Accessibility links

logo-print

ქართული და ოსური მხარეები ერთმანეთს ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებენ


ქართული და ოსური მხარეები ერთმანეთს ადამიანის გატაცებაში ადანაშაულებენ. პირველი ინფორმაცია ოსურმა მხარემ გაავრცელა. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, რუსეთის მოქალაქე გრიშა ხუბულოვი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა დაუდგენელმა პირებმა, იარაღის მუქარით, სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, მანქანა დაუწვეს, გაურკვეველ ტერიტორიაზე გადაიყვანეს და სასტიკად სცემეს, მოგვიანებით კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. ქართველი სამართალდამცავებისთვის ოსური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ინციდენტის შესახებ უცნობია.

თავის მხრივ, ქართული მხარე ოსური შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებს სოფელ ქვეშის მცხოვრებ ზურაბ რჩეულიშვილის გატაცებაში ადანაშაულებს. შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რჩეულიშვილი მეზობელი ოსური სოფლის, არცევის, მიმდებარე ტერიტორიიდან ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს. ოსმა სამართალდამცავებმა რჩეულიშვილის დაკავების მოტივად მის მიერ საზღვრის დარღვევა დაასახელეს, მას ახსნა-განმარტება ჩამოართვეს და გაათავისუფლეს.

მოგვიანებით გათავისუფლებულმა რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ იგი საკუთარ ბაღში იმ დროს დააკავეს, როცა ხილს კრეფდა.

ოსური მხარე ქართულ მხარეს სასაზღვრო ზოლთან ახლოს დამატებითი საგუშაგოების გახსნასა და მძიმე ტექნიკის შეყვანაში ადანაშაულებს. პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ბორის ჩოჩიევი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც აკრიტიკებს.

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი ჩოჩიევის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და დამატებითი საგუშაგოების მოწყობას უარყოფს. მისი ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში პოლიციელები “კობრას” დაჯავშნული მანქანებით, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პატრულირებენ.

ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფი უკვე მეორე შეხვედრას აწყობს, რომელზეც მხარეები მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებ ადამიანთა დაუბრკოლებელი გადაადგილების შესახებ მსჯელობენ. მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ სოფლებში რუსი მესაზღვრეები ჩადგნენ, ქართველი და ოსი ნათესავები ერთმანეთთან მიმოსვლას წელიწადზე მეტია ვეღარ ახერხებენ. საკითხი თითქოს დადებითად გადაწყვეტის ფაზაშია, მაგრამ საბოლოო თანხმობას ოსური მხარე იმის გამო აჭიანურებს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღებას ელოდება.
XS
SM
MD
LG