობა კარგია, მაგრამ ვისთან ვაპირებთ მშვიდობას? კრიმინალებთან, რომლებმაც ჩემი წინაპრები დახოცეს?”

აჯემიანის კომენტარი მოჰყვა სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის, საზღვარგარეთულ ტურნეს, რომელიც მიზნად ისახავს დაარწმუნოს სომხეთის დიასპორა, მხარი დაუჭირონ თურქეთთან ურთიერთობის აღდგენას.

შეთანხმებას, რომელიც თვეების განმავლობაში მზადდებოდა, ხელი 10 ოქტომბერს ციურიხში უნდა მოეწეროს. საზღვარგარეთ მცხოვრები სომხური დიასპორა მსოფლიოს უძლიერესი ლობისტური ჯგუფია. Aამ დიასპორის წარმომადგენლები პრეზიდენტ სარქისიანს სკეპტიციზმითა და აღშფოთებით შეხვდნენ საფრანგეთში, შეერთებულ შატებში, ლიბანსა და რუსეთში.
დიასპორის წევრთა უმრავლესობა ეწინააღმდეგება ურთიერთობის განახლებას თურქეთთან, რომელსაც ისინი პასუხისმგებლად თვლიან მილიონ-ნახევარი სომხის მკვლელობაში 1915 წელს. ზოგიერთი კი, მაგალითად, ხაჩიკ ხაჩატურიანი მიიჩნევს, რომ ურთიერთობის განახლება ნიშნავს არსებული საზღვრების აღიარებას თურქეთთან, მაშინ როცა ბევრი სომხური მიწა თურქეთმა საბჭოთა კავშირთან გარიგების შედეგად დაისაკუთრა:

“ჩვენ ამის დავიწყება არ შეგვიძლია. მამაჩემი გენოციდის მსხვერპლი გახდა, ჩემი საკუთარი მამა. რატომ ჰყავს სომხეთს დიასპორა? რატომ? როგორ მოხდა ეს? ეს ადამიანები, მათი უმრავლესობა, მათი წინაპრები დასავლეთ სომხეთიდან არიან – ყარსიდან, არდაგანიდან, ტიკარანგერტიდან, ვანიდან – ეს არის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ არ დავთმობთ. ვერ ვიზამთ. გენოციდი არის პრობლემა, ტერიტორია კი არის მეორე საკითხი. შეუძლებელია ადამიანებმა ეს დაივიწყონ. და ჩვენ ამას არასოდეს ვაპატიებთ პრეზიდენტს. მთავრობა მოდის და მიდის, სიმართლე კი რჩება. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, სამართლიანობაა.”

თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ სომხური დიასპორა, რომელიც ცხოვრების დონით უფრო მაღლა დგას სომხეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე, თურქეთთან ურთიერთობის განახლებას მხოლოდ გენოციდის კონტექსტში განიხილავს და ნაკლებად აღელვებს კომერციული და დიპლომატიური შედეგიო, - ამბობს სომხეთის ეროვნული და საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი:

“დიასპორისათვის შესწავლის, თვითგამოხატვის მთავარი პრობლემა ესაა გენოციდი და სხვა არაფერი. სწორედ საკუთარი იდენტობის საფრთხეს უკავშირებენ ისინი თურქეთთან ურთიერთობის განახლებას. ისინი არ ხედავენ იმ კონტექსტს, რომელსაც ხედავს სომხეთის მთავრობა და რაც საზღვრების გახსნასა და ნორმალური ურთიერთობის დამყარებას გულისხმობს. ეს ერთადერთი სარგებელია, რასაც სომხეთის მოსახლეობა და მთავრობა მიიღებენ. დიასპორა კი ამაში სხვას არაფერს ხედავს, ბოროტებისა და საფრთხის გარდა.”

7 ოქტომებრს “უოლ სთრით ჯორნალში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, “სომხეთმა არ უნდა დაუშვას, რომ მისი პოლიტიკა სომხური დიასპორის მძევლად იქცეს, მხოლოდ სომხეთის მთავრობა უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარი პოლიტიკის გატარებაზეო.”

სომხეთის მთავრობა არ აპირებს იყოს დიასპორის მძევალი. სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია, ძირითადად, მხარს უჭერს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. თუმცა პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ედუარდ შარმაზანოვმა რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრა, რომ ყველაფერი პარლამენტში გამართულ დებატებში გაირკვევა:

“ეს ძალიან რთული პროცესია. 1 ოქტომბრიდან პარლამენტი იწყებს დისკუსიას ამ თემაზე. ის გვაჩვენებს, სწორ გზას ვირჩევთ თუ მცდარს. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ. და ამის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ რატიფიკაციის პროცესს. მე არა მგონია, ეს ერთბაშად მოხდეს.”

10 ოქტომბერს, როდესაც სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ჟენევაში ხელს მოაწერს თურქეთთან ურთიერთობის აღდგენას, იგი, ალბათ, ბევრ მოწინააღმდეგეს გაიჩენს საზღვარგარეთ მცხოვრებ სომხურ დიასპორაში.

3 და 4 ოქტომბერს ლოს-ანჟელესში, იმ სასტუმროს წინ, სადაც პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ცხოვრობდა, 12 ათასკაციანი დემონსტრაცია შეიკრიბა. მათ ხელთ ეპყრათ ტრანსპარანტები, წარწერით: “ნუ გვიღალატებ!” და “თურქეთო, აღიარე გენოციდი.”
XS
SM
MD
LG