Accessibility links

logo-print
13 სექტემბერი, კვირა
წვერში ვარ, წვერში ვცხოვრობ. აქ არის ჩემი ნამდვილი სამყოფელი, პირველყოფილი, სოფლური – ჩემი ნებაყოფლობითი არჩევანი. წელიწადში, სულ ცოტა, ექვსი თვე აქა ვარ. დანარჩენს უფრო იოლად ვთმობ, ჩემი სისუსტით და ზაზას დაჟინებით. ორი წელი კი ვიცხოვრე ერთხელ, მაგრამ ბუნებასთან ბრძოლას დიდი დრო მიჰქონდა, სხვაზე აღარ მყოფნიდა. თავი დავანებე. ჩემი ეს უკვირთ – არჩევანი და ნებაყოფლობითობა. თორემ აგერ, ღვევში, აქედან ექვს კილომეტრში, ანიკო ცხოვრობს, მარტო, სრულიად მარტო ამ ქვეყანაზე. არც ვინმე ურეკავს, არც როკფორი მოაქვს ვინმეს. თავის ძროხებს უვლის, თიბავს, შეშას ჩეხავს და “ჩერეპახა კრიშაზე” ოცნებობს... მაგისი არ უკვირთ. არჩევანი რომ არა აქვს, ალბათ, იმიტომ. და ბედი მისი, რომ არა აქვს, თორემ რა სანახავი იქნებოდა თურქეთში, სხვის კარზე მოჯამაგირედ!.. მე კი იმათი მიკვირს, ქალაქში ვისაც მიეჩქარება. ჩემი მირჩევნია, ჩემი ტაშტი-აბაზანა, “მოიდოდირი” პირსაბანი, ხის ჩეჩმა, ჩემი ჭა, ჩემი სისადავე ყოფისა და სრული დამოუკიდებლობა. უშუქობაც უხდება ჩემს ოდას, მეც იოლად ვეგუები, მით უფრო, რომ ტელევიზორი და მისნაირები, პრინციპულად და კატეგორიულად არ გამაჩნია. ერთია, რომ ზამთრის დღე ისე მოკლდება, მხედველობა ისე იკლებს, რომ კითხვა და ხატვა ჭირს. მუსიკასაც პატეფონით ვერ მოუსმენ. ასე რომ, ჯერ აქა ვარ, ზამთრამდე.
ყველაფერი ყოველდღიური, რუტინული, აქ სიამოვნებაა. ჩემს 600 კვადრატულ ბინაში წყალი - ჭა - ალუჩის ძირშია, პირსაბანი – ქლიავის ხეზე, ჭურჭლის და სარეცხის ადგილი – კომშებთან, ჩეჩმა – ერთი კაკლის ძირში, ტაშტი-აბაზანა – მეორე კაკლის ქვეშ. ყოველი მოძრაობა, საქმე იმწუთიერი მადლიერებაა, ნაცრის გატანა, ნაგვის დახარისხება, ნაკელის მიყრა - სიამოვნება. რატომ არ უნდა მერჩივნოს აქაურობა? თან, თუ გაგიჭირდა, აფთიაქიც აქვეა: ჭინჭარი წელზე, ფუტკრები - სახსრებზე, ცაცხვი - გაციებულზე, ცივი ჭის წყალი - დეპრესიაზე და დილის სევდაზე. უსიამოვნებაც არის, მაგრამ აქ უფრო ერევი. დღეს, მაგალითად, ვიღაცა მავნემ დიდი ალუბლის ხე მოჭრა და ჩემს ჭიშკართან დააგდო. ვებრძოლე, ეზოში შემოვათრიე, დიდი ბლის ხეზე შეშებთან ავაყუდე. მერე მაგიდას მივუჯექი, ჩემი წიგნის ბოლო მოთხრობები “ვაშალაშინე”. ზაზამ დამასწრო, დამირეკა. რუმი მითარგმნა (ჩემი დაკვეთით). ისე, უფრო ჩემი ნებით რომ წასულიყო ცხოვრება, ლევანს უფრო უნდა ეთარგმნა, უფრო დედნიდან... ყველაფერი ერთად არ უნდა ინდომო. ზაზას თარგმანი ჩავიწერე:

წინარეხატი – უკვდავი არსი ყოველივესი, ჩვენს მიღმა არის,
აქ კი რაცაა – სიკვდილი გასცრის, ვერც კი მოასწრებ შევლებას თვალის.
ნუ დაღონდები, რომ ბგერა გაჰქრა, რომ ჩაქრა შუქი ნათლის,
ისინი დარჩნენ, და გაქრა აქ რაც – ანარეკლია მათი.

ჩემი მოთხრობები წავუკითხე. არ მოეწონა. არ გამოვა ჩვენგან ჯოისი და ნორა. ჯანდაბას! მეც რა გამიკვირდა? წავალ, ჭის წყალს გადავისხამ, გამივლის. მაინც ჯოისზე ვფიქრობ. წყალი ავიდუღე ჩაისთვის, ძაღლებს ლელას დაწუნებული ქათამი მოვუხარშე, ვისაუზმე: როკფორი, თაფლი, ლიმონი. ჯოისმა ცოტა გადამიარა. მწვანეები ჩავიცვი, ლურჯი მძივები გავიკეთე. დავიღალე. დღეს თუ შეშაზე წავალთ, ჯანზე უნდა ვიყო.
წამოვწექი, ვკითხულობ... 2 საათზე გამეღვიძა. შხამებმა იკლეს, ჯანმა იმატა. ჯოისს თიბვაც მოუხდება, ვთიბავ. ვიცი, იმერელი ნინო მოვა, ლაპარაკის თავი არა მაქვს, თიბვა მიშველის. მოვიდა. გახვითქული ვთიბავ (ცელით ვთიბავ), თან ველაპარაკები. თეას გადაუარა, ავყევი, თიბვას უხდება. ბოლოში გავედი. და ახლა რისი მე ვარ, რომ არ გავაგიჟო – ჭის წყალი გადავისხი ოფლიანზე. გაგიჟდა თუ არა, არ ვიცი, ისე კი ვაი-ვიშობდა. მეც გავერთე. თიბვისას ჩემი ლაზურიტები გამიწყდა (კიდევ კარგი, გათიბულში). ავხიკე, ავასხამ. ღამდება. ტყეში შეშაზე წასვლა, მგონი, ჩაიშალა. სამაგიეროდ რა ვთიბე! არა, არ ჩაიშალა, ლელამ და მიშამ გამომიარეს, ტყეში წავედით. შეშის ჩეხვის “მასტერ-კლასი” ჩავატარე, მიშას თავს ვაწონებდი, ბევრი მოვზიდეთ. ძაღლებმაც მოილხინეს. კუსას ბირკები ამოვუვარცხნე, პასკი მოკლებეწვიანია, არ სჭირდება. დავიღალე. დავწექი. პასკუსები შემომიძვრნენ. “სპარსელებს” ვკითხულობ. ამ წიგნში შამსზე წერია, ახალგაზრდა იყოო. ზაზამ მითხრა, არაო, რუმიზე უფროსი ყოფილა. სულ ერთია, ეგეთ სიყვარულს ასაკი არა აქვს, აი, რა მშურს! ვიკითხე, ჩამეძინა.

14 სექტემბერი, ორშაბათი
წუხელ იწვიმა. დილას - ყველაფერი იგივე, რაც გუშინ და ყოველთვის. ფეხშიშველამ ვიარე გათიბულზე. სასიამოვნოა. შინდის ნაყარი მარცვლები ავკრიფე – შაშვები ყრიან. ჩირს ვაშლი მივამატე. ფუტკრები, ჭკვიანები, მიეჩვივნენ, თავისით მოდიან, მაგრამ უთაფლოდ ვერ დაიჭერ. თაფლი ამოვუტანე ლამბაქით. დღეს ორ-ორს ვისვამ მუხლებზე. ვიბანავე. ჰამაკი გავჭიმე, მგონი აზრი აქვს. ვედროები ავავსე. წვიმიანზე ხვლიკები ვედროში არ მიძვრებიან, ნამს სვამენ. გუშინ ვუყურე ერთს როგორ უჭირდა, ემალზე სრიალებდა.
დღიურს მივუჯექი. ჩემი თავი სხვას კი არა, მე უფრო მაინტერესებს, დღის განმავლობაში რას ვიზამ, როგორ მოვიქცევი? ყველაფერი იგივეა, ოღონდ სულ იმას ვფიქრობ, ეს დავწერო, თუ არა? სხვაობა ეს არის, მეტი არაფერი. ან რა უნდა დავმალო, ან რა არის მისაწერი. ეგ დრო წავიდა...
მაგიდის ქვეშ პასკი ხვრინავს, კუსა გამწარებული ყეფს, ალბათ ღორმა ჩაიარა. მოვიდა იმერელი ნინო ისევ იმავე პროგრამით. კიდევ კარგი, ლევანმა დამირეკა. სასწაული! 30 წლის წინანდელი მეორდება. ლევანს სახლში, თბილისში, თუთიყუში შეუფრინდა! ისიც თეთრი! მისტიკაა! მერამდენე ჩიტია! ბავშვობაში ორი თუთიყუში და ალბინოსი კენარი შეუფრინდა სახლში და თავზე დააჯდა. ოღონდ, მაშინ ცხოველებზე აბოდებდა. დღეს კი მამაკაცია, ბავშვებზე და სირბილზე აბოდებს. და ისევ ჩიტი? ძმაკაცს მივეციო, მითხრა, თუთიყუშები უყვარსო. ადრე არ გაატანდა მასთან მოფრენილს. ბავშვობაში სუყველა თუთიყუშს, კენარს და ბევრ სხვას, თვითონ უვლიდა. ახერხებდა. დღეს კი სხვა ოჯახი აქვს, სხვა აურაა... დღეს არც მის შვილს გახარებია, არც ქალბატონს? რომელი ერთი ვთქვა? “ვაჰ, დრონი, დრონი...” თუ “სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული...”? ლევანმა, ინტერნეტში გავიგე - ჩიტის მოფრენა ფულისააო. რუსეთშიც ამას ნიშნავს, ოღონდ ფანჯარას არ უნდა ასკდებოდეს, მაშინ სიკვდილისაა. კიდევ კარგი, შემოფრინდა! ფული კი, კაცია, ღმერთმა მისცეს! იმ გასხვისებულმა თუთიყუშმა თან თუ არ გაიყოლა. ჩვენ კი მისდღეში გვყოფნიდა “ღარიბი პროფესორების” ხელფასი და ბედნიერებიც ვიყავით. თუ რამე გვწყენია, მაგისი არ იყო. სულ არ იყო მაგისი. სანამ ლევანიკო ამას მიყვებოდა (ლევანიკო 44 წლისაა), იმერელი ნინო წავიდა, იოლად დავაღწიე თავი: გუშინ ცელვამ მიშველა, დღეს - ლევანმა.
ამასობაში, მოსაღამოვდა, შუქი ჩაქრა. მთვარე ამოვიდა. ჩემს ოდას უხდება. ლურჯი მძივების აცმას ვაპირებდი, უშუქოდ გამიჭირდება. ისე, გუნების შერჩევაც უნდა მძივის აცმას. თუ მშვიდად მიუდექი, კარგი თერაპიაა. თუ გადამცდარი ხარ, უარესია. მომენტის შერჩევა უნდა, როგორც ყველას და ყველაფერს, თუ ნაღდი გინდა, და კონტაქტი. ამასობაში შუქიც მოვიდა და ლელაც - გუშინდელი ნაჯახი და ხერხი დამიბრუნა. ლაპარაკს შევყევით, გუნებაც და მომენტიც დაემთხვა – ღამის ორ საათამდე ვისხედით. გავაცილე. თავის სახლთან მიშა დახვდა.
ღამე ნებისა.

15 სექტემბერი, სამშაბათი
დღეს რა ვაუწყო ქვეყანას, რითი შევეგებო, რა შევიფერო? Венечка Ерофеев-ის სიტყვებიდან: "Что же мне теперь? Быть ли мне вкрадчиво-нежным? Быть ли мне пленительно-грубым?" თუ ისევ “ცნობიერების ნაკადს” წავყვე?
დილა თიბვით დავიწყე. მერე ყველაფერი იგივე... ამასობაში ნანა მოვიდა "ვილისით" ღვევიდან. რძის რამეები მოიტანა. კოლას შვილიშვილმა და ჩალისფერმა ცხენმა კონკურენციას ვერ გაუძლეს, აღარ მოდიან, აღარ მეძახიან – "ქალბატონოოო!" ახლა ნანა მისიგნალებს, ნანას ქმარ-შვილი. სმეტანა და რძე გამოვართვი. მინდა არ მინდა, მაინც “ნაკადი” გამოდის. მუსიკა ჩავრთე, ალი ხანი. თან ვუსმენ, თან ვწერ.
საწერი მაგიდის წინ, ფანჯარაში, მსხლის ხე ჩანს. ბლომად ასხია. მე კი მსხალი მაინცდამაინც არ მიყვარს. უფრო ხათუნას მორთმეულ ვაშლებს ვახრამუნებ. წლევანდელი ზაფხული (ნასესხებამდე) წვიმიანი და ცივი იყო, სულ ღრუბლიანი და დრამატული. ნუთუ მართლა კალი-იუგას ბრალია ეს გლობალური დათბობა? როგორი ფუჭი ხდება ყველაფერი ამის გაფიქრებაზე... ამაზე ფიქრს ჯობია, საქმეს მივხედო. ლურჯი მძივები ავაცვი, ქალიშვილობის დროინდელი ლურჯი კაბა ჩავიცვი - ჭაღარას უხდება. მწვანე ჰამაკი, ლურჯი კაბა, ლურჯი მძივები, წიგნი ხელში – დასაწყისი კარგია, მაგრამ ვინ გიყურებს?! ძაღლები ჩამიხტნენ კალთაში.
ამასობაში ჩემი “ჩეხები” მოვიდნენ დასამშვიდობებლად. ავირიე. პასკიმ თავისი საცირკო ნომერი ჩაატარა – დაკიდებულ კიბეზე ტრიალ-ტრიალით ავიდა, ზემოთ სულუგუნის ნაჭერი ელოდებოდა! ვიდეოზე გადაუღეს, ევროპას გააცნობენ! თუმცა, ისედაც ცნობილი ქალბატონია – საბავშვო წიგნის გმირია. ერთმანეთს გამოვეთხოვეთ. გამოთხოვება ტკივილია, ყოველთვის პატარა ტკივილია... ისევ საქმე თუ გიშველის. პასკუსებს ამაზრზენ სადილს ვუხარშავ – კილკა და ჰერკულესი ერთად. სუნი - საზიზღარი, გემო, ალბათ, უარესი. ესენი კი ისე თქვლეფენ, გეგონება, ერთი თვის უჭმელები იყვნენ. ვიღაცამ დამიძახა. ღობეს მანქანა მოადგა. ამასობაში ტელეფონმა დარეკა. იქით ვეცი, მერე -ჭიშკართან გავვარდი. მერე ისევ ტელეფონი – ახლა ზაზაა. მანქანით ალეკო მოვიდა. ასეა, ხან არავის ახსოვხარ, ხან კი, კილკაში ამოსვრილი, აქეთ-იქით ეფეთები.
ალეკომ და ბიჭებმა ბორჯომის ხეობა ცხენებით გამოიარეს. ერთი კვირა "ჯიგიტობდნენ". კლდეკარზე მანქანა ალეკომ გამოატარა. სანოვაგით და კარვებით ცხენებს მოჰყვებოდა. ძველი “კასკადიორია”. კლდეკარზე ნიკი ლაუდა ვერ გადმოიყვანდა მანქანასო, სულ უკანა სვლით უტარებია. ჰუგოც თან ჰყავდათ. კოჯორში აუწყვეტია და სახლიდან წამოსულებს, კიკეთის თავზე წამოწევიათ. ღამე იყო და შეშინებულან, ამხელა ვინმე რომ მოსდევდათ. პასკი ეჭვის თვალით უყურებდა.
ავწრიალდი. რა კითხვა, რის სიმშვიდე! აქაც თუ სიმშვიდე გინდა – ტელეფონი უნდა გამორთო და ჭიშკარი გარედან ჩაკეტო, ვითომ სახლში არა ხარ. ისევ იღრუბლება. თუ იწვიმა, თივა დასველდება და დალპება, ზვინუკებს დიდ ზვინთან თავს ვუყრი. ახლა ცხენოსნები დამადგნენ: ალეკო, მიშა, გოგლა. ნამეტანი მომიკითხეს. მივხვდი, ცხენების დაბმა უნდოდათ ჩემს გვერდით შემოღობილში. მომიცადეს. ზვინის აყრას მოვრჩი. მერე ორი ულაყი დააბეს ვაშლების ძირში: გერმანელი და თურქმენი გოლიათები. ორივე შავი, ზურგზე თეთრი ლაქებით. სილამაზე - არანორმალური!
ჩემი ძაღლები თავს იკლავენ! დავყრუვდი. ორივე სახლში შევაგდე. დაღამდა. მთვარე ამოდის, ზუსტად მზის გზას იმეორებს – წმინდა გიორგის ბაზილიკის თავზე მრგვალი, ყვითელი. კიდევ ერთი ულამაზესი ღამე ჩემი წვერუკასი. ნეტავ ქალაქში თუ ხედავენ და უყურებენ?! ღრუბელმა დაფარა. ალბათ ისევ იწვიმებს. რამდენი ვიწრიალე. ვაშლით ვივახშმე. რაც უფრო იღლები, მით ნაკლებად გშია.
გამახსენდა, დღეს ყველაფერთან ერთად ზაზას შარშანდელი, მიწაში ჩაზრდილი ქვები ამოვთხარე. კინაღამ ცელი გამიტეხეს. ჭას შემოუშენა, დანარჩენი - დამიყარა. ასეა, კაცს კუდში უნდა სდიო. ერთს გააკეთებს, სამ მისალაგებელს დაგიტოვებს.
სამაგიეროდ ტკბილად დამეძინება.

16 სექტემბერი, ოთხშაბათი
სად უნდა გამთენებოდა ამაზე ლამაზი დილა? ჟივერნიში? აქ უფრო ხელთუქმნელია – ჩემი წვერი. ულამაზესი ცხენების ფრუტუნი, ნალების ჭედვის ხმა (ალეკო ცხენებს ჭედავს დილაადრიან), ჩემი "გოგოების" უკმაყოფილო ღრენა და ჩემზე სირბილი.
ვდგები, ბედნიერი. ამაზე ლამაზს რას ნახავ, ვაშლის ხეებში, მსხმოიარე ტოტებში, ბუნების ორი სრულყოფილი ქმნილება. ტეკინელს ფეხი აქვს ნატკენი, ალეკო უხვევს. ვუყურებ – პატარა ტანის, შეუხედავი, ხუთას ადგილას დალეწილ-დამტვრეული, ლაღი, მიუბმელი კაცი. ისტერიული ქალაქელობის ფონზე ეგზოტიკური და იშვიათი. ვფიქრობ. ცხოვრების სილაღე და სილაღე სულისა განაპირობებენ თუ არა ერთმანეთს? მგონი არა. ალეკოს ანტიპოდი – ნიკო სამადაშვილის საყდრის ჩიტი ბუღალტერიაშიც გალობდა. ორივე ერთად – ვიიონია? ცხენები აჭიხვინდნენ.
პასკუსები თავს იკლავენ. გიგლა და მიშა მივიდნენ, ჰუგო ჩემს ჭიშკარს მოადგა, "გოგოები" აინტერესებს. ჰუგო ვიქტორ ჰიუგოს ნათესავი მეგონა, არა, ჰუგო ფონ ჰოფმანსტალისა ყოფილა, აბა საიდან იქნებოდა, ჩემი ტკივილის, ჩემი დაუვიწყარი ბაუშანის ნათესავი. შტერი ჰუგო. ვხედავ, ცხენების ფუნა მთელ ეზოშია მოფენილი. წარმოვიდგინე, ჩემი კაპროფაგები აქ რას იზამენ, თან ჩემზე სძინავთ! ბიჭებს ვთხოვე დახმარება. ერთად ვწმენდთ, ტაშტებში ვაგროვებთ.
ალეკომ ლაპარაკში ნანა მელქაძე ახსენა, ჩემი გამზრდელიაო. "ჯიგიტოვკას" ასწავლიდა. ნანა საბჭოთა კავშირში პირველი ქალი ყოფილა, გაჭენებული ცხენის ქვეშ რომ გაძვრა. ახლა ხნიერია. კარგად ამყოფოს ღმერთმა, ჩემნაირების შესაშურად, საამაყოდ და ქედმოსახრელად – ქვეყანა რომ შევაწუხე ჩემი ჯაგლაჯა ცხენით თუშეთში ასვლით. ყოჩაღ გოგლა, ფულის მადლს ამ დროს ვგრძნობ (სხვისისას, რა თქმა უნდა). ჩემს გალაღებას კი, რა ცოტა უნდა, და ამაზე ნაკლებიც მყოფნიდა. ჩემი პიო, პატარა ლევანი, ზურგჩანთები და სვანეთის დამეწყრილ გზაზე, ნაშალში მიძინებული პაგანელი. დროს მივატირე, მამაჩემს, ლევანის ბავშვობას. იმიტომ, ალბათ, რომ საქმეს მოვრჩი, თავისუფალი დრო მაქვს. ჯიგიტები კოჯრისკენ წავიდნენ, სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ფიქრი მოცლილობისაა. ადამიანი შრომას არ შეუქმნია. ოცნებამ და მოცლილობამ შექმნა. მოცლილობისას უყურებდა სახრეზე დაყრდნობილი იაკობი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას. მოცლილობისას ეკითხებოდა და უპასუხებდნენ...
კომშის ძირში ჭურჭელს ვრეცხავ. უცებ, თვალის დონეზე, ჰაერში, რაღაცა შეირხა და გაჩერდა. დავაკვირდი – მიყურებს. ლობიოსხელა ჭრელი ობობა. ჰკიდია თავის ქსელზე და მიყურებს. ნამდვილად ვამბობ, ბიფოკალები მეკეთა ცხვირზე. მიყურა, არასაიმედოდ ჩამთვალა, და ისევ ზემოთ აირბინა. საოცრება, როგორ მიყურებდა. დედამიწის ზურგზე ვინ მოგაშტერდება ასე, თან ჭურჭლის რეცხვის დროს? არა, ვიღაცას როგორ არ ვაინტერესებ ამ ქვეყანაზე!
კოღომ მიკბინა. ჩემი საწერი მაგიდის წინ ფანჯარაზე ხვლიკი თბება, მიყურებს, გავინძერი, ჩამოცურდა, ყველას ჩვენი როგორ ეშინია. რამდენი ვინმე დავაფრთხე ჩემი თიბვით. ასე ვიცი, მარტო შემოდგომაზე ვთიბავ. ბალახი კაკლის ბერტყვის დროს მიშლის. მანამდე კი მფრინავიც და მცოცავიც ჩემს ეზოს აფარებს თავს. დღეს ხვლიკი ჩაძვრა შინდის კერკის ტაშტში, ვერ ამოდიოდა. ტაშტი სპილენძისაა, თან - მზეზე გახურებული. ამოვაყირავე. გაიქცა. კუდი აკლდა, როგორც ეტყობა, კიდევ ერთ ხიფათს დაუძვრა. ჰამაკში მოვეწყვე, ვკითხულობ. Венечка დავამთავრე. რამდენჯერ უნდა წავიკითხო, რომ ახალი თვალით არ ვხედავდე. გულსაკლავია და გენიალური. რა იშვიათი დაწყვილებაა! ჩემი წიგნისათვის ეპიგრაფად ერთი სტროფი ავირჩიე: «На тех весах вздох и слеза перевесят расчет и умысел».
გამახსენდა, თურქმენი ეჯე შვილიშვილს ფეხით როგორ ურწევდა აკვანს, თან თვითონ ქსოვდა, ან ეძინა. მესამე ხეს ჰამაკის გვერდზე ბაწარი გამოვაბი და ფეხით ვარწევდი. თავი დავირწიე. მაინტერესებდა, ბავშვობის მოგონება ხომ არ დაირწეოდა ჩემს მითვლემილ თავში. არა, მხოლოდ თავბრუ და გულის რევა. არადა ბავშვობა ნამდვილად არ მქონდა გულისამრევი. ზღაპარი ბავშვობა მქონდა! ფროიდის მოხმობა რად მინდა, ისედაც მახსოვს. გუშინდელიც გამახსენდა, გამეღიმა, ანა როგორ მიღებდა სურათს ჩადრში. ჩადრი ერთი ცისფერი აბრეშუმის ვარდნილი ნაკადია, თვალებზე პატარა ბადით. შიგნით ვინ იქნება, რა მნიშვნელობა აქვს? თუ მაინც იცნობა მღვდელი ჭილოფში? საიდან სად, რომ ჩაუფიქრდე. საღამოს ჩემი შტერები მდელოზე ვასეირნე. თაიგული მოვიტანე. სიჩუმეა, სიმშვიდე, ცოტა ნაღვლიანი. დღე, ალბათ, ასე მიიწურება.

17 სექტემბერი, ხუთშაბათი
დილა ღრუბლიანია, მშვიდი, ყველაფერი იგივე. წუხანდელს ჩავიწერ: ძილის წინ ვკითხულობდი, უფრო ვათვალიერებდი ჩქვანავას “ტორეადორებს”. თავი ავარიდე, ძილის წინ, და საერთოდაც. გასანეიტრალებლად, ნაბოკოვს ჩავხედე, დავმშვიდდი. შეიძლება ცინიკურია, მაგრამ, ასე მგონია, ომი და უბედურება რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც ლიტერტურა იარსებებდა, მარტო სიყვარული არ ეყოფოდა. სანამ მე თვითონ არ ჩავყვინთე ამ საქმაში, “ანა კარენინას” – «Все счастливые семьи похожи друг на друга, каждая несчастливая семья несчастлива по-своему» - ამასაც რომ ნიშნავდა, ვერ ვხვდებოდი. თუ ეგრეა, რა ძვირი საფასურია!
დღევანდელი დღე, ჩემი პროგნოზით, სულ ასეთი უშფოთველი იქნება, და ჯობია, საღამოსკენ შევაჯამო, ფაციფუცის გარეშე.
ორად ორი დღიური მახსენდება (მიწერ-მოწერას თუ დღიურებად არ ჩავთვლით) – ანა ფრანკის და სეი-სენაგონის. მეორე სიმშვიდეში იწერებოდა, ანა ფრანკისა კი “ტორეადორების” დროს, მაგრამ რა თავმოყრილია! ჩემსას რომ მოვრჩები, ამ პროგრამის დღიურებსაც მერე წავიკითხავ, ასე უფრო თვითმყოფადი ვიქნები. ჩემი "აბაზანის" რესტავრაცია მოვინდომე, ბარემ თივა მაქვს. "აბაზანა" ერთი თივის კარავია, შიგ თუთიის ოვალური ტაშტი დგას, წყალში კაკლის ფოთლებს ვყრი, თავისითაც იყრება. ირგვლივ ახალი თივის ფთილებს ვამაგრებ. ნეტავ ამის დანახვაზე, ვინ რას ფიქრობს – რობინზონ კრუზო ვარ თუ ტაშტის აძიძლანი? ძროხისთვის კი, უბრალოდ, საჭმელ-სასმელია.
გუშინ, სეირნობისას, შევამჩნიე: მდელოზე მაყვალი მწიფდება, კაკალიც შემოდის. მაყვალი დაუკრეფავი დამრჩება, ზაზა იშვიათად ჩამოდის, მე სულ წერა-კითხვამ ამიტანა. ისევ ჩემს ილუსტრაციებს მივხედო, ჯობია, სანამ სრული დისკვალიფიკაცია არ მიმიღია. აგერ, ჩამოვიდა კიდევაც – როკფორი ჩამომიტანა, ლიმონი დაავიწყდა. თავისი ზღაპრების ილუსტრაციები მანახა, მერამდენედ გავგიჟდი! ჩემი დღიური წავუკითხე, სანამ ცრემლმორეული ვკითხულობდი, შეზლონგში ჩაეძინა. არც მერე მითხრა კარგები. მერე თავის თბილისში დაბრუნდა, საიდანაც ჩამოვიდა. ვინ დამიჯერებს, რომ არ მწყენია. ასეც არის, მოსაწყენი და არაინტეგრირებულია ჩემი ყოველდღიურობა. მე კი მეგონა, დარჩებოდა, ბუხარს დავანთებდით, და ჩემთვის გავიფიქრებდი: "რა კარგია, რომ შევრჩით ერთმანეთს." ვეცდები, დავიძინო.

18 სექტემბერი, პარასკევი
დილა გათენდა მოწყენილი, ბუნებაც და მეც. ერთი ჩემი პასკუსები არ იწყენენ. ზაზამ ჩემს ჭკუაზე დამაყენა, მოწყენილზე. ჯოისობანა და დალის წაბაძვა მართლა არაა ჩემი სტილი – ბოლომდე ვერც პირველს გავუგე, არც მეორე მიყვარს. უბრალოდ, კარგ გუნებაზე ვიშველიებდი, და კარგ გუნებაზე წერა არ გამომდის. ისე, დღიური თავმდაბლობას ხელს არ უწყობს – სულ "მე" და "მე". არადა ეს სიტყვა - "მე" - და მისი ხმარების სიხშირე ბევრის მაჩვენებელი და მთქმელია. თურმე, რენე გენონი (ამდენი წიგნის ავტორი!) ამ "მეს" იმდენად იშვიათად იყენებდა, რომ ამითაც, თავისი მოდრეკილობით, არის ცნობილი.
ჯობია, ფიქრებს შევეშვა და საქმე ვაკეთო. ბუხრის ნაცარი მაქვს გადასაყრელი. სარდაფში შევძვერი. ამდენ თოხში და ნამგალში ისევ იმ ბარზე მომიხვდა ხელი, ძლივს გამოვათრიე – პირზე ტონა გაქვავებული ცემენტი, ტარზეც - ხორკლებად ცემენტი, ხელი გამიკაწრა, ვერ იხმარ, გემოს ვერ ჩაატან. პორტრეტია, ჩვენი ნოდარის პორტრეტი. ბუხარი მაგან აგვიწყო, რამდენჯერაც ვანთებთ, იმდენჯერ მადლიერებით ვიგონებთ – იცოდა, რას აკეთებდა. თავის ცხოვრებას კი ამ ბარივით მოექცა, გამეტებით, გაუფრთხილებლად. არადა ამ ცემენტის სველზე ჩამორეცხვას რა უნდოდა, თითქოს რა ტვირთია. ტვირთი იყო, ალბათ, ნოდარის ცხოვრება, აცხონოს ღმერთმა.
ბარი გადავაგდე. დღევანდელი სიახლე (თორემ წელიწადში ეგეთი ოთხჯერა მაქვს განაღდებული): კუსას სიყვარულის დღეები დაეწყო. თეთრი ბიჭი მიწვა ღობის ძირში, წუხელის, ალბათ ეგ იყო, რომ ყმუოდა. ხან პასკუალინას ეტრფის, ხან კუსას. ორივე ჩემი რომ არ იყოს, მონოგამი მეგონებოდა, ისეთი თავდაუზოგავი მიჯნურია. კარგია, სხვის მაგალითზე ჭკუას სწავლობდე... რას იზამ. ორკვირიანი ყმუილი და კუსას დარაჯობა გარანტირებული მაქვს. ღობეებს შემოვუარე. ხვრელები დავგმანე. თავდაცვაზე გადავედი. გამრავლების მომხრე არა ვარ, არანაირის, უფრო იმათი მოვლისა, ვინცა ვართ.
ელიკოს ხმა გავიგონე. ჩამოვიდა ჩემი გოგო, ჩემი მეზობელი. არ ველოდი, გამიხარდა, სიმარტოვეს ხიბლი აქვს, მაგრამ ელიკოს მოსვლა მირჩევნია. მგონი, სულ ეგ არის დღევანდელი დღე.
ხვალამდე.

19 სექტემბერი, შაბათი
დღეს ბოლო დღეა დღიურის წერის, კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემი ცხოვრების, და დღე თქვენთან დამშვიდობების. დღიური აქამდე არასდროს მიწერია, თქვენთვის ვწერდი, და თქვენ უნდა დაგემშვიდობოთ. დღეს სხვა არაფერი მავალია, სხვა რა უნდა მოხდეს ჩემს წვერში. ვზივარ ჩემს ოდაში, ამას ვწერ, და ვერტმფრენის ხმაზე ვკრთები. შარშანდელს აქეთ, დაბლა მფრენი ვერტმფრენის ხმაზე ვრეაგირებ, არ მსიამოვნებს. არც წინა კვირის შიში გამნელებია - მიწისძვრის შიში.
ჩემი ოდის სახურავზე დიდი კაკლის ხის და მსხლის ტოტებია გადმოწვენილი. მწიფობისას, სახურავზე მსხლის, გინდაც კაკლის ჩამოვარდნას, მით უფრო ღამის სიჩუმეში, მეტეორიტის ჩამოვარდნის ეფექტი აქვს. ამას შეჩვეული ვარ, არ ვამჩნევ. ახლა კი ყოველი სახლის გაჭრიალებაზე, თუ კაკლის ჩამოვარდნაზე ჭაღს ვუყურებ, ხომ არ ქანაობს, მიწისძვრისა ხომ არ არის. ეს პირველი არაა. ამაზე ძლიერი მიწისძვრაც მახსოვს, ფრანგების ბუხრის მილი ჩემს ეზოში რომ გადმოვარდა. ის მიმავიწყდა, ესეც დამავიწყდება, მაგრამ მიწისძვრა იმისი ხომ არ არის, რომ არ გადიდგულდეს ადამიანი? დაგვავიწყებინოს ოღონდ ბუნებამ, ამ დღიურებს, ლექსებს და ფიქრებს აზრი რომ ჰქონდეს. უკიდურესი გამოცდით ნუ გამოვიცდებით. აგერ, დღეს, უთენია, ჩემმა ლტოლვილმა მეგობარმა დამირეკა – თავის დაბადების დღისას მიყვებოდა. მის დაბადების დღის სუფრაზე თამადას პირველი სადღეგრძელი მიცვალებულებისა უთქვამს...
ეცინებოდა - მიცვალებულებთან ჩვენი ურთიერთობა ცოცხლების დროსტარებად იქცაო.
მართლაც, ამ ჩემი სამოთხის, ჩემი წვერის, არევა რა მარტივია, წარმოუდგენლად მარტივი. ბევრი რამე ერჩის – ნაგვით დაწყებული, კალი-იუგათი დამთავრებული. სადღაც გურულებსაც გაუგებ, პირველ სადღეგრძელოს მშვიდობისას რომ ამბობენ. ცოცხლად ნუ დავკარგავთ ერთმანეთის ინტერესს, ნუ ჩავხერგავთ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს და ბილიკებს.
ძაღლები აყეფდნენ. დიმამ “Сто лет одиночества” დამიბრუნა. ჩემთან ყველაფერი იგივეა. შორიახლოს ხერხის ხმა ისმის, ტყეს ჭრიან. ჯერ დღე არ დამთავრებულა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG