Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარალეთში დევნილების საცხოვრებელი პირობები უარესდება


ერთერთი დევნილის კოტეჯში იატაკიდან ბალახი ამოვიდა
ერთერთი დევნილის კოტეჯში იატაკიდან ბალახი ამოვიდა
კარალეთში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები ყოველდღიურად უარესდება. უხარისხოდ აშენებულ კოტეჯებში სახურავიდან წყალი ჩადის, ღარებგაჩენილი იატაკიდან კი ბალახი ამოდის. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარამ დეფორმაცია განიცადა და წვიმის დროს წყალი ოთახებში აღწევს, კედლები სველია, ჭერზე გაკრული ფანერა კი ზოგიერთ კოტეჯში უკვე ჩამოვარდნილია. დევნილები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

კარალეთის კოტეჯებში ცხინვალის რეგიონიდან დევნილები 2009 წლის იანვარში შეასახლეს. ზამთარში აშენებული ბინების კედლები და იატაკი მაშინვე სველი იყო. გაზაფხულზე ღარებგაჩენილი იატაკიდან კი ჭაობიანი ადგილის გამო ბალახი ამოვიდა. მას შემდეგ დევნილები საკუთარ სახლებში ჭაობის ბალახს ყოველდღიურად გლეჯენ. ნელი მჭედლიძის განცხადებით, წვიმიან ამინდში კოტეჯში გაჩერება უკვე შეუძლებელია, რადგან წყალი ყველა ოთახში ჩადის.

კარალეთში 400-ზე მეტი კოტეჯია აშენებული. დევნილების ინფორმაციით, აქედან 89 სახლში წყალი ჩადის. დევნილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს ეს ინფორმაცია დაუჯერებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ, ხელშეკრულების საფუძველზე, ხარვეზები მშენებელმა კომპანიამ უნდა გამოასწოროს.

დევნილის საცხოვრებელში წყალი ჩამოვიდა
დასახლება რიგებად არის დაყოფილი. თითოეულ რიგში 20 სახლია. ერთ-ერთი რიგის ყველა კოტეჯი მოვინახულე. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სამ კოტეჯში არ იყო წყალი ჩასული. ასკილაშვილების კოტეჯის ოთახებში გაკრულ ფანერაზე კი 75 სველი ადგილი დავითვალე. მერი ასკილაშვილის განცხადებით, ბავშვების ჯანმრთელობა ნესტიანი სახლების გამო საფრთხეშია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, პასუხისმგებელი სამშენებლო კომპანიები ხარვეზების გამოსწორებას მალე დაიწყებენ. დევნილებისთვის კოტეჯების მშენებლობას, პრეზიდენტის დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ხელისუფლება ხშირად თავს იმით იწონებდა, რომ არც ერთი დევნილი ჭერის გარეშე არ დარჩა, დღეს კი კოტეჯებში მცხოვრებთა ნაწილს ეს ჭერი თავზე ენგრევა.
XS
SM
MD
LG