Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ჰერტა მიულერს მიენიჭა


ჰერტა მიულერი
ჰერტა მიულერი
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წელს რუმინული წარმოშობის გერმანულენოვან მწერალ ქალს, ჰერტა მიულერს, მიენიჭა კომუნისტური ტოტალიტარიზმის პირობებში ცხოვრების აღწერისთვის.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი წელს რუმინეთში დაბადებული გერმანულენოვანი მწერალი ჰერტა მიულერი გახდა. ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე ტოტალიტარიზმის გამხრწნელი გავლენაა ის თემა, რომელიც მწერლის ბევრ ნაწარმოებს გასდევს.

ამ პრესტიჟული, 1.4 მილიონი დოლარის ოდენობის, ჯილდოს შესახებ ხუთშაბათს სტოკჰოლმში შვეციის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა გამოაცხადა:

“ლიტერატურის დარგში ნობელის 2009 წლის პრემია მიენიჭა გერმანელ ავტორს, ჰერტა მიულერს, რომელიც ინტენსიური პოეზიითა და გულახდილი პროზით აღწერს უპოვართა სამყაროს.”

მიულერის პირველი წიგნი - მოკლე მოთხრობების კრებული, სახელწოდებით ”დაბლობი” – 1982 წელს გამოიცა. წიგნი, რომელიც რუმინეთის გერმანულენოვანი სოფლის ცხოვრებას აღწერდა, რუმინეთში ცენზურის მსხვერპლი გახდა.

1984 წელს მაინც მოხერხდა წიგნის სრული, ცენზურაგაუვლელი ვერსიის შეტანა დასავლეთ გერმანიაში, სადაც ის გამოიცა და წარმატებაც ხვდა წილად.

რეპრესიების შიშით, ჰერტა მიულერმა სამშობლო დატოვა და 1987 წელს მეუღლესთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.

ათი წლის წინ მიულერმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების რუმინულ სამსახურს - ამ ინტერვიუში მწერალმა ასე გაიხსენა თავისი პირველი ნაბიჯები:

”რუმინეთში დავიბადე, იქ გავიზარდე და 32 წლის შესრულებამდე იქ ვცხოვრობდი. რუმინეთი როცა დავტოვე, ძალიან რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვიყავი. პირველი წიგნები რუმინულ ენაზე დავწერე. პირველი წიგნი - ”დაბლობი” - რუმინეთის ბანატის რეგიონში ბავშვის მიერ გერმანელების აღქმას გადმოსცემს. ამ და სხვა წიგნების მთავარი თემა დიქტატურაა. მეტი არაფერი ვიცოდი - სხვა არაფერი მქონდა ნანახი.”

ჰერტა მიულერის სხვა ნაწარმოებებს შორის არის ”პასპორტი”, ”შეხვედრა” და ”მწვანე ქლიავების მიწა”. მწერლის ტექსტები ხშირად იმ გავლენას ეხება, რომელსაც ტოტალიტარული სისტემა რიგითი ადამიანების ურთიერთობებზე ახდენს.
”ნიუ-იორკ ტაიმსის” კრიტიკოსმა ”მწვანე ქლიავების მიწა” ასე შეაფასა: ”მთავრობის აღვირახსნილობა მხოლოდ ფონია იმ სისასტიკისა და ღალატისთვის, რომელსაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ ყოველდღიურ ცხოვრებაში ავლენენ - იქნება ეს მეუღლეები, ოჯახის წევრები თუ საუკეთესო მეგობრები.”

ჰერტა მიულერი მიუნხენში განთავსებულ გამომცემლობა ”ჰანსერთან” თანამშრომლობს. გამომცემლობის წრმომადგენელმა, ვოლფგანგ მატცმა, ხუთშაბათს ჟურნალისტებს პრემიის მიღების თაობაზე მწერლის რეაქციის შესახებ მოუთხრო:

”დიახ, მას ველაპარაკე და გაოგნებული იყო. ჩვენ ვიყავით გაოგნებულები და, ცხადია, ეს განცდა თავად მწერლებში კიდევ უფრო ძლიერია. მას უკვე სამი თუ ოთხი წელია ასახელებდნენ და ახლა პრემიაც მიიღო. ეს პატარა პრემია არ არის - პირიქით, ყველაზე მასშტაბური პრემიაა არსებულებს შორის. მაშინაც კი, როცა იცი, რომ შეიძლება დაგაჯილდოონ, ეს როცა ხდება, დაჯერება მაინც გიჭირს.”

მიულერის დაჯილდოებით გამოჩნდა, რომ ჟიურის გადაწყვეტილებაზე გავლენა ვერ იქონია ახლახან გამოთქმულმა მოსაზრებებმა, რომ ის ევროპელ ავტორებს ანიჭებს უპირატესობას.

ჟიურის წევრმა და შვეციის მეცნიერებათა აკადემიის მუდმივმა მდივანმა პეტერ ენგლუნდმა რამდენიმე დღის წინ ჟიურის ”ევროცენტრისტულ” ორიენტაციაზე ისაუბრა. სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ ნობელის კომისია უგულებელყოფს ჩრდილოეთ და სამხრეთამერიკელ ავტორებს. მართლაც, უკანასკნელი15 წლის განმავლობაში, თურქი ორჰან პამუკისა და სამხრეთაფრიკელი ჯონ მაქსველ კუტზეეს გარდა, ყველა ავტორი ევროპას წარმოადგენდა.
ნობელის პრემიების გაცემა პარასკევს გაგრძელდება - ამ დღეს მშვიდობის დარგში ლაურეატი გახდება ცნობილი. ბოლოს, ორშაბათს, ეკონომიკის დარგში დაჯილდოებულის ვინაობას გამოაცხადებენ.

ნობელის პრემიით 1901 წლიდან აჯილდოებენ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმეში და გამორჩეული დამსახურება მიუძღვით ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, ლიტერატურის, მშვიდობის დარგებში. მოგვიანებით ამ სფეროებს ეკონომიკაც დაემატა. პრემიას საფუძველი ჩაეყარა 1895 წელს, როცა შვედმა მულტიმილიონერმა ალფრედ ნობელმა ანდერძით განსაზღვრა თავისი შთამბეჭდავი ქონების უდიდესი ნაწილის გამოყოფა ამ პრემიისთვის.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG