Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 9 ოქტომბერი 2009.


”რეზონანსი” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს რესპუბლიკელ, ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრ ვახტანგ ხმალაძესთან. ის პრეზიდენტის ეკონომიკური ინიციატივების შეფასებას იძლევა. ერთი მხრივ, ხმალაძე ამას ტალიავინის მისიის ანგარიშის ”შედეგად შექმნილი ნეგატიური ფონის გადაფარვად” მიიჩნევს, მეორე მხრივ კი, არჩევნებს უკავშირებს:

”ხელისუფლების რეიტინგი ძალიან დაბალია, წინ კი თვითმმართველობის არჩევნები უდგას. შეიძლება, საპარლამენტო არჩევნებიც 2013 წელზე ადრე გაიმართოს. ხელისუფლება ხედავს, რომ გამარჯვების შანსი არა აქვს და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ეკონომიკურად გაუმართლებელ, მაგრამ პოპულისტურ ნაბიჯს დგამს - ამცირებს რომელიღაც გადასახადების განაკვეთს, აუქმებს გადასახადებს. ის ამით ამომრჩევლის სიმპათიის მოპოვებას ცდილობს.”

”ვერსია”, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე: ”ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას მაშინვე იწყებს, როგორც კი წინა არჩევნების შედეგები ცხადდება. იმას, რასაც ზოგი არჩევნებისთვის მზადებას უწოდებს, ქვეყნის მართვა და მშენებლობა ჰქვია. ყველა ნორმალური და გონიერი ხელისუფლება ასე იქცევა. ოპოზიციაში დაწყებული პროცესი კი უკვე განვლილი და ნაცნობია. ეს ხალხი მზადაა თავიანთი თუ სხვისი მილიონები საკუთარი ძალაუფლების მოსაპოვებლად დახარჯოს. პარტიათა უმეტესობას ადგილობრივი არჩევნები ფეხებზე ჰკიდია.”

”ვერსიაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც მოსალოდნელ არჩევნებზე ამბობს: ”ოპოზიციას არავითარ შემთხვევაში არ ეყოლება ერთი კანდიდატი. ამაზე ხელისუფლება იზრუნებს. პირადად მე ახლავე გეტყვით, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე და არც ჩემს პარტიას ეყოლება სხვა კანდიდატი.” - ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ ”ამ არჩევნებით არაფერი შეიცვლება”. ”ვერსიას” ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი უდასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

”ახალი თაობა” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ოპოზიციის სტრატეგიის შეფასებას სთხოვს: ”თუ ხელისუფლებამ რაღაც შეცდომები დაუშვა, ხალხს საკუთარი პროტესტი მოიყვანს და არა სტრატეგია. მაგრამ, შედეგზე თუ ვილაპარაკებთ, ძველი სტრატეგია, როგორც უკვე ორმა მცდელობამ დაგვანახვა, დიდად შედეგიანი ვერ იქნება. შეიძლება, ოპოზიცია საჯაროდ აცხადებს, რომ იმავე ფორმებს გამოიყენებენ, მაგრამ ამ ფორმების მიმართება როგორი იქნება, სად რა იქნება გამოყენებული ან სად ეგულებათ გამარჯვების ოქროს გასაღები, ამაზეა ლაპარაკი, ეს აქვთ თუ არა ნაპოვნი. ადრე როგორც ამბობდნენ, ეს ოქროს გასაღები ეგულებათ თვითონ სააკაშვილში, რომ ბევრ ხალხს დაინახავს და გაიქცევა, მაგრამ, თუ რაიმე ახალი პრინციპია ნაპოვნი, შეიძლება არ იყოს ნათქვამი და დღევანდელი განცხადებებით მათი სტრატეგიის შეფასება ძნელია.”

ამავე თემას ეძღვნება ინტერვიუ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელ, ყოფილ დეპუტატ ვახტანგ ძაბირაძესთან: ”აქ ლაპარაკია იმაზე, თუ რის გარშემო გაერთიანდება ოპოზიცია და არა ვის გარშემო. სულ არის მიზეზად ის, რომ მემარჯვენეები და მემარცხენეები ვერ გაერთიანდებიან. თუ მემარჯვენეები და მემარცხენეები ვერ ერთიანდებიან, ამით აღიარებენ, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმის პრობლემა არ დგას. თუკი ჩვენი პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოები, დამოუკიდებელი მედია არ არსებობს, ადამიანის უფლებები ირღვევა, მაშინ მემარჯვენე და მემარცხენე რა შუაშია?! მემარჯვენეც და მემარცხენეც დიქტატურის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს. თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ დიქტატურაც არ ყოფილა, ასე გამოდის”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. მას ”საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტი ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG