Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასონთა ლოჟისა და მისი სუფრის რიტუალის შესახებ


“ერთი წამით მომითმინეთ, მუსიკას ხმას დავუწევ”, - მითხრა ყურმილის აღებისთანავე გერნოტ რიბენშტაინმა, გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის ძველმა ოსტატმა, რომელსაც ლოჟის წევრობის 27 წლიანი პრაქტიკა აქვს. მასთან საუბრის მიზნად არც კი მქონდა თავიდან მასონობაზე მსჯელობა. ჩემი სურვილი იყო თავისუფალ მასონთა სუფრის ტრადიციაზე, ლოჟაში სადღეგრძელოების თქმის რიტუალსა და თამადის ინსტიტუტზე საუბარი. თუმცა ლაპარაკი დავიწყეთ ზოგადი საკითხებით. ჩვენი ეს დიალოგიც ადასტურებს, რომ მასონთა ლოჟების ნაწილმა მაინც გადაწყვიტა, საზოგადოებას განუმარტოს, რა არის მასონობა და ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ათას სისულელეს ჰყვებიან ლოჟების მიზნებზე და, საერთოდ, მათ გარშემო. გერნოტ რიბენშტაინის თავისუფალ მასონურ ლოჟას ჰამბურგში უდევს ბინა, ის ეგრეთ წოდებული იოანე მახარობლის ლოჟაა, “სამ ვარდთან”, - ასე ჰქვია მას, - და შედის თავისუფალ მასონთა ორდენში. ის, სხვა ადგილობრივ ლოჟებთან ერთად, გერმანიის დიდ ლოჟაშია გაერთიანებული. ეს კი გერმანიის უძველესი მოქმედი ლოჟაა, რომელიც 1770 წლიდან არსებობს ბერლინში. ეს ლოჟა მსოფლიოს სხვა ლოჟებისგან იმით განსხვავდება, რომ მისი წევრობის მსურველი უნდა აღიარებდეს იესო ქრისტეს მოძღვრებას, როგორც ეს ახალ აღთქმაშია მოწოდებული, ანუ იქ მხოლოდ ქრისტიანებს იღებენ. რიბენშტაინი ჯერ სტრუქტურაზე ლაპარაკობს:

“ლოჟა აღიარებულია, როცა ის წევრია რიგითი დიდი ლოჟისა, რომლის აღიარება ხდება ინგლისის დიდი გაერთიანებული ლოჟების მიერ. თუკი ინგილისი არაა თანახმა, შესაბამისი ქვეყნის დიდ ლოჟას არ აქვს ეს რიგითობა. ინგლისის დიდი ლოჟის მიერ აღიარებას განსაზღვრავს ზოგიერთი წინაპირობის შესრულება, რომლებიც 1723 წელს ჩამოაყალიბა პრესვიტერმა ანდერსენმა. მათ შორისაა ისიც, რომ ლოჟის საკურთხეველზე ბიბლია უნდა იდოს. ბიბლია, ანუ ღვთის სიტყვა, თავისუფალ მასონთა “დიდი სინათლეა”. და თუკი არ დევს ბიბლია საკურთხეველზე ლოჟაში, მას არ აღიარებენ.”

გერნოტ რიბენშტაინი, როგორც ითქვა, 27 წელიწადი იყო ლოჟის წევრი. მას, ერთი შეხედვით, მასონობას ვერ შეატყობთ. თუ კარგად დაუკვირდებით მის ხელებს, როცა თავისუფალ კალატოზთა, რასაც ქართულად ნიშნავს მასონი, მახასიათებელი უმწიკვლობის ნიშანი, თეთრი ხელთათმანები, არ აცვია, დაინახავთ ოქროს ბეჭედს, რომელზეც ორდენის ორი წითელი ჯვარია დატანილი. ეს ჯვრები იმავე ფორმისა და ფერისაა, საქართველოს ახლანდელ დროშაზე რომ არის გამოსახული. რიბენშტაინმა აგვიხსნა, რომ არის არაერთი ლოჟა, სადაც შესვლა შეუძლიათ არაქრისტიანებსაც. როგორ იღებენ ახალ წევრებს, ახალ ძმას, როგორ უნდა აჩვენოს მან, რომ იესო ქრისტეს მოძღვრებას აღიარებს, გამოცდას უწყობთ? - ვკითხე ლოჟის მაისტერს. აი, მისი პასუხი:
“არა, ჩვენ მისი გვჯერა. თუკი მოსურნე ამბობს, რომ მას სწამს იესო ქრისტეს მოძღვრება და თუ ის ხელს აწერს (ვისაც წევრობა სურს, განცხადებას უნდა მოაწეროს ხელი) განცხადებას, სადაც წერია, ვაღიარებ იესო ქრისტეს მოძღვრებასო, მას ჩვენ მივიღებთ ლოჟაში. სხვაგვარად ის ჩვენს ლოჟაში ვერ მოხვდება. არის არაერთი ლოჟა მსოფლიოში, სადაც ყველას იღებენ. თავისუფალ მასონთა ორდენი მხოლოდ გერმანიასა და სკანდინავიაში არსებობს.”

თანამოსაუბრემ გვითხრა და ეს სიხარულით აღნიშნა, რომ მასონთა ამ ორდენს ლოჟები აქვს ასევე ბულგარეთსა და რუმინეთში, ასევე ლატვიაში. რიბენშტაინი ამბობს, რომ თუკი ადამიანი თავს ქრისტიანად თვლის, ჯობს ქრისტიანულ ლოჟაში შევიდეს. იქვე განმარტა „თავისუფალმა კალატოზმა“, რომ ლოჟა არ უნდა გავაიგივოთ ეკლესიასთან - მათ შორის დიდი განსხვავებაა:
“ჩვენ არ ვართ ეკლესია და არ ვართ ეკლესიის შემცვლელი. ჩვენ, მე ვგულისხმობ ყველა თავისუფალ მასონს მსოფლიოში, არ ვართ ასევე სექტა, რაც ნიშნავს არსებულისგან გამოყოფას. თავისუფალი მასონები არ გამოჰყოფიან რომელიმე ინსტიტუციას. ჩვენ თვითონ ვართ ინსტიტუცია. უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ლაპარაკია თავისუფალ გაერთიანებულ კალატოზებზე, 1076 წლით თარიღდება, ანუ თითქმის ათასი წლისაა.”

რიბენშტაინი მოკლედ გვიამბობს “თავისუფალი კალატოზების”, როგორც კავშირის, შექმნაზე, თუმცა მოკლედ მართლაც ძნელია მასონობის ისტორიის გადმოცემა:

“ესენი იყვნენ თავისუფალი კალატოზები, რომლებიც მთელ ევროპაში მოგზაურობდნენ, რათა ტაძრები ეშენებინათ. სხვა კალატოზები თავიანთ ქალაქებში რჩებოდნენ. თავისუფალი კალატოზები მოგზაურობდნენ და აშენებდნენ საფრანგეთში შარტრსა და ესპანეთში ბურგოსის ტაძრებს. ამასთან, მათ ჰქონდათ საკუთარი სამართალი, კანონები, რომლებიც იმპერატორმა ფრიდრიხ მეორემ მიანიჭა. მათ ვერავინ გაასამართლებდა, საკუთარი მოსამართლეები ჰყავდათ, თვითონ მასონები.”

ცხადია, ახლა ასე აღარაა.როგორც არაერთ სხვა საკითხში, მასონები ემორჩილებიან იმ ქვეყნის კანონს, სადაც ცხოვრობენ. ლოჟები ისევეა რეგისტრირებული, როგორც სხვა ნებისმიერი გაერთიანება. ხდება ლოჟის საიდუმლოებათა გამხელა? არის თუ არა მოვალე ლოჟა თავისი საკრალური ჩვეულებები რეგისტრაციაში გაატაროს? რიბენშტაინი საიდუმლოების - როგორც მასონები უწოდებენ, “სამეფო ხელოვნების” - არსზე ლაპარაკობს:

“საიდუმლო - ეს რიტუალის განცდაა. მაგალითს მოგიყვანთ: როცა დამირეკეთ, ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიას ვუსმენდი. ამ მუსიკის მოსმენისას თქვენს გულში განცდა ჩნდება, თქვენი სული აჰყვება მუსიკას, განსაკუთრებული განცდა გაქვთ. ამ განცდის ჩემთვის ახსნა არ შეგიძლიათ, ვერ მეტყვით, ამას თუ იმას განვიცდიო. კი, მეტყვით, მშვენიერიაო, მაგრამ თქვენი განცდის ჩემზე გადმოტანა არ შეგიძლიათ. ეს განცდა არის სწორედ საიდუმლო.”

საიდუმლოს გარეგნულ მხარეზე ლოჟის ძველმა მაისტერმა არ ისურვა ღიად ლაპარაკი. მან აგვიხსნა, ისევე როგორც არ ჰყვებით, რა ხდება თქვენს ოჯახში,ჩვენც, “თავისუფალი კალატოზებიც”, არ ვყვებით, რა ხდება ჩვენს ბინაში, ლოჟაშიო. როგორ არის საქმე მეგობრებთან, მეზობლებსა თუ კოლეგებთან მიმართებით? იციან მათ, ეუბნებით, რომ მასონი ხართ? - ვკითხე იოანეს ლოჟის ძველ წევრს, რომელიც ექვსი წელიწადი მაისტერი იყო. გერნოტ რიბენშტაინმა მიპასუხა: არა, ისევე არავის ვუყვები, რომ მასონი ვარ, როგორც არ ვუამბობ ყველას, რამდენ კილომეტრს გავდივარ ველოსიპედით და რამდენჯერ ვწევარ ჩემს ცოლთან, მაგრამ ახლო მეგობარს, რომელსაც ვენდობი და რომელიც სულიერი საკითხებითაა დაინტერესებული, ჩემს მასონობას გავუმხელო.

თავისუფალ მასონთან საუბრისას გვერდს ვერ აუვლი რელიგიის თემას, ისევე როგორც პოლიტიკას და, როგორც გითხარით, სუფრის რიტუალს. რელიგიას რაც შეეხება, რიბენშტაინი კათოლიკურ ეკლესიაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ კარდინალმა რაცინგერმა, ახლა რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-მ, განაცხადა, მასონობა უდიდესი ცოდვაა კათოლიკესათვისო. ამის მიუხედავად, ლოჟები ჰყვავის კათოლიკურ ქვეყნებში, ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე და ახსნის ვატიკანის უარყოფით დამოკიდებულებას:

“ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვამბობთ: ყველა ადამიანი ღვთის შვილია, ყველა ღმერთის ძეა და ყველა ადამიანი ღვთის წიაღში დაბრუნდება და ზეცაში მოხვდება. კათოლიკური ეკლესია ამბობს სიტყვასიტყვით, რომ ღმერთთან მიგიყვანს მხოლოდ წმინდა რომის კათოლიკური ეკლესია. ეს ძალუფლებაზე ეკლესიის პრეტენზიაა - მხოლოდ მას აქვს უფლება ღმერთთან ადამიანის მიყვანისა. და ამიტომ მიგვიჩნევს ის ჩვენ კონკურენტად. ჩვენ არ ვართ ეკლესიის კონკურენტები! ყოველ ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს თავისი რწმენა. ყოველი ადამიანი, ფერადკანიანი თუ ინდიელი, მდიდარი თუ ღარიბი, პროფესორი თუ დამხმარე მუშა, დიდი თუ პატარა, ყველა ღვთის შვილია და ეს კათოლიკურ ეკლესიას არ მოსწონს და ამიტომაც არ მოსწონს თავისუფალი მასონობა.”

მასონობა სძულთ ხოლმე, ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე, ისეთ ქვეყნებში, სადაც არაა თავისუფლება. ასეა ფუნდამენტალისტურ ქვეყნებში, ისლამისტურ სახელმწიფოებში, ასე იყო ნაციზმის დროს, ასე იყო ფრანკოს ესპანეთში და ასე იყო საბჭოთა კავშირში, რადგან მასონები ვალდებულად არ თვლიან თავს ისე იფიქრონ, როგორც მთავრობას სურს. მასონური ლოჟები გერმანიაში სრულიად არაპოლიტიკურები არიან - იქ არ შეიძლება პოლიტიკასა და რელიგიაზე, ასევე ბიზნესზე ლაპარაკი, ამტკიცებს რიბენშტაინი და ამბობს, ჩვენ არაპოლიტიზებული ერთობა, ეთიკური კავშირი ვართ, სადაც ჩვენს თავზე ვმუშაობთ, ჩვენი თავის გაუმჯობესებას ვესწრაფვით, ჩვენს თავზე ვფიქრობთ, ჩვენს შეცდომებსა და მათ გამოსწორებაზეო. ასე რომ, სრულიად არაპოლიტიკურ მუშაობას ვეწევითო, გვითხრა რიბენშტაინმა:

“იმაზე ვფიქრობ, საიდან მოვდივარ - ღმერთისგან. და საით მივდივარ - ღმერთისკენ. ეს არის ჩვენი გზა. საქმე ეხება ჩვენს წარმომავლობას. ღმერთიდან ვარ წარმოშობილი, ღვთის შვილი ვარ და მის წიაღში დავბრუნდები, როცა ჩემი სხეული მოკვდება, სული კი დარჩება.”

ზემოთაც ითქვა, რომ რიბენშტაინთან საუბრისას სუფრის მასონურ რიტუალსაც შევეხეთ. ის ამბობს, რომ ლოჟებს თავიანთი, ხანდახან ერთმანეთისგან განსხვავებული, წესრიგი აქვთ:

“ყველა დიდ ლოჟას თავისი რიტუალი აქვს და, შესაბამისად, “სუფრის ლოჟის” წარმართვის განსხვავებული წესი. მაგალითად, ისმება სამშობლოს სადღეგრძელო, გროსმაისტერის სადღეგრძელო, ასევე ძმებისა, რომლებიც გვსტუმრობენ სხვა ქვეყნებიდან თუ ლოჟებიდან. ასევე ვსვამთ ქალების სადღეგრძელოს, რადგან ჩვენი ცოლები გვიყვარს.

როცა მასონები სადღეგრძელოს ამბობენ, ბევრს არ ლაპარაკობენ - ასე, ათამდე წინადადებას იტყვიან.”

მე გერნოტ რიბენშტაინს ავუხსენი, რომ საქართველოშიც ასე სვამენ სადღეგრძელოებს და თამადასაც ვირჩევთ-მეთქი. თამადა მასონებსაც ჰყავთ სუფრაზე:

“არსებობს ტაფელმაისტერი, რომელიც კერძებზე ზრუნავს, არკვევს, რა გვსურს მივირთვათ. მაგრამ არის ცერემონიალმაისტერი, რომელიც სუფრის რიტუალის მიმდინარეობას განსაზღვრავს. და არის კიდევ ერთი, ორატორი, რომელიც განაგებს სადღეგრძელოების სფეროს. ის, თავიდან, სუფრის წევრ ძმებს შორის ამოირჩევს, ვინ რომელ სადღეგრძელოს წარმოთქვამს და ისინიც ამას აკეთებენ შემდგომ. მთქმელები ყოველ ჯერზე იცვლებიან.”

როდის რომელი სადღეგრძელო წარმოითქმის, ეს განსაზღვრულია რიტუალით. როგორც ლოჟის ძველი მაისტერი ამბობს, არა მხოლოდ ლოჟის წესი, უბრალოდ, ზრდილობაც განსაზღვრავს ამ წესებს. ხომ ცნობილია, რაც მიღებულია, გვითხრა მან, განა ყველას შეუძლია,უბრალოდ, წამოხტეს და სადღეგრძელო თქვას, როცა სურს? ასევეა ლოჟაშიცო. მასონები სვამენ ღვინოს და ასევე წყალს. სვამენ საგანგებო ჭიქებით, რომელთაც გერმანულად ჰქვია “კანონე”, რაც ზარბაზანს ნიშნავს. ღვინის ჩამოსხმას კი “დატენას” ეტყვიან მასონები. ამ ჭიქებს - მთელი მიმართულებაა ჭიქის წარმოებაში - ერთიმეორეზე მშვენიერი ორნამენტები აქვთ მასონური სიმბოლიკისა და მაგარი, სქელი ძირი, რადგან თავისუფალი კალატოზები ჭიქის გამოცლის შემდეგ, რიტუალის თანახმად, მას ძლიერად არტყამენ მაგიდას. სუფრაზე ყველას ღვინის ორი ჭიქა უდგას - ერთი სადღეგრძელოსთვის, მეორე კი ისე,უბრალოდ, ღვინის სასმელად. რაც შეეხება ღვინოს, მისი განსაკუთრებული ამორჩევა არ ხდება. ამისთვის, ღვინით ტკბობისთვის, ღვინის რესტორანში შეგიძლიათ წახვიდეთ. ლოჟაში სმას სიმბოლური მნიშვნელობა აქვსო, გვითხრა გერნოტ რიბენშტაინმა, გერმანიის თავისუფალ მასონთა დიდი ლოჟის, ჰამბურგის ლოჟის “სამ ვარდთან”, ძველმა მაისტერმა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG