Accessibility links

logo-print

რობერტ სიმონსი თბილისში ნატოსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს განიხილავს


თბილისში შეხვედრებს მართავს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი. 8 ოქტომბერს დილით ის ესტუმრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. შემდეგ კი, შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან. ჟურნალისტებთან დაკეთებულ კომენტარში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ვიზიტის მიზნად ”ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სამომავლო გეგმების განხილვა” დაასახელა. მისი თქმით, განსახილველი თემებია ასევე: საქართველოს შეიარაღებული ძალები, მასში გასატარებელი რეფორმები და ავღანეთში სამშვიდობო მისია. ”ახლა მძიმე სიტუაციაა და საქართველოს მონაწილეობა ამ მისიაში მნიშვნელოვანია. ეს წელიწადი გარდამტეხი იქნება ზოგადად საქართველოსა და ალიანსის ურთიერთობაში ”, - აღნიშნა რობერტ სიმონსმა. ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი 8 ოქტომბერს ასევე შეხვდა ეთნიკური უმცირესობების და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. დაგეგმილია კიდევ არაერთი შეხვედრა. რობერტ სიმონსი საქართველოს 3-დღიანი ვიზიტით 8 ოქტომბერს ესტუმრა. ვიზიტი უკავშირდება ”ნატოს დღეებს” საქართველოში. ღონისძიება 5 ოქტომბერს დაიწყო და 10 ოქტომბრამდე გასტანს.
XS
SM
MD
LG