Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი რუსული წესების წინააღმდეგ


საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებმაც ფინანსური კრიზისის დასაძლევად უხვი კრედიტი გამოყვეს ცენტრალური ევროპის ქვეყნებისა და, მათ შორის, საქართველოსთვის, სესხის გაცემის კრიტერიუმის გამარტივებას აპირებენ. სტამბულში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხრიდან ახალი სესხის გაცემის პირობად კვლავ მიმღები ქვეყნის მიერ თანხების ეკონომიკურ რეფორმებსა და საბანკო სისტემის გაჯანსაღებაზე მიმართვა დასახელდა. რაც შეეხება სესხის დაფარვას, საერთაშორისო ინსტიტუტებს ამ შემთხვევაშიც ლიბერალური კრიტერიუმები აქვთ შემუშავებული.

რუსეთმა ამ კვირაში განაცხადა, რომ სტაბილურობის 500 მილიონიან სესხს აღარ გამოუყოფს ბელორუსიას და არც უკრაინას ასესხებს 5 მილიარდ დოლარს. როგორც სტამბულში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ შეხვედრაზე რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, კრემლს სჭირდება იმის შემოწმება, შეძლებენ თუ არა უკრაინა და ბელორუსია ამ სესხის უკან დაბრუნებას.

ეს სიტყვები ითქვა იმ დროს, როცა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკურად დასუსტებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასახმარებლად კვლავაც მილიარდობით დოლარის სესხს გასცემენ.

შესაბამისად, კრიტიკოსები კითხულობენ, თუ რატომ გასცემს კრედიტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი იმ ქვეყნებზე, რომლებიც, მოსკოვის შეფასებით, რისკის ჯგუფში შედიან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სესხის გაცემის იმ კრიტერიუმში, რომელიც ფონდმა შეიმუშავა, ცუდი არაფერია. ფონდის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ სესხის გაცემის პირობების გამარტივება დაეხმარა გასულ წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, დაეძლიათ კრიზისი და შეენარჩუნებინათ ფინანსური სტაბილურობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტრატეგიისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლორენცო ჯიორჯიანიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფონდი სამომავლოდ კიდევ უფრო შეამსუბუქებს სესხის გაცემის კრიტერიუმს:

“ახლა პირობები სხვაა, ვიდრე ადრე იყო - ისინი ამჟამად უფრო ფოკუსირებულია. პირობა სულ რამდენიმეა და, თანაც, პირობები განისაზღვრება იმ სფეროების მიხედვით, რომლებიც საჭიროებენ წარმატებულ პროგრამებს – სახელდობრ, ფინანსური სექტორი და ფისკალური სტრუქტურა. რეფორმების ეფექტიანობა გამორიცხავს იმას, რასაც ადრე “სტრუქტურული შესრულების კრიტერიუმს” ვეძახდით. ახლა სტრუქტურული რეფორმები უფრო ფართო, პროგრამის შესრულების კონტექსტით განიხილება და ისინი აღარ ზღუდავენ ტრანშის რომელიმე სესხის გამოყოფას.”

მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების მთავარი ეკონომისტი ინდერმიტ ჯილი ამბობს, რომ მსოფლიო ბანკი აღარ უკარნახებს რეგიონის მთავრობებს, რა რეფორმები ჩაატარონ იმისათვის, რომ სესხი მიიღონ:

“ადრე არსებობდა ის, რასაც ჩვენ “სტრუქტურაზე მორგებულ სესხს” ვეძახდით. ჩვენ უნდა დავმსხდარიყავით მთავრობასთან ერთად და განგვეხილა, თუ რა სტრუქტურული რეფორმა უნდა განეხორციელებინათ მათ. ეს იყო ის, რასაც ჩვენ მთავრობებთან ვათანხმებდით და შემდეგ კი გამოვყოფდით აუცილებელ დახმარებას. ახლა კი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, განსხვავდება იმ პირობისაგან და ასე გამოიხატება: “თქვენთვის უმჯობესია ან ასე გააკეთოთ, ან სხვაგვარად.” სინამდვილეში, ჩვენ ვიძლევით ფულს, როდესაც მთავრობა დასრულებული სახით წარმოადგენს განვითარების საკუთარ პროგრამას.”

ამ გამარტივებული პირობებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, სესხებს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ბევრი ქვეყანა ღებულობს. მათ შორისაა საქართველოც. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასულ წელს საქართველოსათვის 750 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. 2009 წლის აგვისტოში კი ფონდმა დამატებით კიდევ 240 მილიონი დოლარი გამოყო. დიდწილად, ამ თანხებმა უზრუნველყო საქართველოს ფინანსური სტაბილურობა რუსეთთან ომის შემდგომ.

თუმცა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ორი დღის წინ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე ლაპარაკობდა, საერთოდ არ უხსენებია სესხის სახით მიღებული დახმარება, რაც, დიდწილად, ევროპული ქვეყნების დამსახურებაა.

პირიქით, მიხეილ სააკაშვილმა ევროპას სოციალიზმში დაბრუნების გამო უსაყვედურა. “თქვენ კი, რომლებიც შეგაშინათ კრიზისმა და სოციალიზმში დაბრუნდით, ნუ გვასწავლით როგორ ვიცხოვროთ, პირიქით, კონსულტაციებისათვის ჩვენი ეკონომისტები მიიწვიეთო”, -ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა 6 ოქტომბერს პარლამენტის საპატიო ლოჟაში მსხდომ ევროპის ქვეყნების დიპლომატებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG